Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში „ომიკრონის“ შემთხვევები მატულობს - რა არ უნდა გამოგრჩეს 3 იანვარს


ეპიდემიური მდგომარეობა საქართველოსა და მსოფლიოში

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში კორონავირუსის ახალი ვარიანტის „ომიკრონის“ შემთხვევების რაოდენობა იზრდება. „თუ 10 დღის წინ გამოგზავნილ შემთხვევებში, ორ ან სამში დასტურდებოდა „ომიკრონი“, ახლა 30 გამოვლენილი შემთხვევიდან ნახევარზე მეტი სწორედ ეს შტამია. ეს ნიშნავს, რომ „ომიკრონის“​ ცირკულაცია ქვეყანაში თანდათანობით იმატებს“, - განაცხადა მან.

ამ დროისთვის „ომიკრონით“ ინფიცირებული 144 ადამიანიდან, მხოლოდ 4 მოხვდა საავადმყოფოში. ოთხივე მათგანს თანმხლები დაავადებები ჰქონდა.

კორონავირუსის ახალი ვარიანტის გამო საავიაციო ქაოსი შეიქმნა მსოფლიოში. ათასობით ავიარეისი გაუქმდა ახალი წლის პირველ დღეს, რადგან ვირუსის შემთხვევები გახშირდა ავიაკომპანიების თანამშრომლებს შორის.

ვებსაიტ Flightaware.com-ის თანახმად, 1 იანვრის შუა დღისთვის გაუქმდა 4600 რეისი, რომელთა ნახევარი აშშ-ზე მოდის.

წაიკითხე მეტი.

დასავლეთში თოვს: შეზღუდვები დაწესდა ალპანა-ცაგერის გზაზეც

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის კმ1-კმ22 მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.

ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

წაიკითხე მეტი.

ისრაელმა იერიში მიიტანა ღაზის სექტორზე, მანამდე ანკლავიდან რაკეტები იქნა გატყორცნილი

ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა იერიში მიიტანეს სამხედრო პოზიციებზე ღაზის სექტორში 1 იანვრის ღამეს. ამას წინ უსწრებდა პალესტინის მხრიდან სარაკეტო იერიში.

ისრაელის სამხედრო უწყებამ 2 იანვარს ტვიტერით გაავრცელა ინფორმაცია, რომ დარტყმა მიაყენა ტერიტორიას, რომელსაც ჰამასი აკონტროლებს ღაზის სექტორიდან გაშვებული ორი რაკეტის საპასუხოდ, რომლებიც ხმელთაშუა ზღვაში ჩაეშვა.

"როცა მთელ მსოფლიოში ფოირვერკებმა ცა გაანათეს ახალი 2022 წლის აღსანიშნავად, ღაზიდან სხვა ტიპის ცეცხლოვანი გასროლა მოხდა - ტერორისტული სარაკეტო ცეცხლის დაშენა ისრაელის მიმართულებით", - განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების უწყებამ(IDF). ისრაელის სამხედრო მოსამსახურეებმა განაცხადეს, რომ არმიამ საპასუხო დარტყმა მიაყენა რაკეტების დამამზადებელ ობიექტს და ჰამასის სამხედრო პოსტს.

წაიკითხე მეტი.

ხალხის აზრი მთავრობაზე, პოლიტიკოსებსა და პანდემიაზე 2021 წელს

2021 წელს, პანდემიის გამო, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები უმეტესად დისტანციურად, ტელეფონით ჩატარდა. თუმცა NDI-სა და IRI-ის წლის დასაწყისსა და ზაფხულში ჩატარებული კვლევები შეიძლება მაინც გამოდგეს იმის დასანახად, რა მოსწონდა, რა სურდა და რა სჭირდებოდა ხალხს გასულ, 2021 წელს.

2021 წლის ივლისში, როცა ზრდასრული მოსახლეობის 10%-ზე ნაკლები იყო აცრილი, 42% ამბობდა, რომ არ ჰქონდა საკმარისი ინფორმაცია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესახებ, 35% მზად იყო აცრილიყო, 56%-მა კი არ იცოდა, როგორ დარეგისტრირებულიყო აცრისთვის. 7% ამბობდა, რომ აიცრებოდა იმ შემთხვევაში, თუკი დამსაქმებელი ამას მოსთხოვდა ან კანონი დაავალდებულებდა. მოსახლეობის მეოთხედი ყველაზე სანდო ვაქცინად "ფაიზერს" ასახელებდა - "ფაიზერი" საქართველოში ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის ხელმისაწვდომი მხოლოდ ზაფხულის მეორე ნახევარში გახდა. ვაქცინაციის პირველ ეტაპზე ხელმისაწვდომი იყო "სინოვაკი", "სინოფარმი" და "ასტრაზენეკა" - სამივე მათგანს მოსახლეობის 10-ზე ნაკლები მიიჩნევდა სასურველ ვაქცინად. მხოლოდ 1 აგვისტოდან ამ დრომდე კორონავირუსმა 7 900-ზე მეტი ადამიანი მოკლა. მათი უმეტესობა აცრილი არ ყოფილა.

მიუხედავად იმისა, რომ 2021 წელს კორონავირუსს 10 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, მოსახლეობის ნახევარზე მეტი ჯანდაცვის სისტემის მთავარ პრობლემად არა კორონავირუსის მართვას, არამედ წამლების მაღალ ფასს და ექიმთან ვიზიტისთვის საჭირო თანხის არარსებობას ასახელებდა.

რა აზრის იყო მოსახლეობა პოლიტიკურ მოვლენებსა და მთავრობის საქმიანობაზე 2021 წელს? წაიკითხე ვრცლად ნასტასია არაბულის სტატიაში.

„პანდემია იყო და ბევრი ხალხი გარდაიცვალა“, „წელს ძაღლი მოვიყვანეთ“, „თითქოს არც ყოფილა ეს წელი“, „მომენატრა ხალხის მომღიმარი სახეები“, „დავიღალე პანდემიისგან“, „კარანტინში ვისწავლე ხატვა“, „ვისურვებდი, რომ იყოს ნაკლები სიძულვილი“, „ვისურვებდი, რომ ყველა ცხოველი დაცული იყოს“ - გაიგეთ, რა სურთ და რას ელოდებიან ბავშვები 2022 წლისთვის.

  • 16x9 Image

    სოფო დათიშვილი

    მულტიმედია ჟურნალისტი, ამზადებს ვიდეოებს Instagram-ის, TikTok-ისა და სხვადასხვა სოციალური მედიაპლატფორმისთვის. მუშაობს საერთაშორისო და ქვეყნის შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2017 წლიდან.

XS
SM
MD
LG