ბათუმის ახალი მოწვევის საკრებულოში ოპოზიციის ინიციატივით დანიშნული სხდომა ვერც დღეს, 30 დეკემბერს ჩატარდა. სხდომაზე კვლავ არ მივიდნენ „ქართული ოცნების“ წევრები და შესაბამისად, ისევ კვორუმის პრობლემა შეიქმნა.
ბათუმის საკრებულოში დღეს დანიშნულ სხდომაზე ოპოზიციიდან 10 წევრი გამოცხადდა - 8 „ნაციონალური მოძრაობის“, 1 „ლელოს“ და 1 „საქართველოსთვის“. კვორუმისთვის სულ მცირე 18 დეპუტატის დასწრებაა საჭირო.
ისევე, როგორც 23 დეკემბერს, დღევანდელი სხდომის ჩატარების ინიციატორი იყო „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც კვლავ მოითხოვდა ორი საკითხის - საკრებულოს თავმჯდომარის არჩევის და ბათუმის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ წინა მოწვევის საკრებულოს მიერ 2021 წლის 26 ნოემბერს მიღებული დადგენილების ბათილად ცნობას. უკვე მიღებული ბიუჯეტის ბათილად ცნობის მოთხოვნას დესტრუქციულს უწოდებენ "ქართულ ოცნებაში" და აცხადებენ, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" პროვოკაციაში ვერ აჰყვებიან.
ბათუმის ახალი მოწვევის საკრებულო, რომელიც უფლებამოსილების შესრულებას 3 დეკემბრიდან შეუდგა, თავმჯდომარის არჩევას ამ დრომდე ვერ ახერხებს. 2021 წლის ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, 35-წევრიან საკრებულოში ერთპარტიული უმრავლესობის შესაქმნელად საჭირო ხმები ვერცერთმა პარტიამ ვერ მოიპოვა. 16 მანდატი მიიღო "ქართულმა ოცნებამ" და საერთო ჯამში, 19 ოპოზიციამ: "ნაციონალურმა მოძრაობამ" - 15, პარტიამ "საქართველოსთვის" - 3 და "ლელომ" – 1.
მას შემდეგ, რაც ექსპრემიერ გახარიას პარტიიდან არჩეულმა ირაკლი თავდგირიძემ „საქართველოსთვის“ დატოვა, ამ პოლიტიკურ ორგანიზაციას ბათუმის საკრებულოში 2 წევრი დარჩა. ნოემბერში, ბათუმში გარდაიცვალა "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, საკრებულოში მაჟორიტარული წესით არჩეული ნუგზარ ფუტკარაძე. მისი ადგილმონაცვლის ასარჩევად რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარდეს.