Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საოკუპაციო ძალებმა სოფელ ლოპანის მიმდებარედ საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს


საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა შიდა ქართლში, ხაშურის მუნიციპალიტეტის ოკუპირებულ სოფელ ლოპანის მიმდებარედ, უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

დაკავებულები არიან: ზაზა ნოდარის ძე მეგრელიშვილი (დაბ.14.09.1971წ.) და თამაზ ზაურის ძე გოგიჩაშვილი (დაბ.30.03.1973წ.) ორივე მათგანი ქარელის მუნიციპალიტეტი სოფელ ავლევში ცხოვრობენ.

დღევანდელი მოცემულობით, სოფელი ლოპანი საქართველოს ოკუპირებულ ნაწილშია მოქცეული.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, უკანონო დაკავების წუთიდან, მიმდინარეობს მუდმივი კომუნიკაცია "ცხელი ხაზით". ასევე, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები.

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად აქტიურად არის ჩართული საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს დროში გათავისუფლებისათვის მიმდინარე აქტივობებში.

უკანონო დაკავებები მნიშვნელოვნად ართულებს საოკუპაციო ხაზსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და საფრთხეს უქმნის ადგილობრივების ყოველდღიურ ცხოვრებას. უკანონო დაკავებებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას", - აღნიშნავენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

საოკუპაციო ძალებმა რამდენიმე დღის წინაც დააკავეს საქართველოს მოქალაქეები. დაკავებიდან რამდენიმე დღეში, 24 დეკემბერს 4-ვე დაკავებული გაათავისუფლეს.

XS
SM
MD
LG