2020 წლის ზაფხულში გარდაიცვალა ვალერი როდოსი - ფილოსოფოსი, ლოგიკოსი, მწერალი, მრავალი წლის განმავლობაში ტომსკის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის სტუდენტების საყვარელი მასწავლებელი, შვილი შინსახკომის (НКВД) გამომძიებლის ბორის როდოსისა, რომელიც იყო ლავრენტი ბერიას უახლოესი თანამშრომელი და რომელმაც პირადად აწამა ისააკ ბაბელი, ვსევოლოდ მეიერჰოლდი, პოლიტბიუროს წევრები კოსიორი და ჩუბარი. ვალერი როდოსმა თავის წიგნში "მე ჯალათის შვილი ვარ" მკითხველს ვრცლად მოუთხრო თავის მამასთან ურთიერთობისა და ოჯახის ისტორიის გადააზრების მძიმე პროცესზე. რადიო თავისუფლება ვალერი როდოსს გარდაცვალებამდე ორი წლით ადრე ესაუბრა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც ის ოჯახთან ერთად საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ცხოვრობდა.
რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის არქივში დაცულია მეიერჰოლდის წერილი, რომელშიც რეჟისორი აღწერს მის წინააღმდეგ გამოყენებულ „გამოძიების მეთოდებს“:
„დამაგდეს სახით იატაკზე. ქუსლებსა და ზურგზე რეზინით მცემდნენ; სკამზე როცა ვიჯექი, იმავე რეზინს მირტყამდნენ ფეხებში. მომდევნო დღეებში, კვლავ მირტყამდნენ რეზინის ხელკეტს შინაგანი სისხლჩაქცევებით დაფარულ ნაცემ ადგილებში... გამომძიებელი სულ მემუქრებოდა: „თუ არ დაწერ, ისევ გცემთ, მხოლოდ თავსა და მარჯვენა ხელს არ შევეხებით, დანარჩენს უფორმო სისხლიანი სხეულის ნაჭრად ვაქცევთ“.
1953 წელს თავად ბორის როდოსი დააპატიმრეს და სამი წლის შემდეგ დახვრიტეს „პირთა ჯგუფთან ერთად ჩადენილი სამშობლოს ღალატისთვის“.
ნახევარი საუკუნის შემდეგ, მისმა ვაჟმა, ტომსკის უნივერსიტეტის ყოფილმა პროფესორმა, რომელიც გარდაცვალებამდე ცხოვრობდა შეერთებულ შტატებში, დაწერა ავტობიოგრაფიული წიგნი შემაძრწუნებელი სათაურით - „მე ჯალათის შვილი ვარ“. ავტორი გულახდილად უყვება მკითხველს თავის ტრავმასა და იმაზე, თუ როგორ სდევნიდა „მამის ჩრდილი“ მთელი ცხოვრების განმავლობაში. ფრაგმენტი ვალერი როდოსის წიგნიდან "მე ჯალათის შვილი ვარ":
„მამა. განა ადვილია ჩემთვის ამის დაწერა? სცადეთ წარმოიდგინოთ, რომ ამ ტექსტში მამაჩემის სახელის ნაცვლად თქვენი მამის სახელია... არა, არა, მესმის, რომ საკითხის ასე დასმაც კი ჩემს მორალურ სიმახინჯეზე მეტყველებს, რომ აზრობრივი ექსპერიმენტის სახითაც კი უმეცრება და დანაშაულია ასე საუბარი... არანაირად, თუნდაც ფიქრითაც კი, არ ვეხები თქვენს პატივცემულ მამებს... მაგრამ დავუშვათ, შემოგთავაზეს როლი და თქვენ ვალდებული ხართ შეისისხლხორცოთ ის, წარმოიდგინოთ! დაძაბეთ გონება! წარმოიდგინეთ? ახლა შეხედეთ თქვენ თავს სარკეში. აი, ასე ვცხოვრობ მთელი ცხოვრება, ზიზღით ვიყურები საკუთარი სულის სარკეში. ვეძებ პარალელებს, მსგავსებებს... ამ ექსპერიმენტიდან თითქოს ჩემი სული ამომეშანთა (ლექსიც კი მაქვს ასეთი: "არ მაქვს სული")"
„მე არ ვარ მწერალი, არც არასოდეს მსურდა მწერლობა“,- ასე უპასუხა ვალერი როდოსმა რადიო თავისუფლების კითხვას, თუ რატომ გადაწყვიტა წიგნის დაწერა, - „მაგრამ მამაჩემის ბედისწერით დაავადებული ვიყავი მთელი ცხოვრება... დავწერე წიგნი და... გამოვჯანმრთელდი. ცდა არ დამიკლია, თუმცა ჩემთვის სულერთია როგორი გამოვიდა წიგნი. გავთავისუფლდი.“
- როგორია თქვენი ყველაზე ნათელი მოგონება მამის შესახებ? როგორი მამა იყო ბორის როდოსი?
- დედა ამბობდა, რომ მამა დიდ დროს ატარებდა თავის საყვარელ უფროს ქალიშვილ ნელიასთან, დაჰყავდა თეატრში, ესაუბრებოდა. მე მსგავსი არაფერი მერგო. არასოდეს ვლაპარაკობდი მასთან, იშვიათად ვხედავდი. ყველაზე ნათელი მოგონებები ფეხბურთს უკავშირდება. ძალიან უყვარდა ფეხბურთი და, როგორც ჩანს, მოსკოვის "დინამოს" მთელ გუნდს პირადად, ხელის ჩამორთმევით იცნობდა. ერთხელ ფეხბურთზე ერთ უზარმაზარ ძიასთან ერთად წავედით. მერე გავიგე, რომ ეს კაცი სახელმწიფო უსაფრთხოების მინისტრი მერკულოვი იყო. და კიდევ დამამახსოვრდა: ფეხბურთს ვთამაშობთ ბინის პაწაწინა დერეფანში და ის ხუმრობით მიბიძგებს ღიპით.
შეიძლება ამას ხშირად აკეთებდა, მაგრამ მხოლოდ ერთი შემთხვევა მახსოვს: მამამ ყველას მოუმზადა საჭმელი. ათქვეფილი კვერცხი და პომიდორი დიდ ტაფაში - დიდი არაფერი კერძია, მაგრამ სამაგიეროდ თვითონ მამამ მოამზადა. ხანდახან ყველასთვის ჭრიდა საზამთროს, რომელსაც ხმით არჩევდა, დაკაკუნებით. დაჭრისას ტეხილ, ბასრ კუთხეებს უკეთებდა, ზევით-ქვევით, შემდეგ გადააგორებდა და გვირგვინის ფორმის ორ ნაწილად იყოფოდა. ალბათ მარტივია საზამთროს ასე დაჭრა, მაგრამ მე თვითონ არასოდეს მიცდია და არც მინახავს.
ბორის როდოსის წერილი შვილს:
„ძალიან მიხარია, რომ უკვე შინ იმყოფები და ჯანმრთელი ხარ. ჩემო გამხდარო, ვალეროჩკა. შენ გყავს დედა, რომელიც ძალიან ღელავდა და ნერვიულობდა შენი ავადმყოფობის დროს, იცოდე, დედას ნუ აწყენინებ, უკვე მოწაფე ხარ და ყველასთვის სამაგალითო უნდა იყო. ეცადე დაეხმარო დედას, არ ანერვიულო, დარწმუნებული ვარ კარგი ბიჭი იქნები. თუ დედა და მამა გიყვარს, ცუდს არაფერს გააკეთებ.
ძვირფასო ვალეროჩკა, ავადმყოფობის დაწყების მომენტიდან სკოლაში სწავლის განახლებამდე მინიმუმ ორი თვე გავა. ამ დროში გვარიანად ჩამორჩები შენს თანაკლასელებს, თუ ყოველდღე სახლში არ იმეცადინებ. სთხოვე დედას და ნელიას, რომ „ბუქსირზე ჩაგიბან“.
აუცილებლად უნდა დაძლიო ჩამორჩენა. ამას ადვილად მიაღწევ, თუ ყურადღებიანი და დამჯერი იქნები და თუ კარგად იკვებები „კაპრიზების გარეშე“. იმედი მაქვს ყველაფერი კარგად იქნება. დამპირდი.
იყავი ჯანმრთელად, ვალეროჩკა, გისურვებ წარმატებებს სწავლაში. ხშირად მომწერე შენს შესახებ: როგორ სწავლობ, ვისთან მეგობრობ, სად დადიხარ.
გამოგიგზავნი, ვალეროჩკა, ახალ ფულს (წერილი დაიწერა 1947 წელს ფულის რეფორმის შემდეგ. - რ.თ.), შენ კი შეაგროვე.
გკოცნი მხურვალედ. შენი მამიკო“.
- ახლა რუსეთში კვლავ ბევრს კამათობენ მონანიებაზე. როგორ ფიქრობთ, იქონიებდა რამე სახის გავლენას რუსეთის ბედზე სტალინიზმის გასამართლება ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის? გამოიწვევდა ეს ზოგადი სახის მონანიებას რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაულისთვის?
- ეს არის მომენტი, როცა არავის ვეთანხმები. ჩემი პოზიცია მარტივია: სადაც ჯალათის თანამდებობა არ არის - იქ ჯალათები არ არიან. ხოლო თუ ვაკანსიას გამოაცხადებთ, იმდენი მოვარდება, რამდენიც დაგჭირდებათ. არა, მონანიება არაფერს უშველის. თუ ახლა, ვთქვათ, პუტინი გადაწყვეტს იმ რეჟიმის სრულად აღდგენას, მოიძებნება იმდენი ჯალათი, რამდენიც საჭიროა. საერთოდ, ალქაჯების ეს დევნა, თანაც მერამდენედ, ხალხისა და მათი შვილების დასჯა სახელმწიფოს დანაშაულისთვის... მოდი, ნუ კი დავანგრევთ ბასტილიებს, არამედ შევწყვიტოთ მათი აშენება. და კიდევ არის ერთი რამ: ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ სტალინის პირადი დანაშაული ძალიან გაზვიადებულია. და ლენინი? მაო? კიმი? პოლ პოტი? დამნაშავეა კომუნიზმის (კრიმინალური) იდეა.საჭიროა დიდი კვლევის ჩატარება: „შრომა და დანაშაული“. დამნაშავეა კი ქირურგი, რომელმაც შეცდომა დაუშვა და პაციენტი გარდაიცვალა? მშენებელი, რომლის აშენებული სახლიც ჩამოინგრა და მის ქვეშ ათასები ჩაიმარხნენ? ჯარისკაცი, რომელიც ხოცავს მისთვის უცნობებ ადამიანებს. საერთოდაც, შეიძლება მივიჩნიოთ ინდულგენციად გამონათქვამი: „მე ჩემ საქმეს ვაკეთებდი?“
ფრაგმენტი ვალერი როდოსის წიგნიდან "მე ჯალათის შვილი ვარ":
„გაზეთები წერდნენ მის შესახებ: "ჯალათი მოწოდებით.” დიახ, რა თქმა უნდა! კომკავშირის მოწოდებით. ის იყო აქტივისტ-კომკავშირელი და მთელი კაცობრიობის უკეთესი მომავლისთვის იდეური მებრძოლი, როცა პარტიამ უხმო ახალ გმირებს ჩეკისტების ყველაზე მეწინავე რაზმში. და ისიც გამოეხმაურა, წავიდა ათიათასობით სხვა ახალგაზრდის მსგავსად. ვინ რა იცოდა ან როგორ მიხვდებოდა, რომელ დაზგასთან უხმობდნენ მათ და რომელ იარაღს დააკავებინებდნენ ხელში. მხოლოდ შემდეგ, ადამიანების საკეპი მექანიზმის შიგნით აღმოჩენის შემდეგ, როგორც კარგმა შემსრულებელმა, როგორც მონდომებულმა ებრაელმა, გამოიჩინა თავი და ბევრს გადაასწრო. დაიპყრო სიმაღლეები იმ გაგებით, რომ ბოლომდე ჩაეფლო სისხლში.”
- თუ გახსოვთ, როგორი რეაქცია ჰქონდა მამათქვენს 1953 წლის მოვლენებზე, სტალინის გარდაცვალებაზე, ბერიას დაპატიმრებაზე? მაშინ ხომ ყირიმში ცხოვრობდით?
- როდესაც დაიწყო კოსმოპოლიტებთან ბრძოლა, პარალელურად კგბ გაწმინდეს ებრაელებისგან. 13 წლის ვიყავი, ყირიმში ვცხოვრობდით, როცა მამა სამსახურიდან გაათავისუფლეს. დიდი ხანი იყო უმუშევარი, დაახლოებით ერთი წელი. მერე დაუკავშირდნენ და გაგზავნეს კიევში რაღაც კურსებზე. მამა გარდაეცვალა, ბაბუაჩემი, ერთ ბინაში ვცხოვრობდით. ჩამოვიდა, მგონი ბოლოს მაშინ ვნახე. ყირიმში იმის გამო აღმოჩნდა, რომ ბერიასა და მერკულოვს შორის ბრძოლაში რაღაც არასწორი პოზიცია დაიკავა. მისმა საყვარელმა ქალიშვილმა, ჩემმა უფროსმა დამ და მისმა უფროსმა ძმამ მითხრეს, რომ მამაჩემს არაერთხელ უცდია თავის მოკვლა. ოჯახისთვის ასე უფრო იოლი იქნებოდა. დაიჭირეს მაშინ, როცა ბერიას ხალხზე ნადირობა დაიწყო.
–მამათქვენმა დიდი „სამსახური“ გაუწია თქვენი გვარის წარმომადგენლებს, როცა ამგვარად გაუთქვა სახელი?
- იყო ასეთი სიმღერა "და თუ სამშობლო გვიბრძანებს გმირობას, გმირი გახდება ნებისმიერი". როცა სამშობლომ ბრძანა, დამსმენები მჭირდებაო, მაშინვე გამოჩნდა მილიონობით დამსმენი. სამშობლომ ბრძანა, ჯალათად იქეციო, გამოჩნდა იმდენი მოხალისე, რამდენიც საჭირო იყო და, შესაძლოა, საჭიროზე მეტიც. ხელს, ფეხს, სიცოცხლეს დავთმობდი იმისათვის, რომ მამაჩემი, მამამისის მსგავსად, მკერავი გამოსულიყო. რომ არ ყოფილიყო ასეთი სოციალური დაკვეთა, მამაჩემი, არცთუ ისე სულელი, ებრაელის შესაძლებლობებით, ალბათ, შეძლებდა გამხდარიყო კარგიც და სასარგებლოც. ერთი ხანობა ვაგროვებდი მათ განცხადებებს: მოლოტოვმა თქვა: "მე რა უნდა მექნა?" კაგანოვიჩმა თქვა: „მიბრძანებდნენ და მეც ვასრულებდიო“, მიქოიანი, ხრუშჩოვი... ალბათ თვითონ სტალინსაც შეეძლო ასე ეთქვა, მაგრამ, რატომღაც, პასუხს მე და ჩემი შვილები ვაგებთ... თუმცა, არ დაგისვამთ ერთი მნიშვნელოვანი კითხვა: ვგმობ თუ ვამართლებ მამას? რა თქმა უნდა, ვგმობ. არ უნდა გამოხმაურებოდა მოწოდებას და არ უნდა შესულიყო ეშმაკის ლეგიონში, თუმცა მთელი ცხოვრება მტანჯავს კითხვა, მე თუ მეყოფოდა (ზუსტად არ ვიცი, რა) წინააღმდეგობა გამეწია მოწოდებისთვის? .. არ ვიცი. ამავდროულად მაქვს მტკიცე რწმენა, რომ ჩვენი ამჟამინდელი მოქალაქეების 95% სიამოვნებით და ნებაყოფლობით შეუერთდება ამ ლეგიონს, განსაკუთრებით ისინი, ვინც ახლა გააფთრებით გმობენ ამ ყველაფერს.