Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ ვადგენთ და ვუმკლავდებით "ომიკრონს" - რა არ უნდა გამოგრჩეს 21 დეკემბერს


„ომიკრონი“ საქართველოშია - ახლა რა ვქნათ?

საქართველოში კორონავირუსის „ომიკრონის“ ვარიანტით ინფიცირების ორი შემთხვევა დაფიქსირდა. ორივე პაციენტი საქართველოს მოქალაქეა მოგზაურობის ისტორიით. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ გუშინ, შემთხვევების გამოვლენიდან ორი დღის შემდეგ დაადასტურა.

"10-მდე შემთხვევას ვიკვლევდით, უმრავლესობაში დადგინდა, როგორც სპეციფიური PCR ტესტებით, ისე სეკვენირებით, რომ ისინი იყო "დელტა" და "დელტა +". ორ შემთხვევაში დავადასტურეთ "ომიკრონის" არსებობა. რამდენჯერმე იქნა გადამოწმებული და ორ შემთხვევაში დადასტურდა. ორივე შემთხვევა არის საქართველოს მოქალაქე, რომელთაც აქვთ მოგზაურობის ისტორია აშშ-სა და ახლო აღმოსავლეთში - დუბაიში. ორივე იზოლირებულია, მიმდინარეობს მათი 26 კონტაქტის კვლევა. ერთ შემთხვევაში გვაქვს 10 კონტაქტი და მეორე შემთხვევაში 16. აქედან 11 გახლავთ უცხოელი, დანარჩენი საქართველოს მოქალაქე", - თქვა ამირან გამყრელიძემ.

მას შემდეგ, რაც 26 ნოემბერს „ომიკრონს“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან მიენიჭა „შემაშფოთებელი“ კვალიფიკაცია, 30 ნოემბერს, საქართველოში მოქმედ ლაბორატორიებს, სადაც პისიარ ტესტირება ტარდება, დაეგზავნა დაავადების კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ შემუშავებული პროტოკოლი.

„პროტოკოლში გაწერილია, თუ როგორ და რანაირად უნდა მიიტანოს ეჭვი ლაბორატორიამ "ომიკრონის" შტამის არსებობაზე. ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნიშანი კი ისაა, რომ სამი გენიდან, „ომიკრონის“ დროს, ერთ-ერთი, S გენი, არის ხოლმე უარყოფითი“, - ამბობს ამირან გამყრელიძე. „ლაბორატორიებს მიეთითათ, რომ სადაც S გენზე იქნება უარყოფითი მაჩვენებელი, ეს ნიმუშები გაიგზავნოს ლუგარის ლაბორატორიაში შემდგომი კვლევებისთვის. შემდგომი კვლევა გულისხმობს გენომის დაშლას, ანუ სექვენირებას და იქ შესაბამისი მუტაციების გაშიფვრას. 12-მდე ნიმუში იქნა გამოგზავნილი ამ ხნის განმავლობაში, სადაც ჩატარდა სექვენირება. სექვენირებას სჭირდება 3-დან 5 დღემდე და ეს არ არის იაფი სიამოვნება, როგორც მუშაობის თვალსაზრისით, ისე ფინანსურად“.

როგორ ხვდება საქართველო კორონავირუსის ახალ ვარიანტს, წაიკითხე ვრცლად ნინო თარხნიშვილის სტატიაში.

პრეზიდენტმა პოლიტიკურ ჯგუფებთან შეხვედრები დაიწყო - რა სტადიაშია ეროვნული თანხმობის ინიციატივა?

ორშაბათიდან საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დაიწყო შეხვედრები პოლიტიკურ ჯგუფებთან ეროვნული თანხმობის საკითხზე. გუშინ ის უკვე შეხვდა „ქართული ოცნების“ ლიდერებს, პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატს, დავით ბაქრაძესა და მეოთხე პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს.

მომდევნო დღეებში დაგეგმილ ნაბიჯებზე დღის ბოლოს განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა.

„ეროვნული თანხმობის პროცესის დასაწყისში პრეზიდენტი უსმენს ყველას, მართავს შეხვედრებს და დაინტერესებულია სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფების მოსაზრებებით, ინიციატივებითა თუ პოზიციებით, ეს ყოველივე არის ერთი მთლიანი ეროვნული თანხმობის პროცესის ნაწილი.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამ პროცესში ჩართულები არიან არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიები, არამედ საზოგადოება და მათ შორის, მსხვერპლთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები", - ვკითხულობთ პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

გუშინ სალომე ზურაბიშვილის მიერ ჩატარებული შეხვედრების შემდეგ კი არაერთხელ წამოიჭრა მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საკითხი. ექსპრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თქვა, რომ ის მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას გეგმავს.

"ვისაუბრეთ არაერთ საკითხზე, რომლის ეთერში განხილვასაც არ ვაპირებ. ბუნებრივია, მათ შორის, იმ მნიშვნელოვან პროცესზე, რომელიც დაიწყო ქალბატონმა სალომემ. მიმაჩნია, რომ ეს არის უაღრესად დროული და ადეკვატური პოზიცია პრეზიდენტის", - თქვა მარგველაშვილმა.

მოქმედ პრეზიდენტთან სააკაშვილის საკითხის განხილვის ფაქტი უარყო მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა, რომელიც გუშინ შეხვედრას ესწრებოდა.

„ვისაუბრეთ რეგიონებში არსებულ პრობლემებზე, გამოწვევებზე. რაღაცნაირად წინასაახალწლო შეხვედრის ფორმატი უფრო იყო, თუმცა, მთლიანობაში ძალიან კარგი ფორმატია. კარგი ფაქტია, რომ პრეზიდენტი და პრეზიდენტის სასახლე გახდეს ერთგვარი საზოგადოების მიზიდულობის ცენტრი.“- თქვა მან.

როგორ წარიმართება ეროვნული შერიგების პროცესი? თვალი ადევნე სიახლეებს ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალი ამბების სექციაში.

ბრალდებიდან ბრალდებამდე - გენერალ კალანდაძის გზა საქართველოსა და უკრაინაში

საქართველოს გენერალური შტაბის ყოფილ უფროსს, ბრიგადის გენერალ გიორგი (გიგი) კალანდაძეს 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

გერმანიაში დაკავებულ მაღალი რანგის ოფიცერს ჯგუფურ დანაშაულში - ადამიანისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და წამებაში ედება ბრალი. დაკავებულს ამ საქმეზე ბრალი წაუყენეს ჯერ კიდევ 2015 წელს, როდესაც ის უკვე უკრაინაში მუშაობდა.

მისი ყოფილი ადვოკატი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ გიორგი კალანდაძე თავს იმთავითვე უდანაშაულოდ მიიჩნევდა და საქმეში არ არსებობდა ბრალის დამადასტურებელი მტკიცებულებები. მანამდე გიორგი კალანდაძე სასამართლომ გაამართლა მისთვის წაყენებულ სხვა არაერთ ბრალთან დაკავშირებით.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 20 დეკემბერს დაადასტურა მანამდე მედიით გავრცელებული ინფორმაცია, რომ გენერალი კალანდაძე გერმანიაში ქართული მხარის მოთხოვნით დააკავეს.

გენერალი 19 დეკემბერს ბერლინის აეროპორტში დააკავეს, როცა ის მეუღლესთან ერთად გერმანიიდან უკრაინაში ბრუნდებოდა.

პროკურატურის ინფორმაციით:

  • 2012 წლის 29 ივლისს, ყოფილი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები - გიორგი კალანდაძე, დავით ახალაია, მეგის ქარდავა და რომან შამათავა რამდენიმე საათის განმავლობაში სასტიკად აწამებდნენ მოქალაქე ელბერტ კობერიძეს, სამხედრო პოლიციის შენობაში.
  • ცემის დროს, ელბერტ კობერიძეს „არაერთხელ დაასხურეს წიწაკის მხუთავი აირი და გაგუდვის ინსცენირების მიზნით, თავზე პოლიეთილენის პარკი ჩამოაცვეს“.
  • კობერიძემ გონება დაკარგა, მაგრამ მისთვის სამედიცინო დახმარებაც კი არ აღმოუჩენიათ -ის „შენობის ერთ-ერთ ოთახში, უმწეო მდგომარეობაში რამდენიმე დღე იმყოფებოდა“.
  • თავისუფლების უკანონო აღკვეთა და წამება მიზნად ისახავდა ელბერტ კობერიძის მიერ ტერორისტული აქტის მომზადების აღიარებას.
  • ელბერტ კობერიძე ზუგდიდში დააკავეს, ხოლო შემდეგ - „ხელბორკილებით ნიღაბჩამოცმული“ ჩამოიყვანეს თბილისში.

ვრცლად, წაიკითხე ლელა კუნჭულიას სტატიაში.

„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტთან აქციას მართავს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაბადების დღეს, „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტთან საპროტესტო აქციას გეგმავს. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ზაალ უდუმაშვილის თქმით, რუსთაველის გამზირი აქციისთვის გადაიკეტება.

გასულ კვირაში მიხეილ სააკაშვილმა გორის ჰოსპიტლიდან მხარდამჭერებს მოუწოდა, რომ აქციაზე შეკრებილიყვნენ.

„ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი ვითარება ვერ აიტანს დაყოვნებას. ამიტომაც, იმისათვის, რომ რეკონსილიაციის პროცესი დაჩქარდეს და რეალური კონტურები შეიძინოს, დაუყოვნებლივ მივაღწიოთ პოლიტიკური რეპრესიების შეწყვეტას და ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელ პოლიტიკურ ცვლილებებს, 21 დეკემბერს ბევრნი უნდა ვიყოთ”,- თქვა მან.

თვალი ადევნე სიახლეებს ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალი ამბების სექციაში.

ოჯახი ეძებს ეკონომისტ რამაზ გერლიანს

ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ეძებენ ეკონომისტ რამაზ გერლიანს, გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის ყოფილ მოადგილეს, "ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის" პრეზიდენტს. ოჯახი არ გამორიცხავს, რომ მისი გაუჩინარება შეიძლება უკავშირდებოდეს სოციალური ქსელებით გავრცელებულ მის განცხადებას, რომელიც პოლიციელთან შელაპარაკებას უკავშირდება.

19 დეკემბერს რამაზ გერლიანმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ პოლიციელმა მისი ყოფილი ოჯახის წევრის (სავარაუდოდ, გულისხმობს ყოფილ მეუღლეს - რ.თ) "დავერბოვკებით" მის სახლში შეღწევა მოახერხა.

"ამ ნაგავმა "პოლიციელმა" ჩემივე ყოფილი ოჯახის წევრის დავერბოვკებითა და გამოყენებით მოახერხა, ჩემს კერძო საკუთრებაში, ჩემს სამუშაო და ჩემი შვილების სამყოფელ სივრცეში ვირთხასავით შემოღწევა...

14 ნოემბერს შეიარაღებული დამხვდა ჩემს ბინაში თავხედურად ცრუ მოტივით დაკითხვა მომიწყო, მომაყენა შეურაცხყოფა... განადგურებული ვარ", - წერდა ის და ვარაუდობდა, რომ აღნიშნული პირი მის შესახებ ინფორმაციას აგროვებდა და ყიდდა [20 დეკემბრის 16:00 საათის მონაცემებით, ეს პოსტი აღარ იძებნება. მიზეზი უცნობია].

წაიკითხე მეტი.

მალაიზიური „ბოინგის“ საქმის ბრალდება აცხადებს, რომ განსასჯელ სეპარატისტებს უკრაინის სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდება სურდათ

ნიდერლანდში მდებარე სასამართლოში, რომელიც უკრაინის დონეცკის ოლქში 2014 წლის 17 ივლისს მალაიზიური სამგზავრო „ბოინგის“ კატასტროფის საქმეს იძიებს, ბრალდების მხარემ ორშაბათს საქმის არსის შესახებ დაიწყო გამოსვლა.

მოელიან, რომ ბრალდება სამი დღის განმავლობაში კონკრეტულ არგუმენტებს წარმოადგენს, ხოლო 22 დეკემბერს პროკურორები სასამართლოს მოახსენებენ, თუ რა სახის სასჯელს ითხოვენ „ბოინგის“ კატასტროფაში თანამონაწილე ოთხი ბრალდებულისთვის. ესენი არიან: რუსეთის მიერ მხარდაჭერილი დონბასელი სეპარატისტების ყოფილი მეთაური იგორ სტრელკოვი (გირკინი) და სამი მისი ყოფილი ხელქვეითი - რუსეთის ორი და უკრაინის ერთი მოქალაქე. არცერთი ბრალდებული არ ესწრება ნიდერლანდში მიმდინარე სასამართლო პროცესს და მათ დაუსწრებლად ასამართლებენ.

ორშაბათს გამოძიებამ კვლავ წარადგინა მტკიცებულება, რომ „ბოინგი“ სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან სისტემა „ბუკ“-ის იმ რაკეტით ჩამოაგდეს, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთიდან ჩაიტანეს და ადრე რუსეთის არმიის შეიარაღებაში იყო. მოწმეთა ჩვენებების გარდა, მტკიცებულებად წარმოდგენილი იქნება ბრალდებულების სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, „ბოინგის“ ნამსხვრევების შესწავლის ოქმები და სისტემა „ბუკის“ გადაადგილების დამადასტურებელი ფოტო და ვიდეო-ჩანაწერები.

წაიკითხე მეტი.

5 ათასი 3 წელიწადში - ჩეჩნეთში ხალხი უკვალოდ იკარგება

ბოლო 3 წელიწადში ჩეჩნეთში უგზო-უკვლოდ 5 ათასამდე ადამიანი გაუჩინარდა. ამ ინფორმაციას რუსეთის საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი“ რუსეთის შსს სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

5 ათასი ადამიანი 3 წელიწადში ძალიან დიდი რიცხვია, მით უფრო, რომ ჩეჩნეთის მოსახლეობა მილიონ ნახევარიც კი არ არის. რომ შევადაროთ, ამ მომენტისთვის, საქართველოში 1990-იანი წლებისა და 2008 წლის კონფლიქტების შედეგად, 2 343 სამხედრო და სამოქალაქო პირი ითვლება დაკარგულად.

5 000 დაკარგულიდან 1700 ადამიანი 2020 წელს გაუჩინარდა, მათგან მხოლოდ ოცდაათამდე იპოვეს. 2021 წლის 9 თვის მონაცემებით კი დაკარგულია 1659 ადამიანი. ჩეჩნეთმა „სახელი გაითქვა“ იმითაც, რომ რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით, აქ დაკარგულებს ყველაზე იშვიათად პოულობენ.

ჩეჩნური ოპოზიციური ტელეგრამ არხის, 1ADAT-ის ინფორმაციით, ამ ზაფხულს ჩეჩნეთში მინიმუმ 212 ადამიანი გაიტაცეს. მაგალითად, 22 ივნისს სოფელ ჩირი-იურტიდან ძალოვნებმა 10 ახალგაზრდა წაიყვანეს.

სად ქრებიან ადამიანები ჩეჩნეთიდან? წაიკითხე თეა თოფურიას სტატიაში.

სიყვარული, მომავალი, გზა, ფული, ჯანმრთელობა, ჯადოს მოხსნა, ავი თვალი ... მკითხავთან ზოგი ბედის შესაცვლელად, ზოგი სამკურნალოდ და ზოგიც გასართობად მიდის.

  • 16x9 Image

    სოფო დათიშვილი

    მულტიმედია ჟურნალისტი, ამზადებს ვიდეოებს Instagram-ის, TikTok-ისა და სხვადასხვა სოციალური მედიაპლატფორმისთვის. მუშაობს საერთაშორისო და ქვეყნის შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2017 წლიდან.

XS
SM
MD
LG