Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მზაობა და წინაპირობები დიალოგისთვის - რა არ უნდა გამოგრჩეს 17 დეკემბერს


სალომე ზურაბიშვილის თქმით, პროცესი უნდა დაიწყოს წინაპირობების გარეშე - თვით შერიგებაც ვერ იქნება წინაპირობა

ორბელიანის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ეროვნული თანხმობის პროცესის დაწყების შესახებ გააკეთა განცხადება. წვეულებაზე, სადაც პოლიტიკური პარტიები იყვნენ მიწვეული, პრეზიდენტმა თქვა, რომ ყველაფერი საწყის ეტაპზეა და მას ჯერ ჩამოყალიბებული გეგმა არ აქვს. მან აქვე დაამატა:

„ეს არის ღია პროცესი, რომელიც უნდა იყოს ყველას ჩართულობით და პირველი ეტაპი ამ პროცესის უნდა იყოს მოსმენა“.

მისი განმარტებით, პროცესი უნდა დაწყოს წინაპირობების გარეშე, ვინაიდან წინაპირობები გააჩენს პოლარიზაციისა და დაპირისპირების საფუძველს, რაც პროცესს ჩიხში შეიყვანს.

მოქმედ პრეზიდენტს საღამოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა და ზურაბიშვილის გამოსვლას ვითარების ზუსტი და ობიექტური დახასიათება უწოდა.

„ამის თქმას ნამდვილად დიდი გამბედაობა სჭირდებოდა და დღეს სალომე ზურაბიშვილმა ეს თვისება უდავოდ გამოაჩინა. მიუხედავად იმისა, რომ მიმაჩნია, რომ ქვეყნის გათავისუფლების და წინსვლის მთავარი გასაღები თანმიმდევრულ და მშვიდობიან სახალხო პროტესტშია, ამის პარალელურად, ჩემი ციხის საკნიდან მივესალმები დიალოგის შეთავაზებას“, - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის წერილში, რომელიც ექსპრეზიდენტის ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

ზურაბიშვილმა გუშინ მადლობა „ქართული ოცნების“ ლიდერის ირაკლი კობახიძისგანაც მიიღო, რომლის შეფასებითაც ეს ინიციატივა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. თუმცა კობახიძისთვის წინაპირობა უკვე არსებობს.

„ჩვენი პოზიცია არის ის, რომ ნებისმიერ შერიგებას საფუძვლად უნდა ედოს სამართლიანობა. სამართლიანობაში იგულისხმება ის, რომ უნდა შეფასდეს, მათ შორის, კონკრეტული პოლიტიკური ძალების წარსული, დღევანდელობა და მათი სამომავლო პერსპექტივა. ამის მიხედვით, რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია, გავაგრძელოთ ურთიერთობა ამა თუ იმ პოლიტიკურ პარტიასთან“, - თქვა მან.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

2013 წლის 17 მაისის ლგბტ აქციის დარბევის საქმეზე ევროპულმა სასამართლომ საქართველოს 193 500 ევროს გადახდა დააკისრა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „უპრეცედენტო“ უწოდა 2013 წლის 17 მაისს თბილისში ლგბტ დემონსტრანტების წინააღმდეგ მიმართულ ძალადობას და 193 500 ევროს გადახდა დააკისრა საქართველოს, რომლის „ხელისუფლების მდუმარე თანხმობითაც“ მოხდა აღნიშნული ძალადობა ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს.

„სასამართლომ კერძოდ დაადგინა, რომ (საქართველოს ხელისუფლებამ) არ გაატარა ზომები ბრბოსაგან ლგბტ დემონსტრანტების დასაცავად, მიუხედავად იმისა, რომ ინფორმირებული იყო ამ მოვლენასთან დაკავშირებით არსებული საფრთხის შესახებ. ამას გარდა, არსებობს მტკიცებულებები, კერძოდ დამოუკიდებელი ჟურნალისტების ვიდეოჩანაწერები, რომლებიც ადასტურებს ხელისუფლების მხრიდან ხელის არშეშლას ძალადობის აქტების მიმართ“, - ნათქვამია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

2013 წლის 17 მაისს, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, თბილისში პუშკინის სკვერში შეკრებილ ლგბტ თემის წევრებს სასულიერო პირების თანხლებით ათასობით მონაწილე დაუპირისპირდა. ისინი სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფა აყენებდნენ სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლებს და აქტივისტებს. შეხლა-შემოხლის დროს, რაზეც პოლიცია ვერ ახდენდა რეაგირებას, აქციის რამდენიმე მონაწილე დაშავდა.

წაიკითხე მეტი.

ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის დეტალები - ზღვარი ინტერესსა და უფლებებს შორის

ბოლო დროს საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ თითქმის ყოველდღე ვისმენთ სიახლეებს. ექიმები საუბრობენ როგორც მის ფიზიკურ, ასევე ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. პაციენტის ანამნეზი საჯაროდ არაერთხელ გამჟღავნდა, რაც ჩვეულებრივ კონფიდენციალური ინფორმაციაა, თუმცა რამდენად ირღვევა კანონი პაციენტ სააკაშვილის შემთხვევაში, ამის გასარკვევად ექიმებსა და იურისტებს მივმართეთ.

„რა თქმა უნდა, არცერთ ექიმს არ უხარია პაციენტის მდგომარეობის შესახებ საუბარი“, - გვეუბნება მარიამ ჯიშკარიანი, ფსიქიატრი, ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელი. ის რამდენიმე კოლეგასთან ერთად, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების ინიციატივით სწავლობს და აფასებს გორის სამხედრო ჰოსპიტალში მყოფი პაციენტისა და პატიმრის, საქართველოს ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და მკურნალობის ხარისხს.

ყველაზე ხშირად სწორედ მას და მის კოლეგებს უწევთ ჟურნალისტებთან მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საუბარი. ამბობს, რომ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, გარდა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა, რის გამოც შესაძლოა ექიმებს პაციენტი ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის დეტალების გამჟღავნება უწევდეთ, არის ის დეზინფორმაცია, რასაც, მარიამ ჯიშკარიანის სიტყვებით, ეწევა ხელისუფლება და მათ მიერ შექმნილი ექიმთა კონსილიუმი.

იმას, რომ მიხეილ სააკაშვილს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დეტალების გამჟღავნების შესახებ, ამ ეტაპზე, პრეტენზიები არ აქვს, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ადასტურებს მისი ადვოკატი შოთა თუთბერიძეც. როგორც ის გვეუბნება, მართალია, უკანასკნელ პერიოდში, იმაზე გაცილებით მეტი დეტალი მჟღავნდება მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ვიდრე ეს ადრეულ ეტაპზე ხდებოდა, მაგრამ ამბობს, რომ ამის თაობაზე, პატიმარ ექსპრეზიდენტს შენიშვნები არ აქვს.

ირღვევა თუ არა საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლება, როდესაც ექიმები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დეტალების შესახებ პირდაპირ ეთერში ლაპარაკობენ? ათანხმებენ თუ არა ექიმები მიხეილ სააკაშვილთან, რის შესახებ და რა ფორმით ილაპარაკებენ ჟურნალისტებთან? წაიკითხე ვრცლად ნინო თარხნიშვილის სტატიაში.

პარლამენტში იუსტიციის მინისტრს ელოდებიან

მინისტრის საათის ფარგლებში ამჯერად პარლამენტში იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე მიდის. საშემოდგომო სესიის დახურვაზე ბრეგაძე გაწეული სამუშაოს ანგარიშს წარადგენს.

იუსტიციის მინისტრის მისამართით ბოლო დროს კითხვების უმრავლესობა ჩნდებოდა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის საკითხთან დაკავშირებით.

უწყების მიერ გავრცელებული კადრები, სადაც სააკაშვილის გადაყვანის პროცესი ჩანდა რუსთავის ციხიდან გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში, სახელმწიფო ინსპექტორის დასკვნაში მოხვდა. მასში ნათქვამია, რომ იუსტიციის სამინისტრომ და პენიტენციურმა სამსახურმა პერსონალური მონაცემების შესახებ კანონი დაარღვიეს და ჯარიმაც დაეკისრათ.

როგორი იქნება გაწეული სამუშაოს ანგარიში და რა კითხვებზე მოუწევს რატი ბრეგაძეს პასუხების გაცემა ამჯერად, ამის შესახებ სიახლეებს თვალი ადევნე რადიო თავისუფლების ახალი ამბების სექციაში.

ჩხიკვაძის სარჩელი სტრასბურგში იგზავნება. დე ფაქტო კაგებე მას სამხედრო დანაშაულთან აკავშირებს

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის წინასწარი დაკავების იზოლატორში მოთავსებული მამუკა ჩხიკვაძის მიმართ სისხლის სამართლის საქმე ჯერ აღძრული არ არის. ამის შესახებ „ეხო კავკაზას“ დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენელმა ეგორ კოჩიევმა უთხრა.

კოჩიევი ინციდენტების პრევენციის მოლაპარაკების ფორმატში ოსური მხარის ხელმძღვანელია. მისი თქმით, გავრცელებული ინფორმაცია, ჩხიკვაძის მიმართ არაადამიანური მოპყრობისა და ფიზიკური ზემოქმედების შესახებ, სიცრუეა.

როგორც დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ინციდენტების პრევენციის ფორმატში, ეგორ კოჩიევმა „ეხო კავკაზასთან“ ინტერვიუში განაცხადა, საქართველოს მოქალაქე მამუკა ჩხიკვაძე ცხინვალის მახლობლად მდებარე ქართული სოფელ ნიქოზის მიდამოში სახელმწიფო საზღვრის დარღვევის დროს დააკავეს. მისი თქმით, ჩხიკვაძემ ეს შეგნებულად გააკეთა.

ანტისაოკუპაციო მოძრაობამ მამუკა ჩხიკვაძის გათავისუფლების მოთხოვნით უკვე მოამზადა სარჩელი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გასაგზავნად. დავით ქაცარავა აცხადებს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ეფექტიანი კონტროლის განმახორციელებელი მხარე რუსეთის ფედერაციაა, ამიტომ ქართველი სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლეზე პასუხისმგებლობა მას ეკისრება, სტრასბურგმა კი გადაწყვეტილება სწრაფად უნდა მიიღოს.

წაიკითხე მეტი გოგა აფციაურის სტატიაში.

საქართველოში მოქმედი სამი კომპანია აშშ-ის სანქციათა სიაში მოხვდა

ვაშინგტონი იღებს ზომებს, რათა რამდენიმე ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან, ირანის სამხედრო პროგრამებში არ მოხვდეს აშშ-ის პროდუქცია, - ამის შესახებ ნათქვამია 16 დეკემბერს აშშ-ის ვაჭრობის სამინისტროს უსაფრთხოებისა და მრეწველობის ბიუროს (BIS) მიერ სანქციების შესახებ გამოქვეყნებულ შესაბამის აქტში.

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე ამერიკის ვაჭრობის სამინისტრომ „შავ სიაში“ შეიყვანა თურქეთში, მალაიზიაში, საქართველოსა და ჩინეთში მოქმედი 37 ორგანიზაცია, რომლებიც „აშშ-ის საგარეო პოლიტიკას და ეროვნულ უსაფრთხოებას ემუქრებიან“ .

კერძოდ, სიაში შეტანილია საქართველოში მოქმედი სამი კომპანია: Gensis Engineering-ი, რომელიც დოკუმენტში მოხსენიებულია როგორც ქართული და თურქული, ხოლო კომპანიები ROV Solutions-ი და SAEROS Safety ERO Company-ი საქართველოს მიეწერება.

წაიკითხე მეტი.

სექსუალურად მხნე დელფინი და ბრძოლა მაროკოულ კალიებთან - რა ამბებს ინახავს 2021 წლის ტენდერები

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სისტემაში თავმოყრილი ტენდერები, რომლებსაც აქ ნახავთ, ყურადღებას იქცევს არა კორუფციულ გარიგებებზე ეჭვის ან დაუსაბუთებელი ხარჯების გამო, არამედ მათი მოულოდნელი შინაარსით და იმ ამბებით, რომლებსაც ტენდერების საშუალებით მივაგენით.

500 აბი მედიკამენტი დელფინისთვის

ივლისის თვეში ბათუმის დელფინარიუმმა 550 ლარის ღირებულების მედიკამენტის ყიდვის თხოვნით მიმართა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს. დელფინარიუმი სააგენტოს საქმის კურსში აყენებდა, რომ მათი ერთ-ერთი ბინადარი სექსუალურად იმდენად ჰიპერაქტიული იყო, რომ აგრესიულად იქცეოდა და სხვა დელფინებს აზიანებდა სექსუალური კავშირისას, „იქმნება შოუს ჩაშლის საფრთხეც“, - ეწერა განაცხადში. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ დელფინარიუმს ნება დართო, რომ დელფინისთვის საჭირო მედიკამენტის 500 აბი შეეძინა ამ და სხვა დროისთვის გამოსაყენებლად.

დელფინი, რომლის გამოც დელფინარიუმს დამამშვიდებელი მედიკამენტების მომარაგება დასჭირდა, ბათუმის დელფინარიუმში უკვე 10 წელია ცხოვრობს და ახლა თავს მშვენივრად გრძნობს. აგრესიული სექსუალობა დიდი ხნის წინ გამოავლინა და ამიტომ მისთვის პრეპარატებს ყოველწლიურად ყიდულობენ. დელფინს სურვილების გასანელებლად აბებს საკვებთან ერთად აძლევენ და, როგორც ამბობენ, ამ მკურნალობის კურსის გასვლის შემდეგ ის ნაკლებად უხეშად იქცევა.

2000 ლარი პოლიციელების გენერატორის შესაკეთებლად

დეკემბერში შინაგან საქმეთა სამინისტრომ შესყიდვების სააგენტოს მისწერა, რომ 2295 ლარი სჭირდებოდა დიზელ-გენერატორის შესაკეთებლად და თანაც, რაც შეიძლება სწრაფად. როგორც აღმოჩნდა, სამცხე-ჯავახეთში, ციხისჯვრის პოლიციის განყოფილება ისეთ მიუვალ ადგილზეა, სადაც დენის ხაზები არ გადის. პოლიციელები მილსადენების დაცვის დეპარტამენტიდან სუფსის ნავთობის ტერმინალის, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის, ბაქო-თბილისი-ერზრუმის სამხრეთკავკასიური გაზსადენისა და მათი ინფრასტრუქტურის ობიექტებს იცავენ. რომ არა Wilson-ის ფირმის 500კვტ სიმძლავრის დიზელ-გენერატორი, პოლიციელების მუშაობა შეუძლებელი იქნებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ თანხმობა გენერატორის შესაკეთებლად მისი მწყობრიდან გამოსვლიდან რამდენიმე დღეში მიიღო. გენერატორი 30 ნოემბერს დაზიანდა, 6 დეკემბერს ის მინისტრის კურატორი მოადგილის თანხმობით შეაკეთეს და შესყიდვების სააგენტომ პოსტ ფაქტუმ გასცა თანხმობა.

წაიკითხე მეტი ნასტასია არაბულის სტატიაში.

სასამართლომ არ დააკმაყოფილა ადვოკატების, ანა არგანაშვილისა და ანა აბაშიძის, სარჩელი უვადო "მწვანე პასპორტის" წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილებას (კოვიდგადატანილებისთვის გაიცეს უვადო "მწვანე პასპორტი") საკოორდინაციო საბჭოს წევრების ნაწილიც ეწინააღმდეგება, სასამართლომ მოსარჩელეებს "მეცნიერულად დასაბუთებული არგუმენტაცია" მოსთხოვა. რას აპირებენ ადვოკატები? გააგრძელებენ თუ არა ბრძოლას უვადო პასპორტების წინააღმდეგ? ამ კითხვებით ანა არგანაშვილს მივმართეთ.

  • 16x9 Image

    სოფო დათიშვილი

    მულტიმედია ჟურნალისტი, ამზადებს ვიდეოებს Instagram-ის, TikTok-ისა და სხვადასხვა სოციალური მედიაპლატფორმისთვის. მუშაობს საერთაშორისო და ქვეყნის შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2017 წლიდან.

XS
SM
MD
LG