Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

WHO: "ომიკრონით" ინფიცირებულთა რაოდენობა 2-3 დღეში ერთხელ ორმაგდება


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) გაფრთხილება გამოაქვეყნა მსოფლიოში კორონავირუსის ახალი ვარიანტის სწრაფი გავრცელების შესახებ. „ომიკრონით“ დაავადება უკვე 77 ქვეყანაში გამოვლინდა, ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა კი ყოველ ორ-სამ დღეში ორმაგდება. ამის შესახებ WHO-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა დევიდ ნაბარომ განუცხადა მედიას.

მისი თქმით, „ომიკრონთან“ დაკავშირებული ვითარება „რვაჯერ უფრო სერიოზული იქნება ერთ კვირაში და 40-ჯერ უფრო სერიოზული - ორი კვირის შემდეგ“. რომც დადასტურდეს „ომიკრონის“ შტამის დაბალი ლეტალურობა, ვირუსის სწრაფი გავრცელება „შეარყევს“ ჯანდაცვის სისტემას, მიაჩნია WHO-ს წარმომადგენელს. ასეთ პირობებში მხოლოდ დიდი იღბლიანობის შემთხვევაში შეიძლება მაღალი სიკვდილიანობის თავიდან აცილება. ნაბაროს თქმით, ის არასოდეს ყოფილა ისე შეშფოთებული COVID-19-ის გამო, როგორც ახლა. ამასთან დაკავშირებით ის გამოვიდა მოწოდებით, გაგრძელდეს ვაქცინაცია, მათ შორის ბუსტერების გამოყენება, ასევე გამონაკლისის გარდა ყველა ადამიანს შორის შემცირდეს სოციალური კონტაქტები.

ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის მეცნიერთა კვლევამ აჩვენა, რომ „ომიკრონი“ ადამიანის ბრონქებში 70-ჯერ უფრო სწრაფად მრავლდება კორონავირუსის ამოსავალ „დელტა“ შტამთან შედარებით.

ევროპის კომისიის პრეზიდენტის, ურზულა ფონ დერ ლაიენის თქმით, იანვარში „ომიკრონი“ შეიძლება დომინანტი გახდეს ევროპაში.

XS
SM
MD
LG