Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახაბერ ნათაძეს და ვლადიმერ კანიაშვილს ცხინვალის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა


საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში უკანონოდ დაკავებულ საქართველოს ორ მოქალაქეს, კახაბერ ნათაძეს და ვლადიმერ კანიაშვილს ცხინვალის სასამართლომ 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. როგორც სუს-ის პრესსამსახურში გვითხრეს, მათ ინფორმაცია „ცხელი ხაზით“ მიიღეს. ორივე მოქალაქე 10 დეკემბერს ოკუპირებულ სოფელ წინაგრის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა საქართველოს დაკავებული მოქალაქეების შესახებ ინფორმაცია დღეს, 15 დეკემბერს, გაავრცელა. მისი ინფორმაციით, 1977 წელს დაბადებული კახაბერ ნათაძე და 1983 წელს დაბადებული ვლადიმერ კანიაშვილი დასახლება ღდულეთის შემოგარენში, ახალგორის რაიონში, დე ფაქტო საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. ისინი გორის მცხოვრებლები არიან.

დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის ცნობით, ნათაძის და კანიაშვილის მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმეები, რომლებიც ითვალისწინებს საზღვრის უკანონო გადაკვეთას, ამასთან, ერთ-ერთ მათგანს (ვინაობა დაზუსტებული არ არის) ბრალად, ასევე ედება ნარკოტიკული საშუალების (მარიხუანის) კონტრაბანდა.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის, ყოფილი ჯარისკაცის მამუკა ჩხიკვაძის დაკავების შესახებ 12 დეკემბერს გახდა ცნობილი.

XS
SM
MD
LG