Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლომჯარიას არ აქვს მტკიცებულებები, რომ სააკაშვილს ამ ეტაპზე საზღვარგარეთ მკურნალობა სჭირდება


საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ამბობს, რომ მას არ აქვს შესაბამისი მტკიცებულებები, რაც ათქმევინებდა, რომ პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მკურნალობა საზღვარგარეთ უნდა გაგრძელდეს. ნინო ლომჯარიას მიხეილ სააკაშვილის შესახებ ყოველწლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ ჰკითხეს.

"საზღვარგარეთ სამკურნალოდ წაყვანაზე უნდა არსებობდეს ექიმთა დასკვნა. თუ ისინი იტყვიან, რომ მას აქვს ისეთი ჯანმრთელობის პრობლემები, რომელთა რეაბილიტაცია შეუძლებელია ციხის პირობებში და გაიცემა შესაბამისი რეკომენდაცია, შეიძლება ამაზე ვისაუბროთ. თუმცა ამ ეტაპზე, ბოლო ვიზიტის შემდეგ, ასეთი რამ ჩემი კონსილიუმის ექიმების მხრიდან არ თქმულა. თუმცა, საინტერესოა, ვნახოთ და შევაფასოთ, რა ვითარებაა. წინასწარ ვერაფერს ვიტყვი.

რა თქმა უნდა, თუ პაციენტს აქვს ისეთი მდგომარეობა, რომლის რეაბილიტაცია საქართველოში, მისი სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, ესეც შეიძლება იქნას განხილული. თუმცა მე ამ წუთას არ მაქვს მტკიცებულებები, რაც მათქმევინებდა, რომ ეს საჭიროება არსებობს", - თქვა ლომჯარიამ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი 20 ნოემბრის შემდეგ, შიმშილობის 50 დღის გასვლის შემდეგ გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს და იქ გადის შიმშილობის შემდეგ რეაბილიტაციას. ციხის კლინიკიდან მისი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მომხრე იყო სახალხო დამცველიც. სწორედ მისი დასკვნა გაითვალისწინა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ, რომელშიც სააკაშვილის ადვოკატებმა გააგზავნეს სარჩელი.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი საქართველოში სექტემბრის ბოლო რიცხვებში, თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს, არჩევნების წინა დღეს დააკავეს და ამ დროიდან შიმშილობა გამოაცხადა.

მისი ადვოკატები და მკურნალი ექიმები აცხადებდნენ, რომ შიმშილობის შემდგომი გართულებების თავიდან ასარიდებლად აუცილებელი იყო სააკაშვილის მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა, ხელისუფლება კი ამბობდა, რომ მას გადაიყვანდნენ გლდანის ციხის ტერიტორიაზე არსებულ კლინიკაში, თუ სამედიცინო ჩარევა დასჭირდებოდა. ასეც მოიქცა ხელისუფლება 8 ნოემბერს.

გლდანში გადაყვანისა და სტრასბურგის სასამართლოს მოწოდების შემდეგ სააკაშვილმა თქვა, რომ მზად იყო შიმშილობა შეეწყვიტა, თუ მას სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაიყვანდნენ შიმშილობის შემდგომი პერიოდის მკურნალობისთვის. ასეც მოიქცა ის მას შემდეგ, რაც გორის ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ახლა მისი ადვოკატები და ოჯახის წევრები ამბობენ, რომ შესაძლოა სააკაშვილს რეაბილიტაციის გავლა საზღვარგარეთ დასჭირდეს.

XS
SM
MD
LG