„აღვირახსნილები“ - ასე მიმართა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ჟურნალისტს, რომელიც ცდილობდა მინისტრისგან მოესმინა პასუხი, რატომ არ მიეცა ტელევიზიის გადამღებ ჯგუფს 8 დეკემბერს მინისტრის ბრიფინგზე შესვლის საშუალება.
„თქვენ ხართ კრიტიკული მედია? თქვენ ხართ აღვირახსნილები“, - უთხრა კულტურის მინისტრმა ჟურნალისტს.
როგორც „ტვ პირველში“ აცხადებენ, საქართველოს კულტურის სამინისტროში 8 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე "ტვ პირველის" გადამღები ჯგუფი არ შეუშვეს.
ტელეკომპანიის განცხადებით, სამინისტროს ადმინისტრაციის თანამშრომელი ამბობს, რომ მან წინასწარ იცის, ვინ უნდა შეუშვას სამინისტროს შენობაში:
„ასე არ გავუფრთხილებივართ რომ არ შემოუშვათო, მაგრამ სია გვაქვს ვინც უნდა შევიდეს. მე როგორც ვიცი ტვ პირველი არ უნდა შევიდეს…”, - ადმინისტრაციის თანამშრომლის ციტატას ტელეკომპანია „ტვ პირველი“ ავრცელებს.
ტელეკომპანია "ტვ პირველი" არ არის ერთადერთი მედიასაშუალება, რომელიც აცხადებს, რომ თეა წულუკიანის კულტურის მინისტრად დანიშვნის შემდეგ, მედიას უწყებასთან კომუნიკაცია უჭირს.
ონლაინ გამოცემა "პუბლიკას" ჟურნალისტი ლიკა ზაკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მიუხედავად არაერთგზის მცდელობისა, კულტურის სამინისტროსთან ისინი დაკავშირებას ვერ ახერხებენ:
„გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ „პუბლიკა“ თითქმის ყოველდღე ცდილობს მედიასთან ურთიერთობის სამსახურთან კომუნიკაციას. ვურეკავთ, ვწერთ, ვურეკავთ, ვწერთ - მაგრამ უკუკავშირი არ არის. არ გვიგზავნიან ბრიფინგების ანონსებს. არ პასუხობენ წერილებსა და ზარებს! ასე გაგრძელება წარმოუდგენელია. აუცილებელია მედიის მხრიდან ამ დამოკიდებულების გაპროტესტება!“
კულტურის სამინისტროში ბრიფინგზე ტელეკომპანია „მთავარის” და „პირველის” ჟურნალისტები არ შეუშვეს არც 22 ნოემბერს.