Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არ მგონია შესაძლებელი – კოლომინა საქართველოს NATO-ში მე-5 მუხლზე დათქმით შესვლაზე


NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინა აცხადებს, რომ ინიციატივა, საქართველო ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანდეს დათქმით, რომ ხელშეკრულების მე-5 მუხლი ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ გავრცელდება, არ განიხილება.

ინიციატივა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს გაწევრიანების შესახებ, მე-5 მუხლის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთზე გაუვრცელებლობის დათქმით, 2018 წელს ამერიკელმა მკვლევარმა, ლუკ კოფიმ გააჟღერა, 2019 წელს კი NATO-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა ისაუბრა ამ შესაძლებლობაზე თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე. მან თქვა, რომ ესაა გზა, რათა ოკუპირებული ტერიტორიები საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის შემაფერხებელი არ გახდეს.

ხავიერ კოლომინამ საქართველოს ნატოში გაწევრიანების შესაძლებლობებზე ისაუბრა კვლევითი ორგანიზაცია „სტრატეგიისა და განვითარების ცენტრის“ ორგანიზებულ დისკუსიაზე, რომელზეც მოდერატორმა იკითხა, განიხილება თუ არა აღნიშნული ინიციატივა, – რაც ანდერს ფოგ რასმუსენმაც გაახმიანა 2019 წელს. კოლომინამ თქვა, რომ ის ამ შესაძლებლობას ვერ ხედავს და მოცემულ გარემოებებში ამ ვერსიას არც მიიჩნევს სასარგებლოდ.

"პირადად ჩემი პასუხი NATO-ს ყოფილი გენერალური მდივნის, რასმუსენის შეთავაზებაზე არის ცალსახად არა. არ მგონია, რომ ეს შესაძლებელია. სიმართლე ვთქვა, არც კი ვფიქრობ, რომ ეს ამჟამინდელ გარემოებებში სასარგებლო იყოს. NATO მხარს უჭერდა და უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ეს ჩვენი ერთ-ერთი მთავარი გზავნილია არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებისთვის, არამედ მეტოქეების მიმართაც", – თქვა კოლომინამ და დაამატა, რომ ისურვებდა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის კონტექსტში პროგრესს გადაუჭრელ კონფლიქტებთან დაკავშირებით. მან საუბრის დასაწყისში ასევე თქვა, რომ საქართველო ნამდვილად NATO-ს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია და საქართველოსთვის ამჟამინდელი ურთიერთობა კარგია.

ხავიერ კოლომინამ ასევე ახსენა გასულ კვირაში „ეუთოს“ მინისტერიალზე შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან და მის მოადგილე ლაშა დარსალიასთან:

„ვისაუბრეთ ამ საკითხებზე, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში პროგრესის საჭიროებაზე. მაგრამ ჩვენ გვჯერა, რომ უნდა ვეძებოთ მოგვარების საერთო გზები და არა მოკლევადიანი გზები. ეს ჩვენი პოლიტიკა არ არის. მივიჩნევთ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობას უნდა სცენ პატივი და ეს არის ნატო-ს ერთ-ერთი მთავარი გზავნილი“, – განაცხადა კოლომინამ.

NATO-ს ხელშეკრულების მე-5 მუხლის მიხედვით, NATO-ს ნებისმიერ წევრ სახელმწიფოზე თავდასხმა გულისხმობს მის თავდაცვას ყველა სხვა წევრი სახელმწიფოს მიერ. ეს მუხლი კოლექტიური თავდაცვის ზომების ამოქმედებას ითვალისწინებს. ამასთან, ამავე მუხლში აღნიშნულია, რომ სახელმწიფოებმა კოლექტიური თავდაცვის ზომები, მათ შორის, სამხედრო ძალა, მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში უნდა გამოიყენონ.

XS
SM
MD
LG