Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

WHO: „ომიკრონით“ დაავადების შედეგად სიკვდილის შემთხვევები არაა დაფიქსირებული


მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შტამით, „ომიკრონით“ დაავადების შედეგად სიკვდილის არცერთი შემთხვევა არაა დაფიქსირებული. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოაცხადა (WHO).

მანამდე WHO-ის ექსპერტმა მარია ვან კერკჰოვემ CBS-ისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ „ომიკრონით“ ინფიცირებულებს ჯერჯერობით დაავადების უფრო მსუბუქი მიმდინარეობის ტენდენცია შეენიშნებათ. ამავე დროს მეცნიერები და მედიკოსები აცხადებენ, რომ აუცილებელია სიფრთხილის დაცვა, ვინაიდან საქმე ეხება ამ ახალი შტამის გავრცელების მხოლოდ დასაწყისს.

ჯანდაცვის სფეროში WHO-ის საგანგებო ვითარებათა პროგრამის დირექტორის, მაიკლ რაიანის სიტყვებით, ორგანიზაციას კიდევ რამდენიმე კვირა დასჭირდება „ომიკრონის“ შესასწავლად, რათა საბოლოოდ განსაზღვროს, რამდენად გადამდებია ის და რამდენად შეუძლია დაავადების მძიმე ფორმების გამოწვევა.

დღეისთვის ახალი შტამი მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაშია დაფიქსირებული. ის გამოვლენილია აშშ-ის შტატების დაახლოებით ერთ მესამედში, მაგრამ მძიმე ფორმით დაავადების ახალი შემთხვევების უმრავლესობა დაკავშირებულია კორონავირუსის ვარიანტ „დელტასთან“, იტყობინებიან ამერიკელი ინფექციონისტები.

საქართველოში „ომიკრონით“ ინფიცირების შემთხვევები არ დადასტურებულა.

ევროპის დაავადებათა პროფილაქტიკისა და კონტროლის ცენტრი აცხადებს, რომ ნოემბერში გამოჩენილი „ომიკრონი“ მომდევნო თვეებში შესაძლოა გახდეს ევროპაში კორონავირუსით ინფიცირების ყველა შემთხვევის ნახევრის მიზეზი.

მრავალი მთავრობა განმეორებით აწესებს მოგზაურობაზე შეზღუდვებს და სხვა განსაკუთრებულ ზომებს, რათა შეაჩეროს ვირუსის გაჩენა და გავრცელება.

„ომიკრონის“ შტამი ნოემბრის დასაწყისში აღმოჩნდა აფრიკის სამხრეთში. WHO-ის თანახმად, ვირუსის ამ ვარიანტს 32 მუტაცია აქვს - უფრო მეტი, ვიდრე აქამდე ცნობილ ვარიანტებს. ამ ცვლილებების გამო „ომიკრონი“ უფრო გადამდებია.

XS
SM
MD
LG