დედაქალაქის მერის კახა კალაძის განმარტებით, საქართველოს პარლამენტის წინ აღმართული ჯვარი სამომავლოდ შეიცვლება პროექტით, რომელიც, მისივე სიტყვებით, საქართველოს საპატრიარქოსთან ერთად განხორციელდება, 9 აპრილის ტრაგედიის დროს დაღუპულთა სულების უკვდავსაყოფად.
„ველოდებით პროექტს, გვქონდა საუბარი საქართველოს საპატრიარქოსთან, რომ ამ მიმართულებით გარკვეული პროექტი განვახორციელოთ. მათ შორის, 9 აპრილის ტრაგედიის დროს დაღუპულთა სულების უკვდავსაყოფად. ზოგადად, რუსთაველის გამზირს, ამ კონკრეტულ ადგილს ბევრი მძიმე დღე ახსოვს. შესაბამისად, გაკეთდება პროექტი იმისთვის, რომ არასდროს დაგვავიწყდეს ეს დღეები და ეს ადამიანები. ეს კონსტრუქცია ჯერჯერობით იქნება, სანამ ახალი პროექტი განხორციელდება“.
3 დეკემბერს, სამოქალაქო აქტივისტმა ნატა ფერაძემ, სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ პარლამენტის წინ დამონტაჟებულ ჯვარს 4 დეკემბერს მოხსნიდნენ:
"მოვიდა პასუხი თბილისის მერიიდან, ხვალ, პარასკევს, მოხსნიან ჯვარს პარლამენტის წინ".
მოგვიანებით, ნატა ფერაძე მის მიერ გავრცელებულ პოსტს ისევ სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და დაწერა:
"რა თქმა უნდა, მერია არ აპირებს აღებას, ამას რომ ვწერდი, არ ველოდი, რომ ბაბლი ასე დაიჯერებდა, რომ კალაძე სეკულარულ ღირებულებებზე ზრუნავს და ამას გაბედავდა. ბოდიში, ვინც დაიტროლეთ, მაგრამ კიდე ერთხელ გამოჩნდა, სად მივექანებით. კონსტრუქცია დამონტაჟებულია ყველა კანონის უგულებელყოფით და არანაირი უფლება არ აქვს, იდგეს იქ. აგრესიული მრევლის მუქარით დაშინებული კანონმდებელი დუმს".
პარლამენტის წინ რკინის მასიური ჯვარი 5 ივლისს დადგეს "თბილისი პრაიდის" წინააღმდეგ გამოსულმა ჯგუფებმა, რომლებმაც თბილისი პრაიდის ფარგლებში დაგეგმილი "ღირსების მარშის" გაუქმების მიუხედავად, მედიასა და მოქალაქეებზე სხვადასხვა ადგილას იძალადეს.
პარლამენტის წინ გარდა ჯვრის აღმართვისა, ჰომოფობიურმა, სიძულვილის ჯგუფებმა ორჯერ, 5 და 6 ივლისს, ჩამოხსნეს ევროკავშირის დროშაც.