Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოთარ ჭილაძე, რკინის საწოლი


ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით exegi monumenum („ძეგლი ავაგე“), რომელშიც, როგორც წესი, მსოფლიო ლიტერატურის დიდ პოეტურ ნიმუშებზე ვამახვილებთ თქვენს ყურადღებას, ამჟამად გთავაზობთ საუბარს ოთარ ჭილაძის ლირიკულ პოემაზე, „რკინის საწოლზე“, რომელიც ღვთაებრივ გალაკტიონს ეძღვნებოდა. პოემა დატრიალებს მარჯანიშვილის ქუჩას, რომელზეც ტრამვაის ხაზი მთავრდებოდა, სადაც ერთ-ერთ სახლს შუბლზე კოპივით აზის საათი. აქ ლაპარაკობენ ხეები, აქ ლაპარაკობენ ჩიტები და ეს ლაპარაკი ჩვენ არ გვესმის, მაგრამ ესმოდა გალაკტიონს. როგორც მხოლოდ ჰამლეტი ხედავს მამამისის აჩრდილს დედამისის ოთახში, ისე გალაკტიონი ხედავს იმას, რასაც ჩვენ ვერ ვხედავთ. „ლაპარაკობდნენ ხეები ძილშიც“ და ჩვენ გვიყვარს ის, ვისაც ეს ლაპარაკი ესმოდა. გალაკტიონი არ არის ადამიანი, გალაკტიონი მეტია, ვიდრე ადამიანი, იგი არის მედიუმი, დაიმონი, შუამავალი ღმერთსა და ადამიანებს შორის. ოთარ ჭილაძემ გალაკტიონის სამეფოში ღმერთის სიცოცხლეში ვერ შეიხედა, მაგრამ მან ნახა ღმერთის სიკვდილი. პოეზიამ შეიხედა გალაკტიონის ოთახში, რომელიც გამოირჩევა მინიმალიზმით: საწოლი, მაგიდა, სკამი. საწოლი იყო რკინის. რკინის საწოლიდან წამომდგარი პოეტი იწყებს მოგზაურობას მსოფლიო ლიტერატურაში: დანტედან გალაკტიონამდე. ესაა მოგზაურობა გალაკტიონის სულიერ გემოვნებაში. ამ გემოვნების კაცი წერდა სისხლით, იმ „წვენით“, რომლითაც მეფისტოფელთან ხელი მოაწერა ფაუსტმა.

გადმოწერა

XS
SM
MD
LG