სახელმწიფო ვერ ამჩნევს და ვერც ეხმარება ადამიანებს, ვისი არსებობაც ასე თვალშისაცემია. არავინ იცის, რამდენი უსახლკაროა საქართველოში. არც ის, რამდენს სძინავს ქუჩაში.
თენგო, მამუკა და ლიზი
„ზოგი მოდის და მეუბნება - ადე, ხელი გაანძრიე, ფუ, რას გავხარო… განა მე არ მინდა, ხელი გავანძრიო, მარა ვითმენ, სხვა რა გზა მაქვს”, - მეუბნება 51 წლის თენგო.
თითქმის 20 წელია, რაც თენგო უსახლკაროა. ერთხელაც მიხვდა, რომ ქირას ვეღარ იხდის და მას მერე ნამდვილ საწოლში არ უძინია. ციხის ლოგინის გარდა.
თვე-ნახევარია, რაც ღამეს ოპერის „პადზემკაში” ათევს, სადაც ყოველთვის ცოტათი უფრო თბილა, ვიდრე ზემოთ. აქ ოქტომბრის ბოლოსკენ ჩამოდის ხოლმე, როცა ქაშვეთის უკან, „სკამეიკაზე” ძილი შეუძლებელი ხდება - უკვე ნოემბერში თბილისში ჰაერის ტემპერატურა დაახლოებით 8 გრადუსამდე ეცემა.
თენგო ზესტაფონიდანაა. ადრე რუსეთში ცხოვრობდა და ფეხბურთელი იყო, „რა თქმა უნდა, თავდამსხმელი“. ცოლიც ჰყავდა და შვილიც. მერე შვილი დაიღუპა, ცოლსაც დაშორდა და გარეთ აღმოჩნდა. ზესტაფონში დაბრუნება აღარ უნდოდა და თბილისში წამოვიდა.
ბოლო ოცი წლის მანძილზე სულ ქუჩაში არ უცხოვრია. ორჯერ ციხეში იჯდა, „ყაჩაღობისთვის და ძარცვისთვის”, ერთხელ მონასტერში წავიდა. ამასობაში უამრავი სამსახური გამოიცვალა: ძროხაც მოუწველია და აგურებიც დაუგია. ბოლოს ოქროსუბანში სკოლას არემონტებდა. მაგრამ „წნევამ დაარტყა”, დაეცა და მხარი დაიზიანა.
„კაცს აღმართში ქვა დეეწიაო, ისეა ჩემი საქმე, - ამბობს სიცილით, - ორმოცი ლარი მქონდა დღეში. იმის მერე აღარ მიმუშავია. ერთი თვეა, პაჩწი. დღეს გავაკეთე, ძმა, რა მაქ შენთან დასამალი, 27 ლარი... ზემოთ რო სპარია, მანდ ვდგავარ, მოწყალებას ვიღებ. საღამოს ჩამოვდივარ, რო საჭმელი რაღაც, ამათ ვუყიდო და ჩემთვისაც რაღაც გავაკეთო”.
თენგო მარტო არ ცხოვრობს. ორი ძაღლი ჰყავს - 12 წლის მამუკა და 6 წლის ლიზი. ღამე ერთად სძინავთ. ძაღლის სხეულის ტემპერატურა ადამიანისაზე ოდნავ მაღალია. საშუალოდ, 38-39 გრადუსი.
ვიწრო დერეფანში ცივი ორპირი ქარი უბერავს. მე და თენგო ძირს ვსხედვართ. მე - თეთრ პარკზე, რომელშიც მისი საზაფხულო ტანსაცმელი აწყვია, თვითონ კი საწოლზე. ქვის ფილაზე პარალონი აქვს დაგებული, იმის ზემოთ - რეზინის ნოხი, ზემოდან კიდევ ოთხი თხელი პლედი. ღამის პირველი საათი დაიწყო.
რამდენიმე დღეა, ჩაცმის ყველაზე ჩათბილულ „რეჟიმზე” გადავიდა. „დუტის კურტკა” აცვია, ქვემოთ კიდევ 4 თხელი კურტკა და მაისური. მაჩვენებს, რომ ორი ჯვარი კიდია, და მკერდზე ტატუებიც აქვს: ერთი მარიამ ღვთისმშობელი, მეორე გათხაპნილია, თუმცა იქაც ჯვარი მოჩანს.
თენგო აუცრელია და არც აპირებს აცრას. პირველი იმიტომ, რომ ყოველდღე ჭაჭას სვამს - „სპირტს ტყუილად კი არ ისხამენ ხელებზე, ბაქტერიებს კლავსო”. და კიდევ იმიტომაც, რომ მორწმუნეა. მოკლედ, კორონასი არ ეშინია.
„წინა ზამთარს, დამიჯერებ, ვაბშე არაფერი არ მქონია, ისე გავატარე ზამთარი. კურტკა მქონდა, პუხავიკი, აი, გრძელები რომაა და მეტი არაფერი. ჩევიფუთნებოდი, ჩევიყუჩებოდი და იგი მათბობდა. ქუდიც არ მქონდა, - ამბობს თენგო, - მარა წინა ზამთარს არ იყო ისეთი სიცივე, ეხლა რომაა”.
მას ბევრი ისეთი რამე შეუძლია, რაც ერთი შეხედვით წარმოუდგენელია. მაგალითად, ძილისას გამვლელებს ყურადღებას არ აქცევს, ღამით ტუალეტში არ დადის და რაც არ უნდა უჭირდეს, სავაჭრო ცენტრის გახსნას ელოდება. ჰყოფნის 4-საათიანი ძილი - „ჩინეთის ის რო იყო, მაო ძე დუნი, მაგასაც 4 საათი ეძინა ხოლმე”. იმასაც მიეჩვია, რომ ყოველთვის ვერ დაიბანს, როცა მოუნდება.
კვირაში ერთხელ ან ორჯერ გოგირდის აბანოებში დადის, „მეგობარი ნოდარი” ჰპატიჟებს, სარეცხი კი მეორე მეგობართან მიაქვს ხოლმე.
ბალიშები ცოტა ხნის წინ უცნობებმა აჩუქეს, ტანსაცმელიც. საჭმელიც მოაქვთ ხოლმე და, რაც მთავარია, სიგარეტსაც უტოვებენ. ბევრს ეწევა. დღეში, სულ ცოტა, ერთ კოლოფს. თენგოს ადამიანების ეიმედება.
მუდმივი განგაში
- რა სჭირდებათ მათ, ვისაც ქუჩაში სძინავს?
- რანაირად იცვლება მათი ფსიქიკა და ფიზიკური მდგომარეობა მუდმივი დაუცველობისგან, სიცივეში, სიცხეში, წვიმაში ყოფნისგან, ან არასრულფასოვანი კვებისგან?
საქართველოში ამ კითხვებზე პასუხი არავის აქვს.
დიდ ბრიტანეთში მათ, ვისაც გარეთ სძინავთ, “Rough Sleepers-ს” (უხეშად მძინარეებს) ეძახიან. იქ ჩატარებული არაერთი კვლევა აჩვენებს, რომ გამოკითხულ უსახლკაროთა თითქმის ნახევარზე მეტს მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, გარეთ იძულებით ძილის გამო იზრდება ალკოჰოლის და ნარკოტიკების მოხმარების რისკები.
„ამ ადამიანების ფსიქიკა მუდმივი განგაშის რეჟიმშია, - მიხსნის ფსიქოლოგი ანი სუბარი, - ქუჩაში გათენება დიახ, პირდაპირ ზემოქმედებს ფსიქიკაზე... ჩვენ მხოლოდ სტრესის დროს ვართ ეგრე და ეს ადამიანები - მუდმივად”.
ანი თითქმის 4 წელია, ლილოს თავშესაფარში მუშაობს. ამ ხნის განმავლობაში რამდენიმე ასეულ ადამიანს დაეხმარა. 14 მათგანთან ახლაც მუშაობს.
„რა ცუდიც არ უნდა იყოს გარეთ ძილი, ბევრს მაინც უჭირს თავშესაფარში ყოფნა, იქ მიღებულ წესებთან, მშრალ კანონთან და სისუფთავის სავალდებულო დაცვასთან შეუგუება, - ჰყვება ანი თავის გამოცდილებაზე დაყრდნობით, - ეს ყველაფერი გარკვეულ ფსიქო-ემოციურ მზაობას საჭიროებს და მოქმედებს კიდეც ემოციურ მდგომარეობაზე”.
თავშესაფარში ცდილობენ, უსახლკაროები დაასაქმონ, თუმცა სტატუსი "უსახლკარო" დამსაქმებლების უმეტესობას ეჭვებს უჩენს. ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა, რასაც საქართველოში მცხოვრები უსახლკაროები ეჯახებიან, სტიგმა და გარიყულობის განცდაა.
ნაკლოვანი განმარტების მიღმა
სახელმწიფოს დღემდე არ აქვს სტანდარტული კრიტერიუმები, ვის, რატომ და როგორ უნდა დაეხმაროს. ყველა მუნიციპალიტეტი დამოუკიდებლად ადგენს, ვის „დაარქვას“ უსახლკარო.
მაგალითად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, უყურებენ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში ოჯახისათვის მინიჭებულ სარეიტინგო ქულას, თბილისში კი, პირველ რიგში, ფაქტობრივი მდგომარეობის სიმძიმეს.
ჯანდაცვის სამინისტრო სტატისტიკას აგროვებს. თუმცა მონაცემებს ყველა მუნიციპალიტეტი არ აგზავნის.
კანონმდებლობაში უსახლკარო პირის განმარტება 2006 წელს გაჩნდა: „მუდმივი, განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილის არმქონე პირი, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში რეგისტრირებულია, როგორც უსახლკარო“.
ევროპის უსახლკარობისა და საცხოვრისის უქონლობის ტიპოლოგიის თანახმად, უსახლკაროები, პირველ რიგში, ისინი არიან, ვისაც ქუჩაში სძინავთ.
თუმცა ჩამონათვალი გაცილებით ფართოა. იგი მოიცავს მათ, ვინც თავშესაფარში ცხოვრობს, ან ისეთ შენობებში, რომელიც ცხოვრებისთვის არაა განკუთვნილი (მაგალითად, დაწესებულებებში), მათაც, ვინც გამოსახლების რისკის ქვეშ ცხოვრობს.
მოკლედ, ყველას, ვისაც არ აქვს თავსზემოთ ჭერი, არ მიუწვდება ხელი სინათლეზე, წყალზე, გათბობაზე… ანუ „ღირსეულ საცხოვრებელზე”.
სახალხო დამცველის აპარატსა და უსახლკარობის პრობლემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებში ამბობენ, რომ ეს ძალიან ბუნდოვანი განსაზღვრებაა. ამ ბუნდოვანებას სახელმწიფოც აღიარებს. იმასაც, რომ ნაკისრ ვალდებულებას თავს ვერ ართმევს. საქართველომ არაერთ საერთაშორისო დოკუმენტზე ხელმოწერით აღიარა, რომ ღირსეული საცხოვრისის ქონა ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა.
სწორედ იმის შესასწავლად, თუ რა არის საჭირო ამ ვალდებულების შესასრულებლად, 2019 წელს პარლამენტმა სპეციალური ჯგუფი შექმნა.
„თემატური მოკვლევის ჯგუფმა” ორი წელი იმუშავა და რამდენიმე დღის წინ არსებობა შეწყვიტა, ისე, რომ ვერც „ღირსეული საცხოვრებლის” და ვერც „უსახლკარობის“ ერთიანი განმარტება ვერ შეიმუშავა, და ვერც ის დაითვალა, რამდენ ადამიანს არ აქვს თავზე ჭერი.
„უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს უსახლკარო პირის განმარტება და სათანადო საცხოვრებლის უფლების განმარტების არ არსებობა”, - წერია ჯგუფის დასკვნაში.
„მაგ ჯგუფმა ვერ დადო სტრატეგია. ახლა ჯანდაცვის სამინისტროში დაიწყო მუშაობა სოციალურ კოდექსზე და იქ დააინტეგრირეს ეგ მიმართულება”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას თათული ჭუბაბრია, არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრის” წარმომადგენელი.
იგი არ არის დარწმუნებული, რომ ეს სწორი გადაწყვეტილებაა. ეშინია, რომ რეალურ პრობლემებსა და საჭიროებებზე შეთანხმება შეიძლება კვლავ ბიუროკრატიაში ჩაიკარგოს. თანაც, პრობლემა მხოლოდ განმარტებებში არაა.
„თუ არ მიმართავს უსახლკარო ადამიანი, ან საცხოვრისის, ან სტატუსის მინიჭების მიზნით შესაბამის კომისიას, ვერ მოხვდება ვერანაირ სტატისტიკაში”, - ამბობს თათული.
სახელმწიფო ამ ადამიანებთან თავად უნდა მიდიოდეს, თუმცა ვერ ახერხებს. პროცესში არასაკმარისი რაოდენობის სოციალური მუშაკია ჩართული. მათ გარეშე კი სახელმწიფო ვერ სწვდება იმ ადამიანებს, ვინც ქუჩაში ცხოვრობს, ან თავშესაფარში გააზრებულად არ მიდის.
თათული ამბობს, რომ თავშესაფრები საჭიროა, მაგრამ მაინც დროებითი გამოსავალია. აი, საბინაო ფონდს კი სულ სხვა ძალა ექნებოდა. თუმცა საქართველოში არც ის არსებობს.
უსახლკარობის პრობლემაზე მომუშავეები თანხმდებიან - პრობლემის მოსაგვარებლად, ისიცაა დასადგენი, თუ რა ფაქტორები იწვევს მას. მაგალითად, 2020 წლის ბოლოს ფონდმა „ღია საზოგადოებამ” თბილისისა და ქუთაისის სოციალურ საცხოვრისებში 55 ადამიანი გამოკითხა. 34.5%-მა თქვა, რომ სახლი კრედიტის ან იპოთეკის ვერგადახდის გამო დაკარგეს.
დემოკრატიულ, თავისუფალ სახელმწიფოში…
რუსთაველის 37 ნომერში, ავტობუსის გაჩერებასთან პატარა თაღია. შიგნით - გაგრიდან დევნილის, ქალბატონი ანჟელას მაღაზია. ცხელი ყავა 70 თეთრი ღირს, სოსისი ორი ლარი, ძეხვიანი ბუტერბროდი კი ორ-ნახევარი. თენგომ მითხრა, ფული როცა მაქვს, მანდ ვსაუზმობ ხოლმეო.
ქალბატონ ანჟელას თქმით, თენგოს არაერთხელ შესთავაზა თავშესაფარში მისვლა.
„კაი ბიჭია ძალიან. თუ ფული არ აქვს, ვარიანტი არაა, ნისიაზე აიღოს რამე. მე ვეუბნები, თენგო, ცოდო არ ხარ ამ სიცივეში-თქო. მარა, მგონი მიეჩვია…”
თერთმეტის ნახევარია. მაღაზიის უკან, რკინის მაგიდასთან სხედან თენგო და კიდევ ერთი ადამიანი - მისი მეგობარი, ნოდარი. იცის, რომ ჟურნალისტი ვარ. თენგოს ისტორია აუცილებლად მოსაყოლიაო, მეთანხმება, მაგრამ როგორც სხვა ჟურნალისტებმა, უსახლკაროები მაყურებლებს არ შეაცოდოო, მეუბნება.
„შესაცოდი არაფერი სჭირს. ოპტიმისტი კაცია… [ჩემი] ბინის გასაღებს ვაძლევდი და არ გამომართვა. ჯიგარსონაა, თავის თავმოყვარეობა აქვს და არ უნდა, სხვები შეაწუხოს“, - ამბობს ნოდარი. მიყვება, რომ მხატვარია და იქვე ახლოს კრივის პატარა დარბაზი აქვს.
ნოდარს ეჩქარება. მე და თენგოს კი კიდევ ბევრი გვაქვს სალაპარაკო.
„უკვე ნევროზი მაქვს. პატარა ბავშვიც არ ვარ. ყველაფერს ვერ ითმენ, შეიძლება მეითმინო, მეითმინო, მარა ბოლოს გასკდება. ყველაფერს თავის საზღვარი აქვს. მარა ესენი მამშვიდებენ, - მეუბნება თენგო ძაღლებზე, - შვილებივით ვზრდი. ამათ გულობიზა შეიძლება ისევ სროკზე წევიდე”.
ასე თუ დაიღალა, თავშესაფარში რატომ არ მიდის?
„მანდ სხვა კანტინგენტია… კი არ ვანსხვავებ ადამიანებს… მარა ვინც იქ ცხოვრობდა, თივთონ იმან მითხრა, არ ღირს იქ ცხოვრება. იმიტორო იქ მიდის ქურდობა და რაღაცები”, - ფრთხილობს თენგო.
პირადობა ცოტა ხნის წინ აიღო, მაგრამ არ იცის, სად და როგორ დარეგისტრირდეს უსახლკაროდ. სანამ არ ავუხსენი, ისიც კი არ იცოდა, რომ შეეძლო. ან საიდან უნდა სცოდნოდა? მისი მობილური ფანრიანი ნოკიის „ბიძაშვილია”.
„პრიკოლს მოგიყვები. პირველი ტური რომ იყო… ცოტა ნასვამი კი ვიყავი. დავდექი შუა გზაში და ოცნების დროშას ვაფრიალებდი. მოვიდა პატრული. გამაჩერა, გამომიყვანა გვერდზე, გამოდი, არ შეიძლება აქო, მანქანამ არ დაგარტყასო. ჰოდა… ოთხი ეკიპაჟი გაჩერდა. ანეგდოტივით გამოდის. გადარეკა რა იქ და რა ვუყოთო. რა ხდებაო? და აი, დავაკავეთ პიროვნება, შუა გზაში დროშას აფრიალდებდაო. რა დროშას აფრიალებდაო? ოცნების დროშასო. ჰოდა, გოუშვი მაშინ, წაიღოს, მოშორდეს აქედანო”.
„ოცნების” დროშას რატომ აფრიალებდი? - ვეკითხები.
„თავი მგონია ნაღდად დემოკრატიულ, თავისუფალ სახელმწიფოში… როცა არაფერს არ აფუჭებ და ხარ შენთვინ ადამიანურად, ხმას არავინ გაგცემს… მე არ ვამართლებ, თვალები რომ დათხარეს, მარა რამდენი რამე გაკეთდა?“ - მეუბნება თენგო.
მთხოვს, დაწერე, რომ არავის არაფერში ვადანაშაულებო. განსაკუთრებით - ხელისუფლებასო.
შუადღეა. თენგომ უკვე ორი ყავა დალია. ჭამაც მოასწრო. თითო-თითო სოსისი მისცა მამუკასა და ლიზის. ახლა ჭაჭით ნახევრად სავსე პლასტმასის ბოთლს ბოლომდე ჩაცლის და სამივენი ოპერის მოპირდაპირე მხარეს, სპართან დადგებიან.
რედაქტორი: ნინო ჯაფიაშვილი