- სახელი, მამის სახელი და გვარი, (ფსევდონიმიც) - კონსტანტინე სიმონის ძე გამსახურდია (ს.კ. აბაშისპირელი).
- სწავლა სად მიიღეთ - ქუთაისის ქართულ გიმნაზიაში. უმაღლესი განათლება: პეტროგრადის, ლაიპციგის და ბერლინის უნივერსიტეტებში.
- რა არის თქვენი ცხოვრების წყარო - პედაგოგიური მოღვაწეობა.
- ყოველ წელს ბეჭდავთ რამეს თუ არა? - ყოველ წელს.
- გრძნობთ თუ არა თქვენს თავს პროფესიონალ მწერლად? - ვგრძნობ.
- რა გსურთ საქართველოსთვის? - ეროვნულ ტერიტორიული ავტონომია.
ეს არის ნაწყვეტი მწერლის მიერ შევსებული ანკეტიდან და იგი იმ საარქივო მასალის ნაწილია, რომელიც სულ ახლახან შეემატა საქართველოს ლიტერატურის მუზეუმის კოლექციას.
უნიკალური არქივი, რომელშიც თავმოყრილია 1917 წელს დაარსებული მწერალთა კავშირის მასალები, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრს, მაშინ ცნობილ პუბლიცისტს, ილია აგლაძეს ეკუთვნოდა.
ეს საარქივო მასალა - მათ შორის, ყრილობის წესდების ორი ვარიანტი, მწერლების მიერ შევსებული ანკეტები, მათი ფაქსიმილეები, მწერალთა კავშირისგან ფულის სესხების წერილები, სხდომის ოქმები, ლექსების ხელნაწერები და ა.შ., იმ დროის მწერალთა კავშირზე ბევრ რამეს გვიყვება და მის ისტორიას საინტერესო ფაქტებით ავსებს.
ეს არის პირველი შემთხვევა, უთხრა რადიო თავისუფლებას ლიტერატურის მუზეუმის დირექტორმა ლაშა ბაქრაძემ, როცა საარქივო მასალა ლიტერატურის მუზეუმისთვის კულტურის სამინისტრომ შეიძინა.
ლაშა ბაქრაძე გვიყვება, რომ საბჭოთა კავშირის დროს ფართო საზოგადოებისთვის არც კი იყო ცნობილი, რომ მწერალთა კავშირი 1917 წელს ჩამოყალიბდა. ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიაში, მისი თქმით, სიტყვაც არ არის ნათქვამი, რომ დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე ერთი წლით ადრე, ეს გაერთიანება უკვე არსებობდა. მწერალთა კავშირის საბჭოს მაშინ კოტე მაყაშვილი ედგა სათავეში.
სწორედ კოტე მაყაშვილია ჩანახატზე, რომელიც პაოლო იაშვილს ეკუთვნის და რომელიც გაკეთებულია 7 ოქტომბერს გამართულ მწერალთა კავშირის პირველ ყრილობამდე. ეს იყო ქართველი მწერლების პირველი კონფერენცია.
ილია აგლაძის არქივში დაცულია მწერლების მიერ, ამავე დღეს შევსებული მხოლოდ 27 ანკეტა. ამ მწერლების ნაწილს დღეს სახელებით აღარავინ იცნობს. თუმცა ეს საანკეტო ფურცლები შეუვსიათ მაშინ უკვე ცნობილ მწერლებსაც, როგორც ზემოთაც ვახსენეთ, კონსტანტინე გამსახურდიას, ასევე, იოსებ გრიშაშვილს, შალვა დადიანს, გიორგი ლეონიძეს.
ანკეტის ერთ-ერთ კითხვა ასეთია: რომელ პარტიას აკუთვნებთ თავს? გამსახურდიას პასუხად ჩაუწერია: სსფ პარტია ანუ საქართველოს სოციალ-ფედერალისტური პარტიაო.
ლაშა ბაქრაძის აზრით, ამ ანკეტაში განსაკუთრებით საინტერესოა პასუხები კითხვაზე: რა გსურთ საქართველოთვის? მისი სიტყვებით, ამ დროს ჯერ კიდევ არ განიხილებოდა საქართველოს სრული დამოუკიდებლობა. ჯერ არც ოქტომბრის რევოლუცია იყო მომხდარი და არც რუსეთისგან ამიერკავკასიის და საქართველოს ფაქტობრივი სეპარაცია იყო დაწყებული. და აი, ამ დროს, არაერთი მწერალი ამ კითხვას პასუხობდა, რომ მათთვის სასურველი იყო თვითმართველობა, ავტონომია.
ეს კითხვა, ცხადია, გაქრა იმ ანკეტებიდან, რომლებსაც იგივე და სხვა მწერლები უკვე საბჭოთა პერიოდის დროს გამართული მწერალთა ყრილობების წინ ავსებდნენ.
მაშინ კი, 1917 წელს, კონსტანტინე გამსახურდიაც პასუხობს, სასურველი იქნებოდა ეროვნულ-ტერიტორიული ავტონომიაო. ხოლო კითხვაზე, ვინ უფრო მოგწონთ მსოფლიო მწერლებში? გამსახურდიას ჩაუწერია: გიოთე, იმერსონი, რომენ როლანი, ანატოლ ფრანსი, რუსთაველი და სხვები.
ამ ანკეტებიდან ისიც ირკვევა, რომ მწერლები ძირითადად სოციალ-ფედერალისტურ პარტიაში იყვნენ ან მის იდეოლოგიას იზიარებდნენ.
იოსებ გრიშაშვილს ამ კითხვის გასწვრივ მიუწერია სოციალ-ფედერალისტური პარტია, მერე კი ფრთხილებში დაუზუსტებია „უფრო თანამგრძნობლად ვითვლებიო“.
გამორჩეულ მწერლებად გრიშაშვილს მიაჩნია ჰაინე, შოთა რუსთაველი, „ფსალმუნი დავითისა“ და შექსპირი - „მხოლოდ ივანე მაჩაბლის ნათარგმანები“ .
ანკეტაში ერთი ასეთი კითხვაც იყო: გიმოგზაურიათ თუ არა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, რუსეთში, უცხოეთში?
და იოსებ გრიშაშვილის პასუხია - „საქართველოს ღობეს არ გავცილებივარ“.
რა გსურთ საქართველოსთვის? - ამ კითხვას კი გრიშაშვილი ასე პასუხობს: თავისუფალი, ეროვნული ცხოვრებაო.
მწერლებს ეკითხებოდნენ, თუ მსახურობთ, სად და რამდენს იღებთო. იოსებ გრიშაშვილის პასუხია: სად უნდა ვმსახურობდე? არსადო.
კითხვაზე, შვილი გყავთ თუ არა? გრიშაშვილი პასუხობს - რა ვიცი?
შალვა დადიანს კითხვაზე, თუ რომელი მწერლები მოსწონს, დიდი ასოებით ჩაუწერია ერთი მწერალი - სერვანტესი.
ხოლო კითხვაზე, ცოლიანი ხართ თუ არაო, ძახილის ნიშნით ამთავრებს პასუხს: როგორ არა!
კითხვაზე, რომელ პოლიტიკურ პარტიას აკუთვნებთ თავსო, დადიანი წერს: მიყვარს საქართველო.
გიორგი ლეონიძეს პოლიტიკური პარტიის შესახებ კითხვაზე პასუხად უწერია, რომ ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას აკუთვნებს თავს.
საქართველოსთვის რა გსურსო, როცა ეკითხებიან, პოეტურად პასუხობს: სიხარული და სრული დამოუკიდებლობაო. მწერლების გრაფაში კი ჩაუწერია: ედგარ პო, თაგორი, უაილდი და სხვები.
მსოფლიო მწერლებში ვინ უფრო მოგწონთო - ნიკოლოზ ნათიძე წერს, ამჟამად ვერაფერს ვიტყვი, ბევრი არ წამიკითხავსო.
ეს არქივი საინტერესოა იმითაც, რომ ის ინახავს მწერლების ხელწერილებსაც, რომლებშიც ისინი კავშირისგან ცოტა ფულს თხოულობენ.
„1920 წლის პირველ სექტემბერს, ქართველ მწერალთა კავშირისგან ორი კვირის ვადით სესხად მივიღე 3000 მანეთი“, - ხელს აწერს პაოლო იაშვილი.
ასეთივე ხელწერილი დაუწერია გალაკტიონ ტაბიძეს და 375 მანეთი უსესხია. „მოვალე ვარ მე, გალაკტიონი, რომ ერთი თვის განმავლობაში ეს ფული დავუბრუნო თქვენს კავშირსო“.
ამავე არქივში შემონახულია სერ ოლივერ უორდროპისადმი მიწერილი წერილიც. მას ამცნობენ, რომ ჩატარდა მწერალთა პირველი კონფერენცია და „გულითად სალამს უძღვნიან საქართველოს უანგარო მეგობარს ოლივერ უორდროპს და სიყვარულით იხსენებენ დაუვიწყარ მარჯორის“...
ან ეს, ვალერიან გაფრინდაშვილის ხელნაწერი სონეტი - მიძღვნილი ილია აგლაძისადმი:
ეს კი ქართველ მწერალთა ხელმოწერებია, რომლებიც ამ დოკუმენტზე შემორჩა.
მწერლების მიერ შევსებული ანკეტები თავმოყრილია ლიტერატურის მუზეუმის მიერ რამდენიმე წლის წინ გამოცემულ მწერალთა ბიოგრაფიების ორტომეულშიც, ოღონდ ისინი, წლების შემდეგ, საბჭოთა პერიოდშია შევსებული. იქ პარტიულ მიკუთვნებულობაზე დასმულ კითხვას მწერლები პასუხობენ, რომ ან უპარტიოები არიან, ან სკკპ-ის წევრები.
თუ შევადარებთ გიორგი ლეონიძის მიერ 1917 და 1950-იან წლებში შევსებულ ანკეტებს, ვნახავთ, რომ ამ უკანასკნელში, კითხვაზე, იყო თუ არა ის სხვა პარტიაში ან რა დროიდან - რა დრომდე, პასუხია - არა, თუმცაკი, 1917 წელს ლეონიძე წერს, რომ ის ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას აკუთვნებდა თავს.
ილია აგლაძის არქივის გარდა, ცოტა ხნის წინ, ლიტერატურის მუზეუმს გალაკტიონის არქივის აქამდე უცნობი ნაწილიც გადაეცა, რომელიც დღესაც არის გამოფენილი, გალაკტიონის 130 წლისთავისადმი მიძღვნილ გამოფენაზე, მათ შორის არის გალაკტიონის წერილი ძმისადმი, აბესალომ ტაბიძისადმი. ლაშა ბაქრაძემ გვიამბო ერთი ამბავი, რომელიც, შესაძლოა, ბევრმა არც იცოდეს, რომ გალაკტიონმა წვერი, თურმე, სწორედ ძმის, აბესალომის გარდაცვალების შემდეგ, 1948 წლიდან, გლოვის ნიშნად მოუშვა - მანამდე მას წვერი არ უტარებია.
დღეს პირად კოლექციებში არსებობს გალაკტიონის არქივის კიდევ უფრო საინტერესო მასალა, რომელსაც სპონსორის არსებობის შემთხვევაში ლიტერატურის მუზეუმი სიამოვნებით შეიძენდა და, როგორც ლაშაც ამბობს, ეს ის დოკუმენტებია, რომლებიც ერთ დღეს აუცილებლად უნდა გახდეს მუზეუმის კოლექციის ნაწილი.