სალომე ასათიანის პოდკასტი
იტალიელ პოეტს, კინორეჟისორს, მწერალს, დრამატურგს, მხატვარს, პუბლიცისტს და მოაზროვნეს, პიერ პაოლო პაზოლინის როცა იხსენებენ ხოლმე, ხშირად მოაქვთ მისი ციტატა - „სანამ მოვკვდები, დარწმუნებით ვერავინ იტყვის, რომ მიცნობს - ანუ ჩემს მოქმედებას მნიშვნელობას ვერ მიანიჭებს. სიკვდილი აუცილებლად საჭიროა, რადგან სანამ ვცოცხლობთ, ენა, რომლითაც საკუთარ თავს გამოვხატავთ შესაძლებლობების ქაოსია, ურთიერთობების და მნიშვნელობების უწყვეტი ძიება. სიკვდილი ჩვენს ცხოვრებას მყისიერად დაამონტაჟებს“.
1975 წლის 2 ნოემბერს რომთან ახლოს, ოსტიის სანაპიროზე იპოვეს 53 წლის პაზოლინის ნაცემი, სისხლიანი, დასახიჩრებული, მისივე მანქანით, „ალფა რომეოთი“ გასრესილი სხეული. მის მკვლელობაში დამნაშავედ სცნეს 17 წლის ბიჭი, პინო პელოსი - თუმცა თავიდანვე, პაზოლინის გვამის გაკვეთისთანავე, და მას შემდეგ პერიოდულად ისევ და ისევ ჩნდება ვარაუდი, რომ მკვლელობა ჯგუფურად იყო ჩადენილი, რომ ის მაფიამ მოკლა, უკომპრომისო მემარცხენე აქტივიზმის გამო. მაგრამ დაზუსტებით არავინ არაფერი იცის. პიერ პაოლო პაზოლინის სიკვდილის ზუსტი გარემოებები დღემდე იდუმალებით მოცული რჩება.
სიკვდილი - თან ასეთი ტრაგიკული და ძალადობრივი სიკვდილი - აჩრდილივით აედევნა პაზოლინის ბიოგრაფიას და შემოქმედებას. თუმცა - ერთხმად გვეტყვიან პაზოლინის თაყვანისმცემლები - მისი მდიდარი, მრავალშრიანი, სიმწვავით და ლირიციზმით მფეთქავი მემკვიდრეობიდან მომდინარე რადიკალური და მძლავრი ენერგიისთვის საბოლოო მნიშვნელობების მინიჭება, საბოლოო „მონტაჟი“ სიკვდილითაც შეუძლებელი აღმოჩნდა. ხშირად მოისმენთ, რომ პაზოლინისთან შეხება ნოსტალგიურ ტკბობას, წარსულში მოქმედი შემოქმედით აღტაცებას ნაკლებად იწვევს. პირიქით - მისი საავტორო პოეტიკა, რომელიც ერთმანეთს უნიკალური ფორმით უხამებს საკრალურს, მარქსისტულს და ეროტიკულს, დღესაც გვაფორიაქებს, გვაფიქრებს, გვაწუხებს, ჩვენი აზრები და ემოციები მოყავს მოქმედებაში.
და ეს ასე მხოლოდ მისი ფილმების გამო არ ხდება - თუმცა პაზოლინის კინოს ისტორიაში მართლაც „საეტაპო“ ფილმები ეკუთვნის. მათ შორის „თეორემა“ - დამზაფვრელი მეტაფიზიკური იგავი მილანში, კეთილდღეობაში მცხოვრები მეწარმის ოჯახში მისულ იდუმალ უცხოზე და ნგრევაზე, რომელიც ამ მისტიკურ სტუმარს ბურჟუაზიულ სივრცეში მოაქვს; „ცხვრის ყველი“ და „მათეს სახარება“ - რომლებიც ბევრისთვის ქრისტიანობის არსის, მისი რევოლუციური სულისკვეთების და რადიკალური ჰუმანიზმის ყველაზე პოეტურ და ინტენსიურ გამოხატულებას წარმოადგენს კინოს, და შესაძლოა საერთოდ კულტურის ისტორიაში. პაზოლინის ადრეული 1960-იანი წლების ფილმოგრაფია მოიცავს ფილმებს „მამა რომა“, შეუდარებელი ანა მანიანით და „აკატონე“, რომლებშიც რომის გარეუბნების, ღატაკების, მეძავების, ქურდების, გარიყული ადამიანების სამყაროს აღწერით ის ნეორეალისტურ მგრძნობელობას ეპიკურ, ბერძნული ტრაგედიების მსგავს მასშტაბს ანიჭებს. შედარებით გვიანდელი „ოიდიპოს მეფე“ და „მედეა“, მთავარ როლში მოულოდნელი მარია კალასით, რომლებითაც, კინოს ისტორიკოსების თქმით, პაზოლინი კლასიკურ ლეგენდებს ჰუმანურ განზომილებასაც ანიჭებს და თან თანამედროვე ფსიქიკის სიღრმეში ჩადის, საიმისოდ, რომ მისი წარმოშობა არქაულ აგონიებს დაუკავშიროს. და უკანასკნელი, სისხლისგამყინავი ფილმი, 1975 წელს გამოსული „სალო, ანუ სოდომის 120 დღე“ – ფაშიზმის და მისი თანამედროვე ფორმების დაუნდობელი, სასტიკი, უნიკალურად რადიკალური კრიტიკა - ფილმი, რომელიც, როგორც მასზე ამბობენ ხოლმე, აუცილებლად უნდა ვნახოთ, არადა მისი ყურება გაუსაძლისია.
მაგრამ პაზოლინის კინო - ან მისი პოეზია თუ რომანები - მისი მემკვიდრეობის მხოლოდ ცალკეულ ნაწილებს წარმოადგენენ. პაზოლინის განსაკუთრებულობას უწინარესად მისივე ფიგურა განაპირობებს - მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ხელოვანებს შორის პაზოლინი რჩება ერთ-ერთ ყველაზე რადიკალურ და უკომპრომისო მოაზროვნედ და „ავტორად“ - თუკი ამ ცნებას, „ავტორს“, ფართო მნიშვნელობით გავიგებთ. მღელვარე, თვითრეფლექსიურ, მრავალშრიან ავტორად, რომელიც ბევრ თითქოს ურთიერთგამომრიცხავ მახასიათებელს აერთიანებს - ის იყო რელიგიურ გარემოში გაზრდილი ბიჭი, რომელიც შემდეგ ათეისტი გახდა, მაგრამ არასოდეს დაუკარგავს საკრალურის ძიების ვნება, თუ აღქმის უნარი; იყო მარქსისტი, პრობლემური მიმართებით როგორც კლასიკურ მარქსიზმთან, ისე იტალიის კომუნისტურ პარტიასთან - პარტიის რიგებიდან კი ის ჰომოსექსუალობის გამო გარიცხეს; პაზოლინი იყო პირველი იტალიელი ღიად ჰომოსექსუალი ცნობილი პირი - ან, თუ გნებავთ, „სელებრითი“ – მაგრამ ჯიუტად ეწინააღმდეგებოდა მისგან „გეი სიმბოლოს“ გადაქცევის მცდელობებს და ზოგადად, სექსუალური უმცირესობების იდენტობის პოლიტიკას. ის იყო რევოლუციონერი - მაგრამ ინტენსიური ნოსტალგიით ეკიდებოდა წარსულ ეპოქებს, და იყო ბურჟუა - ან, უფრო ზუსტი სოციოლოგიური განსაზღვრებით, წვრილი ბურჟუაზიის წევრი - რომელსაც ბურჟუაზიული გარემო, ცხოვრების წესი თუ ღირებულებები სულს უხუთავდა. პაზოლინი იყო კაპიტალიზმის, სამომხმარებლო კულტურის, მას-მედიის საზოგადოების, კოლონიალიზმის თუ ჰეტერონორმატიულობის დაუნდობელი კრიტიკოსი, რომლის მიერ შექმნილი კრიტიკული დისკურსებიც დღემდე მოგვნუსხავს სიმწვავით და ანტიკონფორმისტული სულისკვეთებით.
ეს ყველაფერი კი უკავშირდება პაზოლინის მოსაზრებას ავტორზე, როგორც „ცოცხალ პროტესტზე“ - გვეუბნება „ასათიანის კუთხის“ ამ ეპიზოდის სტუმარი, ჯან მარია ანოვი, იტალიელი პოეტი, ესეისტი და ლიტერატურის პროფესორი სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტში, რომლის 2017 წლის წიგნმაც, სათაურით „პიერ პაოლო პაზოლინი: ავტორობის შესრულება“ გამაბედინა კიდეც პოდკასტის ამ ეპიზოდის პაზოლინისთვის მიძღვნა. ჭეშმარიტი ავტორი - თვლიდა პაზოლინი - არ შეიძლება კომფორტულად, უპრობლემოდ იყოს მიღებული აუდიტორიის მიერ. ავტორის არსებობა თავისთავად უნდა გულისხმობდეს სიახლეს, ცვლილებას, ამბოხის, რევოლუციის განზომილებას.
ჯან მარია ანოვისთან ერთად პოდკასტის ამ ეპიზოდში დეტალურად ვილაპარაკებთ პაზოლინის ფილმებზე, მის „პოეზიის კინოს“ კონცეფციაზე, მისი, როგორც ავტორის მონაწილეობაზე მხატვრულ ტექსტებში. ვილაპარაკებთ პაზოლინის კავშირზე ანტონიო გრამშისთან - დიდ იტალიელ მარქსისტთან და ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოაზროვნესთან ევროპული პოლიტიკური ფილოსოფიის ისტორიაში, რომელსაც პაზოლინი უძღვნის თავის შედევრს, პოემას „გრამშის ფერფლი“. ჯან მარია ანოვი განგვიმარტავს პაზოლინის პოლიტიკურ პოზიციებსაც - მათ შორის მის პრობლემურ მიმართებას 1968 წლის სტუდენტურ ამბოხებასთან, რასაც ბევრი არასწორად და სწორხაზოვნად აღიქვამს მისი მხრიდან ამ მოძრაობის სრულ უარყოფად და პოლიციის მხარდაჭერად.
და, რაც მთავარია, ჩვენი სტუმარი პაზოლინის აზროვნებაში „საკრალურის“ მნიშვნელობაზეც ბევრს გვეტყვის. იმ საკრალურის, თუ ირაციონალურის, რომელსაც პაზოლინი ნეოკაპიტალისტური ძალაუფლების, სტანდარტიზაციის და ტოტალიზაციის მომტანი სამომხმარებლო კულტურის მიღმა, მთელი ცხოვრების განმავლობაში ეძებდა - ხან რომის სუბპროლეტარიატის, ხან აფრიკის და ახლო აღმოსავლეთის, ხანაც ევროპის არქაული წარსულის სივრცეებში. ეძებდა საკრალურს, როგორც რეალობას - რომელსაც თავისთავად უნდა ებრწყინა, ჰეგემონიური კულტურის მიერ მისი გაშუალებისა და დამახინჯების გარეშე.