Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დოსტოევსკი 200 – „ძმები კარამაზოვები“


ლიტერატურულმა „წახნაგებმა“ რუბრიკით „იუბილე“ დაიწყო გადაცემათა ციკლი ფიოდორ დოსტოევსკიზე, მსოფლიო ლიტერატურის სიამაყეზე, რომელსაც 11 ნოემბერს ორასი წელი შეუსრულდა. ამჟამად საუბარი გვაქვს მწერლის უკანასკნელ რომანზე, „ძმებ კარამაზოვებზე“. „ეშმაკნის“ მსგავსად, ამ რომანსაც უცნაური მთხრობელი ჰყავს, რომელმაც არ იცის, რას ფიქრობენ გმირები. რომანი იქმნება ცალკეული პერსონაჟების მიერ შექმნილი სამყაროების ჯამით, რის გამოც მან დაიმსახურა შეფასება „პოლიფონიური“. ესაა ათასხმიანი წიგნი, მასში ისმის როგორც ივან კარამაზოვის ეჭვიანი ხმა, ისე დიმიტრის ისტერიული ხმით გამოთქმული საყვედური უფლისადმი – „რატომ ცოცხლობს ასეთი ადამიანი!“, ლაქია სმერდიაკოვის ცინიკური სისინიც გვესმის – „მეზიზღება, მთელი რუსეთი მეზიზღება!“ და გულწრფელი ალიოშას აღტაცებაც: „ფიცი დავდოთ, ბავშვებო!“ უნდა ყოფილიყო მეორე წიგნი, რომელშიც პირველის ერთადერთი ნათელი წერტილისაგან, ალიოშა კარამაზოვისაგან შავბნელი ტერორისტი უნდა მიგვეღო, რომელსაც ზნეობრივი ჯოჯოხეთის გავლით მწერალი, ალბათ, არნახულ სულიერ აღდგომას უმზადებდა. არ ვიცით, კარგია თუ არა, რომ ეს მეორე წიგნი არ დაიწერა, ვერ დაიწერა, ათასი უბედურების გადამტანმა მწერალმა ცხოვრების ათასმეერთე დარტყმას ვეღარ გაუძლო და გარდაიცვალა, მთავარი სათქმელის თქმა კი მაინც მოასწრო, თითქოს წინასწარ იგრძნო, მისი დამწუნებელი ნაბოკოვი რომ იტყოდა, ხელოვნების არსი ისაა, მშვენიერება უნდა მოკვდესო; იუბილარმა დაასწრო და ბრძანა: „მშვენიერება გადაარჩენს მსოფლიოს“.

XS
SM
MD
LG