Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მე-18 დაწესებულების ექიმი ამბობს, რომ მათ მოშიმშილე პატიმრების მკურნალობის გამოცდილება აქვთ


გლდანის პენიტენციური დაწესებულების ბაზაზე არსებული მე-18 სამკურნალო დაწესებულების ექიმი, სანდრო მათეშვილი აცხადებს, რომ ამ დაწესებულებას, სადაც ახლა საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შიმშილობს, მსგავსი პაციენტების მკურნალობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ. მან მედიას უთხრა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

"სხვადასხვა პერიოდში, 2019 წლიდან დაფიქსირდა შიმშილობის 2237 ფაქტი. ამ პაციენტების დიდმა ნაწილმა შეწყვიტა შიმშილობა და შიმშილობის შემდეგი რეაბილიტაცია გაიარეს სასჯელის მოხდის ადგილზე. ნაწილმა, ვისაც დაუფიქსირდა შიმშილის შემდგომი ეფექტები, გადმოყავნილი იყვნენ მე-18 დაწესებულებაში... მე-18 დაწესებულებას გააჩნია ხანგრძლივი გამოცდილება მოშიმშილე პაციენტების მართვის და მათი შიმშილობის შემდგომი რეაბილიტაციის", - თქვა ექიმმა.

მედიას მან სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ბოლო მონაცემები მიაწოდა და განუმარტა, რომ ექსპრეზიდენტმა მედიკამენტების მიღება განაახლა.

"იმის გამო, რომ პაციენტი ბოლო სამი დღის განმავლობაში არ ღებულობდა მედიკამენტებს, აღნიშნული იყო ლაბორატორიულ მონაცემებში ცვლილებები. გუშინვე პაციენტმა მიიღო ყველა დანიშნული მედიკამენტი და შესაბამისად, ლაბორატორიული მონაცემები გაუმჯობესდა, მათ შორის კალიუმის დონე, რომელიც მიუახლოვდა ნორმას.

მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე არის სტაბილური, ძირითადი სასიცოცხლო მონაცემები, როგორიც არის პულსი, წნევა, სატურაცია, სისხლში გლუკოზის დონე ნორმის ფარგლებშია... " - თქვა ექიმმა.

სააკაშვილის შიმშილობის დაწყებიდან 48 დღეა.

უკრაინიდან საქართველოში სექტემბრის ბოლოს დაბრუნებული მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს და თვეზე მეტხანს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა, 8 ნოემბერს გადაიყვანეს გლდანში, მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიზეზად დაასახელა "ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენცია" და "მომატებული საფრთხეები". თავად მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ რუსთავის დაწესებულებიდან მოტყუებით წაიყვანეს და გლდანის დაწესებულებაში ძალის გამოყენებით მოათავსეს.

მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბრიდან შიმშილობს. 11 ნოემბერს მან განაცხადა, რომ მზად არის შიმშილობა შეწყვიტოს, თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში გადაიყვანენ.

XS
SM
MD
LG