Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიბილოვს იმედი აქვს, რომ ბელარუსი "სამხრეთ ოსეთს" აღიარებს


ანატოლი ბიბილოვი
ანატოლი ბიბილოვი

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი ბელარუსისგან ელოდება „სამხრეთ ოსეთის“ აღიარებას. ამის შესახებ, როგორც სააგენტო „ტასი“ იუწყება, ბიბილოვმა ჟურნალისტებს დღეს, 16 ნოემბერს, მოსკოვში განუცხადა. ანატოლი ბიბილოვი მონაწილეობდა ოსური ლიტერატურული პრემიით, „ბულამარგით“ დაჯილდოების ცერემონიაში, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებულ კულტურის ცენტრში გაიმართა.

„ჩვენ აღიარებას ველოდებით არა მხოლოდ ბელარუსის, არამედ სხვა ქვეყნების მხრიდანაც. ვთვლი, რომ ისტორია, რომელიც გვაერთიანებს, აერთიანებდა საბჭოთა კავშირს და ჩვენს ხალხებს შორის არსებული ძმური ურთიერთობები რესპუბლიკის აღიარების საფუძველია", - განაცხადა ბიბილოვმა. რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტს იმედი აქვს, რომ „სამხრეთ ოსეთის“ აღიარება გაგრძელდება. როგორც ბიბილოვმა თქვა, „სამხრეთ ოსეთს“ სურს მშვიდობიანი თანაცხოვრება, როგორც პოსტსაბჭოთა სივრცის, ისე მთელი მსოფლიოს ყველა სახელმწიფოსთან.

დაახლოებით ერთი კვირის წინ, სოციალური ქსელებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბელარუსის პარლამენტმა, შესაძლოა, განიხილოს „სამხრეთ ოსეთის“ და აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების საკითხი. ინფორმაციის ერთ-ერთი წყარო იყო დონის როსტოვში „აფხაზეთის საპატიო კონსული“ ადიკ არშბა. გავრცელებულ ცნობებს ფეიკი უწოდეს ბელარუსის პარლამენტში - ეროვნულ კრებაში, სადაც განაცხადეს, რომ არანაირი მსგავსი კანონპროექტი არ არსებობს და ზოგადად, ასეთი საკითხების გადაწყვეტა არ არის საკანონმდებლო რეგულირების სფერო.

2020 წლის აგვისტოში, ბელარუსის მმართველმა ლუკაშენკამ აღიარა, რომ განიხილავდა "სამხრეთ ოსეთის" აღიარების საკითხს, თუმცა, დასავლეთი სანქციებით დაემუქრა, ამ სანქციებით გამოწვეული ზიანის კომპენსაციაზე კი, რუსეთთან ვერ შეთანხმდა.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, საქართველოს ორი ტერიტორიის - აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა რუსეთის გარდა აღიარებული აქვთ ვენესუელას, ნიკარაგუას, სირიას და ნაურუს.

XS
SM
MD
LG