Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ გვჭირდება დემოკრატია პოლიტიკურ პარტიებში? - ის, რაც ყველას უნდა გვაწუხებდეს


ნინო კალანდაძე
ნინო კალანდაძე

ავტორი: ნინო კალანდაძე

პოსტსაბჭოთა ქვეყნების პოლიტიკური პარტიებისთვის, განსაკუთრებით კი საქართველოში მოასპარეზე პოლიტიკური ორგანიზაციებისთვის, შიდაპარტიული დემოკრატია, უკეთეს შემთხვევაში, ფასადური მოცემულობაა.


თუ დასავლეთში შიდაპარტიული არჩევნები ღია, კონკურენტული საჯარო შერჩევის პროცესის შედეგია, ქართველი ამომრჩეველი იძულებულია წინასწარ დაწერილი, მზა საარჩევნო სიებითა და მათი ერთხმად დამტკიცების ტრანსლირებით დაკმაყოფილდეს. თუ დასავლურ პარტიებში მკაცრად გაწერილი შიდაპარტიული წესები და საარჩევნო რუტინა მოქმედებს, ქართულ პოლიტიკურ პარტიებს დიდწილად მკვდრადშობილი წესდებები, ფორმალური მმართველი ორგანოები და მათი არჩევის წესები აქვთ.


დემოკრატიული ტრადიციის მქონე ქვეყნების პოლიტიკურ პარტიებში, არჩევნებში დამარცხების შედეგად მარცხის გამომწვევი მიზეზების საჯარო განხილვები იმართება, ლიდერები ტოვებენ პარტიულ თანამდებობებს, იცვლება მმართველი ორგანოების შემადგენლობა და ინიშნება შიდაპარტიული არჩევნები. ასე იწყება მზადება მომდევნო არჩევნებში გამარჯვებისთვის. აქ ეს ყოველივე მხოლოდ ქაღალდზე გაწერილ ფიქციად რჩება. რეალურად კი არც ფორმალური მექანიზმების აღსრულებით იწუხებს ვინმე თავს და არც არაღსრულების, ან წესების დარღვევისთვის „ისჯება“ ვინმე.


საქართველოში პარტიული ელიტები არ იცვლება არჩევნების შედეგების მიხედვით. არჩევნების შედეგებზეც კი არავინ არასდროსაა პასუხისმგებელი, მხოლოდ გარე ფაქტორებს გადაბრალდება ხოლმე მარცხი. ამომრჩევლები არ ვინტერესდებით იმით, თუ საიდან მოდიან და როგორ იქმნებიან ეს ელიტები: ვის, რატომ და როგორ ამტკიცებს ყრილობა; რა დოზით არიან ჩართული პარტიის მმართველი ორგანოები, ე.წ. პოლიტსაბჭოები, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში; როგორ იქმნება საარჩევნო სიები, რომელთა შემადგენლობისა და „რჩეულთა“ თანმიმდევრობის შესახებ ხშირად არა მხოლოდ საზოგადოება, არამედ თავად პარტიის მოქმედი წევრები და გულმხურვალე გულშემატკივრებიც კი ტელეეთერებიდან იგებენ. ამ უკანასკნელით შეწუხებული მხარდამჭერები დროდადრო მოგუდულად აიმაღლებენ ხოლმე ხმას ვიწრო წრეებში. ამა თუ იმ წევრის მიერ პარტიის დატოვების თაობაზეც გამოჟონავს ხოლმე კულუარული ინფორმაცია. თუმცა, დროებით. უსიამოვნო ეიფორიას თავად პარტიული „მამები“ მალევე ახშობენ და ანეიტრალებენ.
მაგრამ, რატომ უნდა იყოს შიდადემოკრატიული პროცესები (ან მათი არარსებობა) მნიშვნელოვანი რიგითი ამომრჩევლისთვის? რა ჩვენი საქმეა ქაღალდზე რა წერია და რა სრულდება? ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტმა და პარტიების წევრებმა იდარდონ. საერთოდაც, რა არის ეს შიდაპარტიული დემოკრატია? ან რა საჭიროა ის, როცა „ქვეყანა ომშია“, მისი ტერიტორიები კი ოკუპირებული? როცა ქვეყნის ეკონომიკა არასტაბილურია, ლარი გაუფასურების რეკორდებს ხსნის, პანდემია მძვინვარებს და ხალხს პირდაპირი მნიშვნელობით ლუკმაპურის შოვნის პრობლემა უდგას?


პარტიული დემოკრატია არის ამომრჩევლის ბერკეტი მიიღოს ის, რასაც ითხოვს, რასაც უკვეთავს და რისთვისაც იბრძვის. პოლიტიკური პროცესის მთავარ აქტორებზე - პოლიტიკურ პარტიებზე უშუალო ზეწოლის გზით მიიღოს ის ეკონომიკა, საზოგადოება და სახელმწიფო, რომელიც მას სურს. შიდაპარტიული დემოკრატია არის ყველა აქტიური მოქალაქის ინსტრუმენტი, თავად განსაზღვროს როგორ უნდა იქცეოდეს მისი რჩეული პოლიტიკური გუნდი, რა გადაწყვეტილებებს იღებდეს იგი, ვინ უნდა წარმოადგენდეს მას, ვისთან უნდა შედიოდეს გრძელვადიან ალიანსსა თუ სიტუაციურ გარიგებაში, როგორი ქვეყნის აშენებას უნდა გეგმავდეს და რა გზით.


ამა თუ იმ პარტიის მხარდამჭერი და ამომრჩეველი თავად უნდა მონაწილეობდეს იმის განსაზღვრაში, თუ ვინ იქნება მისი რჩეული კანდიდატი, მისი ხმის წარმომადგენელი საპარლამენტო თუ მაჟორიტარულ სიებში, ჩრდილოვან კაბინეტებში, და ბოლოს, იმ გამწევ ბირთვში, რომელსაც ექნება უნარი მოიპოვოს წარმატება და გამარჯვება. აქტიური მოქალაქე თავად უნდა მონაწილეობდეს ასეთი ძალის შექმნაში და არ უნდა იღებდეს მოცემულობად სხვის მიერ მოფიქრებულ, კაბინეტური გარიგებებისა თუ კულუარული ომების შედეგად შექმნილ სიებსა და მზა გადაწყვეტილებებს.


პარტიული დემოკრატიაა, კონკრეტული პარტიის ამომრჩევლები თავად წყვეტდნენ და აკონტროლებდნენ, თუ როგორ განკარგავენ მათი რჩეულები მათი ბრძოლის შედეგად მიღებულ საბიუჯეტო სახსრებს თუ შემოწირულობებს; თავად არჩევდნენ პრემიერ მინისტრობისა და მერობის კანდიდატებს; წყვეტდნენ, თუ ვინ იქნება მათი რეგიონის წარმომადგენელი მმართველ საბჭოებში; ვის უკეთ ესმის მათი სატკივარი, ვინ უკეთ მიხედავს მათ ეკონომიკურ თუ სოციალურ პრობლემებს. რადგან, სწორედ პარტიულ დონეზე რეალურად გამარჯვებულ (და არა ფიქტიური ან გაყალბებული შიდა „არჩევნების“ გზით გამოვლენილ) სახალხო მხარდაჭერის მქონე კანდიდატებს, სიებსა და პროგრამებს აქვთ პერსპექტივა, მოიპოვონ გამარჯვება ეროვნულ დონეზე. მხოლოდ ასეთი გზით შექმნილ კრიტიკულ მასას შეუძლია მიანიჭოს ამა თუ იმ პარტიას ნდობის მანდატი და შეუქმნას მას სათანადო სიძლიერის პლატფორმა, რათა გაიმარჯვოს არჩევნებში.
დემოკრატიულ სახელმწიფოში პოლიტიკას განსაზღვრავენ არა პარტიული ჯგუფები ან ცალკეული პოლიტიკოსები, არამედ ამ პარტიების უკან მდგომი წევრები, მხარდამჭერები და ამომრჩევლები, რომლებსაც ეს ჯგუფები და პოლიტიკოსები წარმოადგენენ. მოქალაქის უნარი, გავლენა იქონიოს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე, პარტიულ პოლიტიკაზე და მათ წარმატებაზე, იძლევა ბერკეტს, შევქმნათ ჩვენი სასურველი სახელმწიფო. პარტიებს შიგნით მიმდინარე პროცესები ინდიკატორია იმისა, თუ როგორ ქვეყანაში გავიღვიძებთ ჩვენ ყოველი მომდევნო არჩევნების შემდეგ.
შიდაპარტიული დემოკრატია, შესაძლოა, უცხოდ და განყენებულად ჟღერდეს, თითქოს ეს ჩვენი ინდივიდუალური სატკივარი სულაც არ იყოს (პარტიების მართვაზე თავად პარტიებმა იჭყლიტონ თავი!). მაგრამ, იქნებ პრობლემა სწორედ იმაშია, რომ თავად პარტიებში არ არსებობს დემოკრატიის დასანერგი პოლიტიკური ნება? ლოგიკური იქნებოდა, ვიკითხოთ, ნების არსებობის შემთხვევაში განა ასე რთულია პარტიის დემოკრატიულად მართვა? განა, წესდებებს თავად პარტიები არ ქმნიან? განა, მათ მიერვე შექმნილი წესების აღსრულების მექანიზმები მათ ხელში არ არის? განა, განახლება, შიდაპარტიული არჩევნები, წევრების მაქსიმალური ჩართულობა და მათი ამომრჩევლის ინტერესების გათვალისწინება ის არაა, რასაც პოლიტიკური ლიდერები დღენიადაგ აცხადებენ? მაშ სად არის პრობლემა?


პრობლემა კი ალბათ სწორედ პარტიულ ელიტებში და დემოკრატიულად მართვის ნების უქონლობაშია. პარტიის ლიდერს ან ლიდერთა ჯგუფს, თავისთავად არაფერში სჭირდება პარტიის შიგნით დემოკრატია, გამჭვირვალება, ანგარიშვალდებულება ან არჩევითობა, მაშინ, როცა შეუძლია თავად იყოს ფინანსების განმკარგავიც, სიების შემდგენელიც, პარტიული ამომრჩეველიც და მათი რჩეულიც.


შესაძლოა, შემომედავოთ - მმართველი პარტიის პირობებში კიდევ ჰო, მაგრამ ოპოზიცია განა ასეთს რა რესურსს დარაჯობსო? ან როგორ შეიძლება მას, ზედიზედ შვიდგზის წაგებული არჩევნების შემდეგ რეალური არჩევითობა ან განახლება არ აღელვებდესო? მაგალითისთვის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად პარტიების მხოლოდ(!) საბიუჯეტო წლიური დაფინანსება ასეთნაირად გამოიყურება:

  • „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ – 5 140 020 ლარი
  • „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 2 199 635 ლარი
  • „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“ – 1 124 409 ლარი
  • „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 1 043 120 ლარი
  • „გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი“ – 939 925.35 ლარი
  • „ლელო საქართველოსთვის“ – 803 560 ლარი
  • „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ – 240 000 ლარი
  • „პროგრესი და თავისუფლება“ – 12 000 ლარი
  • „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“ – 204 000 ლარი
  • „ევროპელი დემოკრატები“ – 460 000 ლარი
  • „კანონი და სამართალი“ – 104 436.15 ლარი
  • „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ – 289 710 ლარი


ზედმეტია იმის მტკიცება, რომ ამხელა რესურსზე კონტროლს ნებაყოფლობით არავინ დათმობს. არჩევითობა, კონკურენტული გარემო და პარტიული ფინანსური რესურსების გამჭვირვალება პირდაპირი საფრთხეა პოლიტიკის მუშაკებად ქცეული, დანიშნული ლიდერებისთვის, რომელთა ძალაუფლების და სტატუსის შენარჩუნების ერთადერთი ბერკეტი, მხოლოდ პარტიული რესურსების გამოყენებით და შიდაპარტიული დემოკრატიის დათრგუნვის გზითაა შესაძლებელი.
იქნებ პარტიების მიმართ საყოველთაო უნდობლობასაც, რომელიც მზარდ ტენდენციად გვევლინება ყველა ადგილობრივ თუ საერთაშორისო კვლევაში, სწორედ შიდაპარტიული დემოკრატიის დეფიციტი განაპირობებს? იქნებ ამიტომაა პოლიტიკა „ბინძური“ და ამ ე.წ. გადაუწყვეტელ მასებს სწორედ ეს აფრთხობს არჩევნებზე მისვლისგან? იქნებ, სწორედ ღირსეული ალტერნატივის და კრიტიკული საპროტესტო საპირწონეს ვერშექმნაზე ითბობს ხელს მავანი? იქნებ ამიტომ არაა საკმარისი„საპროტესტო მუხტი“? იქნებ პარტიული დემოკრატიის უგულვებელმყოფი ძალა საერთოდაც უუნაროა დემოკრატიულად მართოს სახელმწიფო, თუ მას რაღაც სასწაულით მართვის სადავეებთან მისვლის შესაძლებლობა მიეცა? იქნებ სწორედ აქაა სათავე იმ ღრმა ჭაობისა, რომლიდან ამოსვლას ქართველი ამომრჩეველი ამაოდ ცდილობს?!
როდესაც ვამბობთ, რომ „შიდაპარტიული ამბები“ ჩვენ არ გვეხება, ნუ დაგვავიწყდება, რომ სწორედ ჩვენ უნდა ვქმნიდეთ ჩვენი ნდობის პოლიტიკოსებსა და ლიდერებს, რომლებიც ჩვენ წინაშე იქნებიან ანგარიშვალდებულნი და არა მათი ხელოვნურად შემქმნელი ზემდგომებისა თუ ინტერესჯგუფების წინაშე. ნუ მივანდობთ ჩვენს ბედს სხვას ჩვენი მონაწილეობის გარეშე იმის გულუბრყვილო იმედით, რომ ძალაუფლებას, ჩვენი ზედამხედველობის გარეშე, ბოროტად არავინ გამოიყენებს. ჩვენი უშუალო მონაწილეობა და პარტიული დემოკრატიაა გარანტი იმისა, რომ პოლიტიკის ცალკეულმა მუშაკებმა, რომელთათვის პარტიული პოლიტიკა შემოსავლის წყარო უფროა, ვიდრე ამომრჩევლის სამსახური, ვეღარასდროს გაბედონ და თვითნებურად წამოიწყონ, ან შეწყვიტონ პოლიტიკური ბოიკოტი; თვითნებურად მოაწერონ ხელი პარტიული მხარდაჭერის არმქონე შეთანხმებებს ან - პიქირით; თვითნებურად გაინაწილონ პარტიული თანამდებობი; თვითნებურად შევიდნენ, ან არ შევიდნენ პარლამენტში; თვითნებურად ისაუბრონ ხალხის სახელით ხალხის გარეშე.

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

XS
SM
MD
LG