სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქ ილია მეორესა და ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას შორის შეხვედრის შესახებ ილაპარაკა „TV პირველის" ეთერში ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ეკა ხერხეულიძემ.
დეპუტატმა ციხეში მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ მას საქართველოს მესამე პრეზიდენტმა უამბო, პატრიარქსა და გიული ალასანიას შორის გამართული შეხვედრის შესახებ. ხერხეულიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ დედამისმა მისი რეალური მდგომარეობის შესახებ პატრიარქს ყველაფერი აცნობა. შეხვედრა 10 ნოემბერს გაიმართა.
როგორც ეკა ხერხეულიძე ამბობს, მითები იმის შესახებ, რომ პატრიარქმა არ იცის სააკაშვილი, როგორ არის, აღარ უნდა არსებობდეს. მისი თქმით, გიული ალასანია შეეცადა სრულად მიეწოდებინა ინფორმაცია, იმ საფრთხეების შესახებ, რაც ყოფილ პრეზიდენტს ემუქრება.
ხერხეულიძის განცხადებით, მან სააკაშვილისგან მოისმინა, რომ შეხვედრას პატრიარქთან ერთად ესწრებოდნენ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო და პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი.
მოგვიანებით გიული ალასანიამ, ჟურნალისტებთან დაადასტურა შეხვედრა პატრიარქთან, თუმცა დააზუსტა, რომ შეხვედრა იყო პირისპირ და მას საპატრიარქოს სხვა წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ.
ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 1 ოქტომბერს დააკავეს, ის ამ დროიდან შიმშილობს. პენიტენციურმა სამსახურმა მის ჯანმრთელობაზე ზრუნვის მოტივით, მისი ნების საწინააღმდეგოდ, 8 ნოემბერს ის რუსთავიდან გლდანში, მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანა.
სააკაშვილის რუსთავიდან გლდანში გადაყვანის კადრები პენიტენციურმა სამსახურმა 11 ნოემბერს გაავრცელა.
სტრასბურგის სასამართლოს მიერ სააკაშვილის საქმეზე დროებითი ღონისძიების შესახებ გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ, სააკაშვილი აცხადებს, რომ მზად არის შეწყვიტოს შიმშილობა, თუ მის მიერ წამოყენებული პირობები შესრულდება.
მიხეილ სააკაშვილი მზადაა მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში გადაყვანის შემთხვევაში შიმშილობა შეწყვიტოს, დათქმით, რომ ეს არ იქნება გორის სამხედრო ჰოსპიტალი.