საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შოთა თუთბერიძე რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ ამბობს, რომ ის, რაც პენიტენციური სამსახურის მიერ გასაჯაროებული კადრებით ჩანს, არის ანომალია, არა მარტო ექსპრეზიდენტის, არამედ ნებისმიერი პატიმრის მიმართ. გადაცემაში შოთა თუთბერიძემ თქვა, რომ იუსტიციის სამინისტროს მიხეილ სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში გადაყვანით, მისი ჯანმრთელობის დაცვის მიზანი არ ჰქონია. „დილის საუბრებში“ შოთა თუთბერიძე გამოთქვამს მოსაზრებას, რომ იუსტიციის სამინისტროს აქვს წინასწარ განზრახული მიზანი - მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე ფატალურად დასრულდეს:
„იუსტიციის სამინისტროს ყველა ქმედება, დაწყებული იქიდან, როცა მიხეილ სააკაშვილს დააბრალეს რომ ის არ შიმშილობდა და ბრალი დასდეს სიმულიანტობაში, დამთავრებული იმითი, რომ რუსთავში, სადაც იღებდა მედიკამენტებს, რაც აუცილებელი იყო მისი სასიცოცხლო მაჩვენებლების შესანარჩუნებლად, გადაყვანა იქ, სადაც იცოდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილი აბსოლუტურად შეწყვეტდა ამ წამლების მიღებასაც, ნიშნავს მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ იუსტიციის სამინისტროს აქვს უბრალოდ განსაზღვრული მიზანი, წინასწარი განზრახვა, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა უბრალოდ გაუარესდეს და ფატალურად დასრულდეს“, - განაცხადა შოთა თუთბერიძემ „დილის საუბრებში“. გადაცემაში მან თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის იძულებით გადაყვანით სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც დაზუსტებით იციან, რომ იმ მედიკამენტების მიღებასაც კი შეწყვეტს, რომელსაც ადრე იღებდა, იუსტიციის სამინისტრომ უხეშად დაარღვია ადამიანის უფლებები და კანონმდებლობა.
ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 1 ოქტომბერს დააკავეს, ის ამ დროიდან შიმშილობს. პენიტენციურმა სამსახურმა მის ჯანმრთელობაზე ზრუნვის მოტივით, მისი ნების საწინააღმდეგოდ, 8 ნოემბერს ის რუსთავიდან გლდანში, მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანა.
სააკაშვილის რუსთავიდან გლდანში გადაყვანის კადრები პენიტენციურმა სამსახურმა 11 ნოემბერს გაავრცელა.
სტრასბურგის სასამართლოს მიერ სააკაშვილის საქმეზე დროებითი ღონისძიების შესახებ გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ, სააკაშვილი აცხადებს, რომ მზად არის შეწყვიტოს შიმშილობა, თუ მის მიერ წამოყენებული პირობები შესრულდება.
სტრასბურგის სასამართლოდან იუსტიციის სამინისტროსთვის გაგზავნილ წერილში ვკითხულობთ: „10 ნოემბერს სასამართლომ, მორიგე მოსამართლემ, გადაწყვიტა მხარეების ინტერესებისა და სწორი პროცედურების წარმართვის მიზნით, მოუწოდოს მომჩივანს შიმშილობის შეწყვეტა. [მაგალითად მოიყვანა საქმე, სადაც ასევე შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა მომჩივანს, საქმის არსებითად განხილვამდე]".
სააკაშვილის ადვოკატის ნიკა გვარამიას თქმით, მიხეილ სააკაშვილი მზადაა მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში გადაყვანის შემთხვევაში შიმშილობა შეწყვიტოს, დათქმით, რომ ეს არ იქნება გორის სამხედრო ჰოსპიტალი.