Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი რუხაძე: დღეს საქართველო უკვე ჰგავს იანუკოვიჩის უკრაინას


გიორგი რუხაძე, "საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის" დამფუძნებელი
გიორგი რუხაძე, "საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის" დამფუძნებელი

„საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებელი, საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტი, გიორგი რუხაძე რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ აღნიშნავს, რომ დღეს საქართველოში ყველა ინდიკატორი არსებობს იმისა, რომ საქართველო იანუკოვიჩის უკრაინას თითქმის ყველა ასპექტში ჰგავს და ბევრი თვალსაზრისით საქმე უარესადაც კია.

„ანუ რეალურად დღევანდელმა საქართველომ ფაქტობრივად შეწყვიტა ნატოსკენ სწრაფვა. ბოლოს სიტყვა "მაპი" როდის გაიგონეთ ეთერით. მე მგონი დიდი ხანია აღარ გაგვიგონია. ეს არის ინდიკატორი ამისა. მეორე ამბავი არის ის, რომ საქართველოს ხელისუფლება თავისი ქმედებებით შეუძლებელს ხდის საქართველოს ევროკავშირში მეტად ინტეგრაციას. ამაზე უკვე საუბრობენ ღიად ევროპელი პოლიტიკოსები. გუშინდელი და გუშინწინდელი განცხადებებიც კმარა ამისთვის, რომ საქართველო ევროკავშირიდან ასე შორს არასდროს ყოფილა და მეორე კუბილიუსმა თქვა გუშინ, რომ რაღაც მომენტში საქართველოს მოსახლეობას მოუწევს აირჩიოს „ქართული ოცნება“ თუ მეტად ინტეგრაცია ევროკავშირში. ანუ ესეც არის მეორე სიმპტომი, რომელიც მაშინ უკრაინას სჭირდა, როდესაც იანუკოვიჩის ნაბიჯმა, არ მოეწერა ხელი ასოცირების ხელშეკრულებისთვის, შეუძლებელი გახადა ევროკავშირთან შემდგომი ინტეგრაცია“, - განაცხადა გიორგი რუხაძემ „დილის საუბრებში“.

ანალიტიკოსის შეფასებით, დასავლელი პარტნიორები ხედავენ, რომ საქართველო დიდი სისწრაფით შორდება „ევროატლანტიკურ ლიანდაგს“ და შეიძლება ეს შეუქცევადი პროცესი გახდეს. გიორგი რუხაძემ „დილის საუბრებში“ თქვა ისიც, რომ საქართველოში დღეისათვის არსებობს იმის საფრთხეც, რომ არჩევნები სიმბოლური აქტი გახდეს და შესაბამისად ჩნდება მსგავსება რუსულ ჰიბრიდულ დემოკრატიასთანაც:

„ვახსენე იანუკოვიჩს უკრაინა, მაგრამ რუსული ჰიბრიდული თუ დამოუკიდებელი დემოკრატიის ელემენტებიც გვაქვს უკვე, დაკავებები და ასე შემდეგ. მიხეილ სააკაშვილი ციხეში და იქ ტიმოშენკო ციხეში და იგივე რუსეთში ნავალნი ციხეში და ასე შემდეგ, პარალელები შეიძლება. ამას ხედავენ ჩვენი დასავლელი მეგობრები და პლიუს კიდევ არის ამოქმედებული ეს სამი პლიუს სამი ფორმატი, რომელიც ჯერ რა არის ვერავინ გაიგო, თუმცა შეშფოთებები დასავლეთიდან ისმის აშკარად და რეალურად თუ საქართველო მოსწყდა დასავლურ ორბიტას, რისი მოხდენის ელემენტებსაც ჩვენ ვხედავთ, შემდეგ უკვე სხვა გამოსავალი ისედაც არ ექნება საქართველოს და შედეგად მივიღებთ იმას, რომ საქართველო იქნება რაღაც ურთიერთობაში დემოკრატიულ დასავლეთთან, მაგრამ მისი ძირითადი ინტერესები და მისი ძირითადი ურთიერთობის სივრცე იქნება კავკასია და უფრო ფართო რეგიონი და მეგობრები და პარტნიორები იქნებიან რუსეთი, თურქეთი, ირანი ასე შემდეგ“, - განაცხადა გიორგი რუხაძემ, რომლის თანახმადაც საქართველოს დასავლელი პარტნიორების სურვილია, რომ შექმნილ ვითარებაში გამოსავალი არჩევნები, შერიგება და რეფორმები იყოს:

„რეალურად ეს ესე არ გამოდის იქიდან გამომდინარეც, რომ არც ხელისუფლება ტოვებს სხვა შესაძლებლობას და მეორეს მხრივ, არც ოპოზიციას აქვს სხვა ბევრი ოფცია იმისათვის, რომ უპასუხოს ამ გამოწვევას. შესაბამისად ვიღებთ იმას, რასაც ვიღებთ“, - განაცხადა „დილის საუბრებში“ გიორგი რუხაძემ. მისი შეფასებით, ოპოზიციამ მეტი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ახალ და სამართლიან არჩევნებამდე მივიდეს.

„რასაც აკეთებს სწორია და დასაფასებელია, მაგრამ საჭიროა მეტი სიმწვავე და მეტი ზეწოლა ხელისუფლებაში მყოფ ძალაზე იმისათვის, რომ მან დაიხიოს უკან“, - აღნიშნა გიორგი რუხაძემ "დილის საუბრებში".

XS
SM
MD
LG