ცენტრ „ემპათიის“ ექსპერტთა ჯგუფი განცხადებას აქვეყნებს, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოს ციხეთა სისტემაში „წამების ფაქტზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის" შესახებ.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ექსპერტთა ჯგუფმა, მაღალკვალიფიციური, სხვადასხვა სპეციალობის 7 ექიმი-ექსპერტის მონაწილეობით, დაასრულა მუშაობა სტამბოლის პროტოკოლით მიმდინარე სასამართლო სამედიცინო და ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაზე.
შემაჯამებელ დასკვნაში აღნიშნულია, რომ მიხეილ სააკაშვილი საპატიმრო დაწესებულებებში ყოფნისას დაექვემდებარა სხვადასხვა სახის ღირსების შემლახავ მოპყრობას, ფსიქოლოგიურ ზეწოლას, ხოლო მე-18 დაწესებულებაში გადაყვანისას დაექვემდებარა, როგორც ფსიქოლოგიურ წამებას, ასევე ფიზიკურ წამებას და არანებაყოფლობითი სამედიცინო ინტერვენციის მცდელობას, რამაც პაციენტს უარი ათქმევინა სამედიცინო მომსახურებაზე, რაც რისკის ქვეშ აყენებს მის სიცოცხლეს და საჭიროებს დაუყოვნებელ ზომებს, პაციენტის სხვა სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის სახით.
დასკვნის თანახმად, სააკაშვილის მიმართ მოპყრობა შეფასებულია წამებად. „ზეწოლის ფაქტების ინტენსივობისა და ხანგრძლივობიდან გამომდინარე, რაც შიმშილობის ხანგრძლივობასა და სამედიცინო დახმარებაზე უარის თქმაში აისახება და მიზნად ისახავს პოლიტიკურ შურისძიებას, მიხეილ სააკაშვილის დისკრიმინაციასა და საზოგადოების დეზინფორმირებას, მივიჩნევთ, რომ კანონდარღვევები და ძალადობის გამოყენებული მეთოდები, ერთობლიობაში უნდა შეფასდეს, როგორც პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსის წამება“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
ორგანიზაცია მიუთითებს წამების მეთოდებზე, რომელიც გამოიყენეს მიხეილ სააკაშვილის მიმართ:
ფსიქოლოგიური მეთოდები (N12 დაწესებულება: 01/10/2021 დან - 08/11/2021 მდე):
- „დეპრივაცია, იზოლაცია; (სამარტოო საკანი ვიდეო მეთვალყურეობით, ფანჯრების დაბურვა, ერთი დღით ადვოკატებთან კონფიდენციური ურთიერთობის შეზღუდვა, კონფიდენციურობა ხერხდება წერილობითი ფორმით).
- უკრაინელი ადვოკატის არ შემოშვება საქართველოში
- სიტყვიერი შეურაცხყოფა, დისკრედიტაციის მცდელობა: საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მმართველი სახელისუფლებო პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარისა და სხვა მაღალჩინოსნების მხრიდან.
- სამედიცინო ხასიათის დანიშნულების შესრულებისას ვიდეოჩანაწერის გასაჯაროება
- სამედიცინო ნაწილში ვიდეომეთვალყურეობა
- სამედიცინო კონფიდენციურობის დარღვევა
- ადეკვატური სამედიცინო დახმარების უქონლობა
- დისკრიმინაცია პოლიტიკური მოტივით, ჯანდაცვის სერვისებით მანიპულირება
- ალტერნატიულ სამედიცინო აზრსა და ექსპერტიზაზე კანონიერი უფლების შეზღუდვა."
ღირსების შემლახავი მოპყრობის მცდელობა
„ღირსების შემლახავი მოპყრობის მცდელობა და მუქარა მე-18 დაწესებულებაში გადაყვანით (ციხეთა საავადმყოფო, მე-8 საპყრობილის ტერიტორიაზე, სადაც პატიმრები ასრულებენ სანიტრების ფუნქციას და კრიმინალური სუბკულტურა დომინირებს)".
პოლიტიკური დევნა და პოლიტიკური მართლმსაჯულება
08/11/2021 - ში, N12 დაწესებულებიდან N18 დაწესებულებაში გადაყვანის გარემოებები და ფსიქოლოგიური და ფიზიკური წამების მეთოდები 08 – 09/11/2021 წ. მდგომარეობით:
„მოტყუებით, ინფორმირებული თანხმობის გარეშე N12 დაწესებულებიდან მოშიმშილე პატიმრის გადაყვანა N18 დაწესებულებაში.
ადვოკატებისა და ოჯახის წევრების დეზინფორმირება - არ მიეწოდებოდათ ინფორმაცია, თუ სად იმყოფებოდა მიხეილ სააკაშვილი, რამოდენიმე საათის განმავლობაში.
სამედიცინო კონსილიუმის წევრებისა და თვითონ პაციენტის მიხეილ სააკაშვილის დეზინფორმირება, სავარაუდოდ, პენიტენციური სამსახურის ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ქნ. დემურიშვილის მხრიდან.
მე-8 საპყრობილის ტერიტორიაზე მდებარე N 18 დაწესებულებაში შეყვანისას სავარაუდოდ და დიდი ალბათობით კრიმინალური სუბკულტურისა და ადმინისტრაციის თანამონაწილეობით, წაქეზებით ან/და მდუმარე თანხმობით ხმაური და ვერბალური შეურაცხყოფის მიყენება პატიმარ მიხეილ სააკაშვილისადმი, რომელიც დღემდე გრძელდება და მოშიმშილე პატიმარი იმყოფება ამგვარი ფსიქოლოგიური დისტრესის ქვეშ.
მე-18 დაწესებულებაში თანამშრომლების მხრიდან ვერბალური ძალადობა, დამამცირებელი მოპყრობა და მუქარა.
N18 დაწესებულებაში არანებაყოფლობითი სამედიცინო მანიპულაციის ჩატარების მცდელობა, რაც მოიცავდა როგორც ფსიქოლოგიურ, ასევე ფიზიკურ ძალადობას, საწოლზე დაბმის მცდელობის სახით, რაზედაც მოშიმშილე პატიმარმა წინააღმდეგობა გაწია.
საზოგადოების დეზინფორმაციის მცდელობა იუსტიციის მინისტრ ბრეგაძის მხრიდან და მისი მიკერძოებულობა პატიმრის ინტერესების საზიანოდ".
ფიზიკური ძალადობა:
„ძალით გადმოთრევა ავტომობილიდან და ძალით შეთრევა მიწაზე გახოხიალებით N18 დაწესებულებაში. კისერში ჩარტყმა, ტანსაცმელის შემოხევა.
აღნიშნული ზემოქმედების შედეგად, მოშიმშილე პატიმარმა, შიმშილობის მე-40 დღეს უარი განაცხადა ყოველგვარ თანამშრომლობაზე, ეგრეთ წოდებული N18 პატიმართა სამკურნალო დაწესებულების, საეჭვო მედპერსონალთან, რითიც საფრთხე შეექმნა მის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს".
ორგანიზაციის თანახმად, მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ციხეთა სისტემაში იმყოფება სიცოცხლის მოსპობის რისკის ქვეშ. დასკვნაში ვკითხულობთ, რომ პოლიტიკური ანგარიშსწორების მუქარის შემცველია ასევე ხელისუფლების მაღალჩინოსნების საჯარო განცხადებებიც.
როგორც „ემპათია" მიუთითებს, „იმისათვის, რომ მიხეილ სააკაშვილი გლდანში, მე-8 საპყრობილის ტერიტორიაზე განთავსებულ მე-18 დაწესებულებაში გადაეყვანათ, სამედიცინო კადრების მობილიზება-აყვანა დაიწყეს უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში, ხოლო, უმცროსი მედპერსონალის საკითხი, რომლის ფუნქციასაც პატიმრები ასრულებდნენ, კვლავაც გაურკვეველი რჩება".
გარდა ამისა, „ემპათია" აღნიშნავს, რომ კლინიკის აღჭურვა დაიწყეს უკანასკნელ პერიოდში, რაც, მისი შეფასებით, იმაზე მეტყველებს, რომ ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციისათვის საჭირო გუნდური მუშაობის გამოცდილება აღნიშნულ კლინიკას არ გააჩნია და მიხეილ სააკაშვილი არის პირველი პაციენტი, რომელიც აქ განთავსდა, რაც ქმნის პატიმარზე სამედიცინო ექსპერიმენტის ჩატარების საფრთხეს.
„ემპათიის" განცხადებაში ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილს სჭირდება უფლებრივი, ასევე ჯანდაცვის მდგომარეობის მონიტორინგი, ასევე კომპლექსური სამედიცინო - ფსიქოლოგიური რეაბილიტაციური ღონისძიებები, რის გამოც ექსპერტთა ჯგუფი კვლავაც აგრძელებს სიტუაციის მონიტორინგს და მოითხოვს დაშვებას მიხეილ სააკაშვილთან, გაფართოებული შემადგენლობით, ვინაიდან, ორგანიზაციის შეფასებით, საქმე შესაძლოა ეხებოდეს ფიზიკურ დაზიანებებსაც (08/11/2021 წელს გამოსაკვლევ პირზე N 18 - ე დაწესებულებაში განხორციელებული ფიზიკური ძალადობის გამო).
განცხადებაში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ამ ეტაპზე პირველხარისხოვან ამოცანად მიჩნეულია გამოსაკვლევი პირის/პაციენტის, პატიმრის მიმართ ფსიქოლოგიური წამების შეწყვეტა და მისი სიცოცხლისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა, რაც, მისი შეფასებით, როგორც მინიმუმ, ვერ განხორციელდება N18 დაწესებულებაში და, ზოგადად, საქართველოს ციხეთა სისტემაში.