Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავითულიანი: არ მგონია, რომ უფრო კომპეტენტური იყოს აშშ-ის ელჩი, ვიდრე პენიტენციური სისტემა


ბექა დავითულიანი
ბექა დავითულიანი

„ქართული ოცნების" დეპუტატმა, ბექა დავითულიანმა შეაფასა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ მოპყრობის შესახებ აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადება.

„არ ვარ დარწმუნებული და ნამდვილად არ მგონია, რომ უფრო კომპეტენტური იყოს ამერიკის ელჩი, ვიდრე არის პენიტენციური სისტემა საკუთარი პატიმრის დაცვის თვალსაზრისით, სად უფრო უსაფრთხოდ აგრძნობინებს თავს. რა გავაკეთო ახლა, რახან ამერიკის ელჩია, იმას ხო არ ნიშნავს, რომ მართალია აპრიორი", - თქვა ბექა დავითულიანმა „პალიტრანიუსის" ეთერში.

ელჩმა 9 ნოემბერს განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ყურადღებით განაგრძობს დაკვირვებას სააკაშვილის ჯანმრთელობასა და უფლებრივ მდგომარეობაზე.

„მთავრობას მოვუწოდებთ, უზრუნველყონ, რომ სააკაშვილმა მიიღოს სრულყოფილი სამედიცინო დახმარება სრულად აღჭურვილ დაწესებულებაში. მოვუწოდებთ სააკაშვილსაც, მოუსმინოს და დაუჯეროს თავის ექიმებს", - თქვა კელი დეგნანმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პირველი ოქტომბრიდან, დაკავების დღიდან, უკვე მე-40 დღეა ციხეში შიმშილობს. მთავრობა ამ დრომდე უარს აცხადებს სააკაშვილის სამოქალაქო ტიპის საავადმყოფოში გადაყვანაზე. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი თავისი ნების საწინააღმეგოდ 8 ნოემბერს რუსთავის მე-12 დაწესებულებიდან გადაიყვანეს გლდანში, სასჯელაღსრულების მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში.

მოგვიანებით იუსტიციის მინისტრმა ტელეკომპანია "იმედს" უთხრა, რომ სააკაშვილმა დაწესებულებაში შეყვანისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა სამინისტროს თანამშრომლებს. იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში კი დამატებით საუბარია სამედიცინო ტექნიკის დაზიანებაზეც.

XS
SM
MD
LG