Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანა ფოტიგა: რაც ახლა ხდება მიხეილ სააკაშვილის თავს, არასწორია


ანა ფოტიგა, ევროპარლამენტის წევრი
ანა ფოტიგა, ევროპარლამენტის წევრი

"მას ჰქონდა სრული უფლება ჩასულიყო თავის ქვეყანაში და მე იმედი მაქვს ნამდვილი, ღია სასამართლო პროცესის. ვიცი, რომ შიმშილობს. მისი მეგობრები ევროპარლამენტში შეშფოთებულები ვართ. საკმაოდ ბევრნი ვართ ასეთები. ამასთან, ჩვენ საქართველოს მეგობრები ვართ და ვიცით არ უნდა მოვახდინოთ ზეწოლა. საქართველოს ხალხის გადასაწყვეტია, ვინ მართოს მათი ქვეყანა.

თუკი საქართველოს მეგობრების აზრი გაინტერესებთ, და მე მუდმივად ვაკვირდები საქართველოს, რაც ახლა ხდება, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის თავს, არასწორია. რაღაცნაირად მაფორიაქებს და არ მასვენებს ფიქრი იმაზე, რომ ის ასე ძალიან სძულდა პუტინს. მთელ მსოფლიოში ხომ ასეთი აშკარაა რუსეთის მიმართ პოლიტიკის რაღაცნაირად შერბილების ნება.

გთხოვთ, შეინარჩუნეთ სიმტკიცე. გთხოვთ, უპირველეს ყოვლისა გამონახეთ გამოსავლის გზა, ეს თქვენი საქმეა და არა ჩვენი, ჩვენ მხოლოდ ხელშეწყობა შეგვიძლია. ვაქებ ევროკავშირის პოლიტიკას, განსაკუთრებით შარლ მიშელისა და ყველაზე მეტად ელჩ ჰარცელის როლს", - განაცხადა 9 ნოემბერს ანა ფოტიგამ, ევროპარლამენტის წევრმა, პოლონეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" მიერ ორგანიზებულ ონლაინ ღონისძიებაზე, რომელიც საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობაზე გავლენას შეეხებოდა.

პოლონელი პოლიტიკოსი აცხადებს, რომ "პოლიტიკური მართლმსაჯულება უნდა იყოს აცილებული" და ფიქრობს, რომ "ოპონენტების განადგურების ეს გზა არის უკიდურესად საზიანო საქართველოსთვის, გეოპოლიტიკური თვალსაზრისითაც". ანა ფოტიგას შეფასებით, საქართველო "აურაცხელი საფრთხის წინაშე დგას და ჩვენ ამას ყოველდღიურად ვხედავთ რეგიონში და საკუთრივ საქართველოსთან მიმართებით. ევროპარლამენტის როლი აქ ძალიან პოზიტიურია და ჩვენ მხარს ვუჭერთ თქვენს ქვეყანას იმის მიუხედავად, ვინ არის ხელისუფლების სათავეში".

ანა ფოტიგას აზრით, "საუკეთესო გადაწყვეტილება იქნებოდა სააკაშვილის გათავისუფლება პატიმრობიდან და მისთვის სასამართლოს წინაშე წარდგომის საშუალების მიცემა. რა თქმა უნდა, მას აქვს ადეკვატური ჯანდაცვისა და ადვოკატებთან წვდომის უფლება. აგრეთვე ვხედავ მსგავსებას სხვა უწინდელ სასამართლო პროცესებთან, როცა განაჩენი სასამართლომდე ცხადდება საჯარო განცხადებებში. შეშფოთებული ვარ".

"საქართველოს მომავლისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია რაღაც სახის წონასწორობის მიღწევა პოლიტიკურ სცენაზე", - აცხადებს ევროპარლამენტარი და ამის მიღწევის გზად დიალოგს ხედავს:

"მსურს დიალოგის ხილვა, თუმცა ჩემთვის ძალიან შემაშფოთებელი იქნება, თუკი ამ დიალოგის ფასი არის იმ ადამიანების ბედი, რომლებსაც მე ვთვლი მამაც, უშიშარ პატრიოტებად. შეიძლება, ვცდებოდე, მაგრამ ძალიან დიდი პოლიტიკური და ანტიკომუნისტური ოპოზიციური გამოცდილება მაქვს და რასაც საქართველოში ვხედავ, შეშფოთების საფუძველს მაძლევს".

ანა ფოტიგამ 9 ნოემბრის ონლაინ კონფერენციაზე გამოსვლისას მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდიც გაიხსენა:

"კარგად ვიცი, რომ მისი მმართველობა არ იყო უნაკლო. იგივე შეფასება ჰქონდა მისი პრეზიდენტობის გვიანდელ პერიოდზე ლეხ კაჩინსკისაც. საქართველოში ვიზიტისას ის ოპოზიციის ლიდერებსაც ხვდებოდა, საქართველოს ხელისუფლების მიმართ პოზიტიური დამოკიდებულების მიუხედავად".

ევროპარლამენტის წევრი აგრეთვე იხსენებს, რომ ის მოწმე იყო 2012 წელს მიხეილ სააკაშვილის მიერ არჩევნებში ოპონენტის გამარჯვების აღიარებისა და ძალაუფლების მშვიდობიანად დათმობისა:

"მე იქ ვიყავი, არჩევნებს ვაკვირდებოდი და მოვისმინე მისი გამოსვლა ეგზიტპოლების გამოქვეყნებიდან მალევე, მან აღიარა ოპონენტების გამარჯვება და იქცეოდა უკიდურესად მშვიდობიანად. და, რა დაემართა მერე მას? ის იქცა მიუღებლად და აღმოჩნდა კანონს მიღმა, განდევნილად. რა უნდა ვილაპარაკოთ სასამართლო სისტემაზე? მთელი იმ დროის მანძილზე ყოველგვარი სასამართლოს გარეშე მესმოდა მისი განაჩენის შესახებ განცხადებები", - აღნიშნა ანა ფოტიგამ.

XS
SM
MD
LG