საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია არ არის დარწმუნებული, რომ მისი შვილი გლდანის პენიტენციური დაწესებულების კლინიკაშია გადაყვანილი. ამის შესახებ მან ბრიფინგზე ისაუბრა და გაიხსენა, რა ხდებოდა იმ დროს, როცა ის რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებასთან უცდიდა შვილთან შეხვედრის უფლების მიღებას.
"დღეს უნდა შევსულიყავით ჩემი შვილის სანახავად, საგანგებოდ ჩამოსული იყო ჩემი შვილიშვილი, რომელიც ამ ღამით უნდა გაფრინდეს... რომ გავიდა საათები, არავინ არ დაგვიძახა, ვიღაცამ მოიტანა ამბავი ჩვენამდე, რომ პირადი ექიმი იყო შესული - ჩვენ, ოჯახის წევრები ველოდებით იქ, დაახლოებით ექვს საათზეა საუბარი...
უცებ, ვიგებ, რომ ორი ბრონირებული მანქანა გავიდა ტერიტორიიდან, მეც გამიჩნდა ეჭვი... ცოტა ხნის შემდეგ დავინახე ვერტმფრენი და ამოძრავდა ხალხი, უკვე ნათელი გახდა, რაც მოხდა. ფაქტობრივად, ჩემი შვილი აღარ იყო ტერიტორიაზე... აღმოჩნდა უცებ, რომ არავინ იცოდა, სად იყო მიხეილ სააკაშვილი, სად დაიკარგა პატიმარი...
ჩემი თხოვნა არის, ზუსტად ვიცოდე, სად იმყოფება ჩემი შვილი მიხეილ სააკაშვილი. ასევე, ჩემი თხოვნა არის, დაშვებული იყოს პირადი ექიმი და სახალხო დამცველი", - თქვა გიული ალასანიამ.
დღეს, 8 ნოემბერს, დაახლოებით 17:50 საათზე სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ, მედიას უთხრა, რომ მისი შვილი რუსთავის ციხიდან ვერტმფრენით გადაიყვანეს. ამას ალასანია ციხის ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებზე დაყრდნობით ამბობდა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, სამართალდამცავებმა ქვეყანაში დაბრუნებიდან რამდენიმე დღეში, 1 ოქტომბერს დააკავეს. მას ორ სისხლის სამართლის საქმეზე საქართველოს სასამართლოებმა პატიმრობა შეუფარდეს. სააკაშვილმა დაკავების მომენტიდან შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობის დაწყებიდან გასულია 39 დღე.
დღეს, 8 ნოემბერს, მისმა მკურნალმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ თქვა, რომ კონსილიუმის, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით არის შექმნილი, რეკომენდაციაა ექსპრეზიდენტი გადაიყვანონ მრავალპროფილურ კლინიკაში.
სააკაშვილი წინააღმდეგი იყო ციხის საავადმყოფოში გადაყვანის, ხელისუფლება კი აცხადებდა, რომ თუ ჰოსპიტალიზება გახდებოდა საჭირო, მას გლდანის პენიტენციური დაწესებულების ბაზაზე არსებულ საავადმყოფოში მოათავსებდნენ.