Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარტიული ფინანსები - შიდაპარტიული დემოკრატიის აქილევსის ქუსლი


ავტორი: გიგა ჯოხაძე


უკანასკნელი ათწლეულების ტენდენცია აჩვენებს, რომ პოლიტიკური სისტემის პერსონიფიკაციის ზრდადი ტემპის მიუხედავად, პარტიები პოლიტიკური პროცესების მიმდინარეობაში დღემდე ცენტრალურ როლს თამაშობენ. ქვეყნებში, სადაც არჩევნები რეგულარულად ტარდება (არჩევნები დღესდღეობით მხოლოდ 10-მდე სახელმწიფოში არ ტარდება. მათი უმრავლესობა აბსოლუტური მონარქიაა, რომელსაც სამეფო ოჯახი მართავს. ზემოხსენებულ სახელმწიფოებში პოლიტიკური პარტიების არსებობა კანონმდებლობით იკრძალება), სწორედ პარტიები აკომპლექტებენ ხელისუფლებებს, ქმნიან პოლიტიკურ დღის წესრიგს და, აქედან გამომდინარე, დემოკრატიის ძირითადი აგენტები არიან. ცხადია, პარტიათა დაფუძნება და მათი ეფექტური ფუნქციონირება სოლიდურ ფინანსურ რესურსებთანაა დაკავშირებული, რომლის განკარგვა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს შიდაპარტიული დემოკრატიის დონეზე. როგორია საქართველოში არსებულ პარტიათა დაფინანსების მოდელი? რა პრობლემებსა და გამოწვევებს ქმნის ის? აქვს თუ არა სახელმწიფოს პარტიული ფინანსების კონტროლის ეფექტური მექანიზმი? ვინ იღებს პარტიაში გადაწყვეტილებებს ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით? იციან თუ არა პარტიის რიგითმა წევრებმა რაში იხარჯება პარტიის ფული? აქვთ თუ არა გავლენა რეგიონულ ორგანიზაციებს ფინანსების განაწილების პროცესზე? - ეს ის ძირითადი კითხვებია, რომლებიც პარტიულ ფინანსებსა და შიდაპარტიული დემოკრატიის ხარისხს შორის კორელაციის დადგენაში დაგვეხმარება. მოცემულ კითხვებზე საპასუხოდ, უპირველესად, საჭიროა მიმოვიხილოთ პარტიების დაფინანსების ქართული მოდელის ნაკლოვანებები და ფინანსების კონტროლის ნაწილში არსებული გამოწვევები.

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, პარტიები დაფინანსებას სამი ძირითადი გზით იღებენ: 1. საბიუჯეტო დაფინანსება, რომელსაც ყველა ის პარტია იღებს, რომელიც უკანასკნელ არჩევნებში ბუნებრივ ბარიერს გადალახავს და ხმების მინიმუმ 1%-ს მიიღებს. დაფინანსების რაოდენობა პარტიის მიერ მიღებული ხმების მიხედვით განისაზღვრება; 2. საწევრო შენატანები, რომლის მინიმალურ რაოდენობას პარტიები ინდივიდუალურად ადგენენ, ხოლო კანონმდებლობის მიხედვით, მაქსიმალური რაოდენობა ყოველწლიურად არ უნდა აღემატებოდეს 1200 ლარს; 3. კერძო შემოწირულობები, რომელიც ფიზიკური პირისთვის ერთი კალენდარული წლის მანძილზე მაქსიმუმ 60 000, ხოლო იურიდიული პირისთვის 120 000 ლარით განისაზღვრება. 2020 წლის მონაცემებით, პარტიების საერთო ფინანსების 60% საბიუჯეტო დაფინანსებაზე მოდიოდა, ხოლო 40% კერძო კონტრიბუციებზე.

შიდაპარტიული დემოკრატიის მკვლევართა ნაწილი მიიჩნევს, რომ პარტიების დაფინანსების საბიუჯეტო მოდელი პარტიული სისტემის განვითარებისა და დემოკრატიის კონსოლიდაციის ერთ-ერთი წინაპირობაა, რამდენადაც ამ უკანასკნელის მიზანია აღმოფხვრას მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის არსებული დისპროპორცია, თუმცა, საქართველოს შემთხვევაში, ტრანზიციის პერიოდში მყოფი ქვეყნისთვის დამახასიათებელი გამოწვევები, მათ შორის: სუსტი სახელმწიფო ინსტიტუტები, პოლიტიკური და ეკონომიკური არასტაბილურობა, პოლარიზაციის კრიტიკულად მაღალი დონე არათუ ამცირებს, არამედ უფრო მეტად

აძლიერებს ზემოხსენებულ ფინანსურ უთანასწორობას (განსაკუთრებით კერძო შემოწირულობების ნაწილში). მაგალითად, 2020 წელს მმართველმა პარტიამ საერთო კერძო შემოწირულობების 48% მიიღო, რაც დაახლოებით 3-ჯერ აღემატებოდა მეორე ადგილზე მყოფი პარტიის შემოწირულობებს და თითქმის ორჯერ აღემატებოდა დანარჩენი 27 პოლიტიკური პარტიის ჯამურად მიღებულ კონტრიბუციას.

ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ხელისუფლების დაკარგვა ავტომატურად კერძო შემოწირულობების მნიშვნელოვანი ნაწილის დაკარგვასაც გულისხმობს. შესაბამისად, მსხვილი კონტრიბუტორებისთვის, რომელთათვისაც პრიორიტეტი ფინანსური სტაბილურობაა, პარტიებს არა იდეოლოგიური მხარდაჭერის, არამედ ფინანსური სარგებლის მისაღებად აფინანსებენ. დაფინანსების არსებული მოდელი კორუფციული გარიგებების რისკებს მნიშვნელოვნად ზრდის, განსაკუთრებით მმართველი პარტიის მხრიდან, რომელსაც აქვს შესაძლებლობა, გაურიგდეს პოტენციურ შემომწირველს და მას დაფინანსების სანაცვლოდ კონკრეტული სარგებელი შესთავაზოს. ასეთი სარგებელი შეიძლება იყოს ტენდერების მოგება ან გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვების მიღება.

ფინანსების უთანასწორო განაწილება გულისხმობს იმას, რომ მმართველი პარტია დანარჩენ პარტიებთან შედარებით არაპროპორციულად დიდი რაოდენობის ფინანსების მობილიზებას ახერხებს, ხოლო ოპოზიციური პარტიები იმდენად სუსტია, რომ მათი არსებობა საბიუჯეტო რესურსებზეა დამოკიდებული. ქართულ პოლიტიკურ პარტიებს შორის ფინანსების არაპროპორციული განაწილება უარყოფით გავლენას ახდენს შიდაპარტიული დემოკრატიის ხარისხზე, რაც შესაბამისად ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხელისშემშლელი ფაქტორია. ერთი მხრივ, მმართველი პარტიის შეუზღუდავი პოლიტიკური და ეკონომიკური ძალაუფლება, ხოლო, მეორე მხრივ, ოპოზიციური პარტიების უკიდურესი სისუსტე ამცირებს პარტიების ფინანსურ გამჭვირვალობას და ზრდის პარტიის ლიდერთა კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობის შესაძლებლობას, რომელშიც, ჩვეულებრივ, პარტიის ლიდერი და მასთან დაახლოებული რამდენიმე ინდივიდი მონაწილეობს, ხოლო პარტიის რიგით წევრებს წარმოდგენა არ აქვთ, როგორ ახერხებს პარტია ამ რაოდენობით თანხის მობილიზებას.

პარტიული ფინანსების კონტროლის მიმართულებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გამოწვევა კანონის აღსრულების ეფექტური მექანიზმის არარსებობაა. პარტიების ფინანსური მდგომარეობის შეფასება და არსებული ხარვეზების გამოვლენა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პრეროგატივაა, რომელიც საკმაოდ არაეფექტურია პარტიულ კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით. სახელმწიფო აუდიტის სამსახური მხოლოდ პარტიების ფინანსურ მონიტორინგს ახორციელებს და მას არ გააჩნია კანონის აღსრულების რაიმე მექანიზმი. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) 2020 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობა ძირითადად არა კორუფციის პრევენციითა და პოლიტიკური კონტროლით, არამედ მარტივად შესამჩნევი დარღვევების იდენტიფიცირებით შემოიფარგლება, რადგან მისი უფლებამოსილება სერიოზული და სისტემატური დარღვევების გამოვლენას არ ითვალისწინებს.

კანონის აღსრულების ეფექტური მექანიზმის არარსებობა შიდაპარტიული დემოკრატიის განვითარებას ხელს ორი ძირითადი მიზეზის გამო უშლის: 1. ის ვერ უზრუნველყოფს პარტიის ფინანსების გამჭვირვალობას, რაც ხელს უწყობს პარტიის ლიდერებსა და რიგით წევრებს შორის უნდობლობის გაღრმავებას, რადგან ამ უკანასკნელმა არ იცის რა გზით მოიპოვება და რაში იხარჯება პარტიის ფინანსები; 2. პარტიის ლიდერები უფრო თამამად შედიან კორუფციულ გარიგებებში. არალეგალურად მოპოვებული ფულის გათეთრებაშიც, როგორც წესი, პარტიის ლიდერი და მასთან დაახლოებული ადამიანების უკიდურესად ექსკლუზიური წრე მონაწილეობს, რაც გადაწყვეტილებების მიღების პროცესში პარტიის რიგითი წევრების ჩართულობას ნომინალურს ხდის.

პარტიული ფინანსების კონტროლს უფრო მეტად ართულებს ის ფაქტი, რომ არჩევნებში ზღვარგადალახული თითოეული პარტია იღებს დაფინანსებას, თუმცა, სახელმწიფო მათ შესაბამის ფინანსურ ვალდებულებებს არ უწესებს. სახელმწიფოთა უმრავლესობაში პარტიები საბიუჯეტო დაფინანსებასთან ერთად კონკრეტულ ვალდებულებებსაც იღებენ. ამგვარი პრაქტიკა ფართოდაა გავრცელებული ევროპაში. ევროპული სახელმწიფოების გარკვეული ნაწილი პარტიებს გამოუყოფს ფინანსურ რესურსს კონკრეტული მიზნებისთვის, მაგალითად მიმდინარე პარტიული აქტივობებისთვის (სერბეთი, სლოვენია), ქალების ჩართულობის წასახალისებლად (ფინეთი), კვლევითი მიმართულების განვითარებისთვის (საბერძნეთი, პოლონეთი) ან ახალგაზრდების პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის გასაზრდელად (ირლანდია). პარტიის შემოსავლების განაწილების ნაწილში განსაკუთრებით ყურადსაღებია პარტიის რეგიონული ოფისების ფინანსური დამოუკიდებლობის საკითხი. სახელმწიფოთა გარკვეულ ნაწილში პარტიები დაფინანსებას მხოლოდ იმ პირობით იღებენ, რომ ისინი ხელს შეუწყობენ პარტიის დეცენტრალიზაციას, რაც რეგიონულ ოფისებს ცენტრალური აპარატისგან სრულიად დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარების შესაძლებლობას მისცემს (მათ შორის ფინანსების განკარგვის ნაწილშიც). ზემოხსენებული სახელმწიფოებისგან განსხვავებით, საქართველოში არსებული პარტიები დაფინანსების პარალელურად, კონკრეტულ ვალდებულებებს არ იღებენ. შესაბამისად, პარტიები რჩებიან უკიდურესად ცენტრალიზებულ წარმონაქმნად, რომელშიც ცენტრალური აპარატი (პარტიის ლიდერთა ექსკლუზიური წრე) იღებს გადაწყვეტილებას იმის შესახებ, თუ რაში უნდა დახარჯოს რეგიონულმა ოფისმა ისედაც შეზღუდული ფინანსური რესურსი, რომელიც ძირითადად ხელფასების დარიგებას ხმარდება. სახელმწიფოს მხრიდან პარტიებისთვის კონკრეტული ფინანსური ვალდებულებების არდაწესება ხელს უწყობს პარტიის ცენტრალიზაციას, რაც, თავის მხრივ, ხელს უშლის შიდაპარტიული დემოკრატიის განვითარებას.

შეჯამებისთვის შეიძლება ითქვას, რომ პარტიების დაფინანსების არსებული მოდელი და ფინანსების კონტროლის ეფექტური მექანიზმის არარსებობა ხელს უშლის ქართულ პარტიებში შიდაპარტიული დემოკრატიის ორი ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებლის: ინკლუზიურობისა და დეცენტრალიზაციის განვითარებას. საქართველოს პარტიებში ფინანსების კონტროლი უკიდურესად ექსკლუზიური პროცესია, რადგან ის მთლიანად ერთი კონკრეტული ლიდერის ან ლიდერთა ძალიან მცირე ჯგუფის ხელშია თავმოყრილი, რომელიც ერთპიროვნულად წყვეტს როგორ და რაში დაიხარჯოს პარტიის ფინანსები. ამავდროულად, პარტიის რიგითი წევრები ფინანსურ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესს სრულიად ჩამოშორებულნი არიან. პარტიების უმრავლესობის შემთხვევაში, რიგით წევრებს არათუ არ აქვთ გავლენა პარტიული პოლიტიკის (მათ შორის ფინანსების ხარჯვის) შემუშავების პროცესზე, არამედ მათ ხშირად ისიც კი არ იციან რაში იხარჯება პარტიის ფული. საქართველოში არსებულ პარტიებს ასევე აერთიანებთ ცენტრალიზაციის მაღალი ხარისხი. პარტიის ფინანსები კონტროლდება ცენტრალური აპარატის მიერ და რეგიონული ორგანიზაციებიც ფულს არა საკუთარი საჭიროებების, არამედ ცენტრალური აპარატის დირექტივების მიხედვით ხარჯავენ. ამ შემთხვევაშიც, ცენტრალურ აპარატზე გავლენა კონკრეტულ ლიდერს/ლიდერთა ჯგუფს აქვს, რომელთაც ფინანსების ხარჯვის საკითხში გადამწყვეტი სიტყვა ეთქმით. ყველა ეს ზემოხსენებული პრობლემა დამახასიათებელია როგორც დიდი, ასევე მცირე პარტიებისთვის.

ეს პრობლემები მნიშვნელოვნად აფერხებს საქართველოში შიდაპარტიული დემოკრატიის განვითარებას და ამცირებს პარტიების მიმართ ამომრჩევლის ნდობას. საქართველოში შიდაპარტიული დემოკრატიის განვითარებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია პარტიული ფინანსების გამჭვირვალობა, მეტი ინკლუზიურობისა და დეცენტრალიზაციის მიღწევა, რაც, შეამცირებდა ლიდერის/ლიდერთა მცირე წრის გავლენას გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე და გაზრდიდა პარტიის რიგითი წევრების ჩართულობას პარტიის ფინანსების განკარგვის საქმეში.

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

XS
SM
MD
LG