Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილი: სიკვდილამდე ვაპირებ შიმშილს, რომ წვლილი შევიტანო სამშობლოს გათავისუფლებაში


რუსთავის ციხეში დაპატიმრებული საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ არ აპირებს შიმშილობის შეწყვეტას. მისი "ფეისბუკით" გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ასე შეიტანს ქვეყნის გადარჩენაში წვლილს.

"მეგობრებო, მე საპყრობილეში ჩავჯექი და ვშიმშილობ არა იმის გამო, რომ ეს იყოს მთავარი თემა. მე არ გავმხდარვარ ივანიშვილის მძევალი იმისთვის, რომ მთავარი თემა ჩემი უკან გამოხსნა ყოფილიყო. ცხადია, ამაში არც ლოგიკაა და არც რაციონალურობა. მე დავბრუნდი, ნებაყოფლობით მძევლობაში ჩავბარდი და ახლა სიკვდილამდე ვაპირებ შიმშილს, რომ ჩემი მაგალითით წვლილი შევიტანო ჩვენი სამშობლოს გათავისუფლებაში, მისი ევროპული გზის შენარჩუნებაში და რუსული ოლიგარქატის კლანჭებიდან გამოხსნაში", - აცხადებს სააკაშვილი.

ერთი მხრივ, ის ამბობს, რომ არ უნდა მისი შიმშილობა იყოს მთავარი თემა, თუმცა, მეორე მხრივ, მის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს სიკვდილით დასჯას ადარებს.

"1998 წელს, მაშინდელი პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ვიყავი. ჩემი ინიციატივით საქართველოს პარლამენტმა მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, საქართველოში სიკვდილით დასჯის სამუდამოდ გაუქმების თაობაზე. ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ წლების შემდეგ, საქართველოში სიკვდილით დასჯას აღდგენდნენ და, ბედის ირონიით, აღადგენდნენ ჩემთვის. არა უშავს, ყველაფერი ხდება, მაგრამ ბოროტი ვერასდროს ვერ ძლევს კეთილს", - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

მისი თქმით, მისი შიმშილობა არის მიზნის - "მოპარული არჩევნების და ხელისუფლების ქართველი ხალხისთვის დაბრუნების" - მიღწევის საშუალება.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, სამართალდამცავებმა ქვეყანაში დაბრუნებიდან რამდენიმე დღეში, 1 ოქტომბერს დააკავეს. მას ორ სისხლის სამართლის საქმეზე საქართველოს სასამართლოებმა პატიმრობა შეუფარდეს. სააკაშვილმა დაკავების მომენტიდან შიმშილობა გამოაცხადა. ახლა გასულია 39 დღე.

იმის დასადასტურებლად, რომ სააკაშვილი არ შიმშილობდა, 5 ნოემბერს იუსტიციის სამინისტროს პენიტენციურმა სამსახურმა ციხის სამედიცინო ოთახში სააკაშვილის ვიზიტის კადრები გაასაჯაროა. უწყება ამბობს, რომ კადრებში ჩანს, როგორ "იღებს საკვებს და ნატურალურ წვენს".

6 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და შიმშილობასთან დაკავშირებით ინფორმაცია-დოკუმენტაციას მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში სახალხო დამცველის რწმუნებულები გაეცნენ. სახალხო დამცველის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ვიზიტის შედეგად დადგინდა, რომ 2021 წლის 30 ოქტომბრიდან სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსისა და დაწესებულების სამედიცინო პერსონალის თხოვნით, მიხეილ სააკაშვილი სამედიცინო დანიშნულებით, მცირე ოდენობით, იღებდა წვენებსა და მინერალური შემცველობის პიურეებს.

„ამ პროდუქტს მას თავად სამედიცინო პერსონალი აწვდიდა, რომელთა განმარტებით, აღნიშნული ვერ შეფასდება, როგორც საკვები და მცირე დოზით, თხევადი სახით მათი მიღება განპირობებულია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობით. ამასვე ადასტურებს პაციენტის შიმშილობის შესახებ შედგენილი სამედიცინო ფორმები, სადაც არ არის მითითება პაციენტის მიერ საკვების მიღებაზე, აგრეთვე არ არის დაფიქსირებული პაციენტის შიმშილობის ფორმის ცვლილება, რაც აუცილებელია პატიმრის მიერ საკვების მიღების შემთხვევაში. მიღებული ინფორმაციის თანახმად, მიხეილ სააკაშვილი 2021 წლის 1 ოქტომბრიდან უწყვეტად შიმშილობს და არ იღებს არანაირ საკვებს“, - აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.

სახალხო დამცველის მოადგილის, გიორგი ბურჯანაძის, ინფორმაციით, "ამ ეტაპზე პატიმარს შეწყვეტილი და შეჩერებული აქვს ყველა ტიპის სამედიცინო დახმარების მიღების პროცედურა".

XS
SM
MD
LG