"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია მისივე თანაპარტიელისა და საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით რუსთავის ციხესთან აქციებს აანონსებს. ამის შესახებ მან "ფეისბუკზე" დაწერა.
"საქართველო პროტესტს იწყებს! ხვალ, 17 საათზე ბათუმში დაიწყება პროტესტი (აჭარის მთავრობის სახლთან). ხვალვე, 18:00 საათზე ვიკრიბებით რუსთავის ციხესთან. შეკრებას ექნება პერმანენტული ხასიათი და არ დასრულდება მიზნის მიღწევამდე! ბრძოლა, რომელიც ახლა იწყება, გამარჯვებით დასრულდება!" - წერს მელია.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 1 ოქტომბერს დააკავეს. მან ამ დღიდან შიმშილობა გამოაცხადა, როგორც ექიმები და ადვოკატები ამბობენ, მისი მდგომარეობა ამის გამო მძიმდება. მმართველი პარტია მუდმივად სვამს კითხვებს მის შიმშილობასთან დაკავშირებით.
იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუკი საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისე დამძიმდება, რომ მისი ჰოსპიტალიზაცია გახდება საჭირო, მას გადაიყვანენ პენიტენციური სამსახურის საავადმყოფოში, მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში. ეს არის პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში დღეისათვის არსებული ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო ერთადერთი კლინიკა.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები და ექიმები აცხადებენ, რომ პენიტენციური სამსახურის მე-18 სამედიცინო დაწესებულება არ არის აღჭურვილი იმ აპარატურით, რაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგისა და მკურნალობისთვისაა საჭირო. გარდა ამისა, მათი განცხადებით, სამკურნალო დაწესებულებაში ვერ იქნება დაცული მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოებაც. ისინი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მრავალპროფილურ კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანას მოითხოვენ.