Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიზა იასკო: სააკაშვილმა 20 კილოზე მეტი დაიკლო, ის შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს


უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატი ლიზა იასკო, რომელთანაც საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ახალი ოჯახის შექმნის შესახებ განაცხადა, რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა.

მისი განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა წინა შეხვედრასთან შედარებით კიდევ უფრო მძიმეა, თუმცა, საქართველოს მესამე პრეზიდენტი შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს:

„უბრალოდ ლოდინი, კიდევ უფრო მეტად როდის დამძიმდება ადამიანის მდგომარეობა, ძალიან არასწორია. ეს დიდი სირცხვილია, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ციხეშია და მისი მდგომარეობა ყოველდღე მძიმდება. ამის ასე დატოვება არ შეიძლება. ჩვენ ვხედავთ, რომ არჩევნები მოიპარეს, რაც ძალიან მტკივნეული და უსამართლოა. ძალიან რთულია იმის ყურება, რომ სააკაშვილის მდგომარეობა ყოველდღე მძიმდება. მისთვის უკიდურესად საჭიროა სამედიცინო დახმარება და იმ კლინიკაში გადაყვანა, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ. ამ დროისათვის მას 20 კილოზე მეტი აქვს უკვე დაკლებული. შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს“.

იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუკი საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისე დამძიმდება, რომ მისი ჰოსპიტალიზაცია გახდება საჭირო, მას გადაიყვანენ პენიტენციური სამსახურის საავადმყოფოში, მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში. ეს არის პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში დღეისათვის არსებული ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო ერთადერთი კლინიკა.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები და ექიმები აცხადებენ, რომ პენიტენციური სამსახურის მე-18 სამედიცინო დაწესებულება, არ არის აღჭურვილი იმ აპარატურით, რაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგისა და მკურნალობისთვისაა საჭირო. გარდა ამისა, მათი განცხადებით, სამკურნალო დაწესებულებაში ვერ იქნება დაცული მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოებაც. ისინი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მრავალპროფილურ კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანას მოითხოვენ.

მიხეილ სააკაშვილი, რომელიც საქართველოს სასამართლოებმა ორ საქმეზე ცნეს დამნაშავედ და კიდევ რამდენიმე საქმეზე მას ბრალდებულის სტატუსი აქვს, ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა. ის სამართალდამცავებმა 1 ოქტომბერს დააკავეს და ამ დროიდან რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი. სასამართლოს დანიშვნისა და მისი საქართველოში ჩამოსვლის საქმეზე დაკავებული პირების გათავისუფლების მოთხოვნით, მან შიმშილობა დაკავების დღესვე გამოაცხადა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი 32-ე დღეა შიმშილობს.

XS
SM
MD
LG