Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი ბარამიძე: „მიშა, ცოცხალი გვჭირდები!“


„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ბარამიძემ შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, რომელიც, პროტესტის ნიშნად, 1 ოქტომბრიდან შიმშილობს რუსთავის მე-12 საპყრობილეში:

„ჩემო მიშა, ჩემო ძმაო, შენ გვჭირდები ცოცხალი. მხოლოდ პუტინს და ივანიშვილს უნდათ, რომ მოკვდე. შენ არ უნდა მოკვდე მტრის ჯინაზე. შენმა ბრძოლამ და თავგანწირვამ ყველა განაცვიფრა, ვისაც გული და გონი აქვს. შეუძლებელია, რომ ადამიანურად ეს არ განეცადათ და ამ ვაჟკაცობას არ აფასებდნენ. შენ გვიჭირდები ცოცხალი, ამიტომ უნდა შეწყვიტო შიმშილობა. ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება შენი გათავისუფლება მშვიდობიანი ბრძოლის ყველა მეთოდით, რაც კი აქვს საზოგადოებას, რაც კი არის შესაძლებელი... საჭიროა, ამ რეჟიმის სრული პოლიტიკური იზოლაცია, რეჟიმისა, რომელსაც არც პოლიტიკური და არც მორალური საფუძველი არ აქვს, რაც აჩვენა კიდეც ამ არჩევნებმა მიუხედავად გაყალბებისა და იმისა, თუ რას დაიწერს და ცესკო რას გამოაცხადებს. რეჟიმი უნდა გავაშიშვლოთ ბოლომდე საერთაშორისო პარტნიორების წინაშე. დაინახონ, რომ უნდა ჩაერიონ ამ ქვეყნის ბედ-იღბლის მოგვარებაში“.

გიორგი ბარამიძემ ასევე ილაპარაკა ე.წ. მშვიდობიანი რევოლუციის აუცილებლობის შესახებ.

„ბიძინა ივანიშვილმა, პუტინის ნამესტნიკმა, გარდა მშვიდობიანი რევოლუციისა სხვა არჩევანი არ დაგვიტოვა. მშვიდობიანი რევოლუცია ნიშნავს ამ რეჟიმის სრულ იზოლაციას. ყველა მოქალაქემ ზურგი უნდა შეაქციოს ამ რეჟიმს. ყველაზე გვიან ზეგ უნდა გაიმართოს გრანდიოზული აქცია, გამოცხადდეს დაუმორჩილებლობა, და შემდეგ პერმანენტული რადიკალური, მშვიდობიანი საპროტესტო აქციები, მაქსიმალურად ამ მორალურად სრულიად გაკოტრებული რეჟიმის პოლიტიკური, დიპლომატიური გაშიშვლება, იზოლაცია. რეჟიმი უნდა დავტოვოთ მარტო და უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არის ის მშვიდობიანი რევოლუცია, რომელიც დაიწყო მიხეილ სააკაშვილმა თავისი თავდადებით და, რასაც ძალიან ცოტა თუ ელოდა. ამ კაცმა ჩვენ ყველას გვაჩვენა, როგორ უნდა სამშობლოსთვის თავგანწირვა“, - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

XS
SM
MD
LG