Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახა კალაძე: გაქვთ ამომრჩეველთა სიების ქონის უფლება


დედაქალაქის მერობის „ქართული ოცნების“ კანდიდატი, კახა კალაძე პარტიის წევრებს, აგიტატორებსა და აქტივისტებს განუმარტავს, რომ მათ აქვთ ამომრჩეველთა „ფოტოსურათებიანი სიების ქონის და ამ სიების მიხედვით ამომრჩევლების აღრიცხვის უფლება“.

საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე კალაძემ განაცხადა, რომ სიებთან დაკავშირებული მიზეზების გამო ვითარების დაძაბვას ცდილობს ზოგიერთი მედიასაშუალება.

„საქართველოს კანონმდებლობით მოქალაქეებს, მათ შორის პარტიის აგიტატორებს და აქტივისტებს აქვთ ფოტოსურათებიანი სიების ქონის და ამ სიების მიხედვით ამომრჩევლების აღრიცხვის უფლება. ეს არ არის არავითარი დარღვევა და ამიტომ, ნურავინ შეეცდება ამ საბაბის გამოყენებით რაიმე დაძაბულობის შექმნას.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ამ ადამიანებს, ეს იქნება ჩვენი პარტიის წევრები, აგიტატორები. მეგობრებო, თქვენ გაქვთ ამის უფლება, კანონიერად იქონიოთ ეს სიები და ის 100-მეტრიანი რადიუსი, რაც არის, იდგეთ და გააგრძელოთ თქვენი საქმიანობა. არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს”, - განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს საარჩევნო კოდექსით, კენჭისყრის შენობიდან 100-მეტრიან რადიუსში დაუშვებელია „ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება“, „ადამიანთა შეკრება ან ამომრჩეველთა აღრიცხვა“. ხოლო კენჭისყრის შენობის შესასვლელიდან 25-მეტრიან რადიუსში - „დაუშვებელია კენჭისყრის შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის მანძილზე სააგიტაციო მასალის განთავსება. ეს მასალა ჩამოხსნას/დემონტაჟს/აღებას ექვემდებარება“.

ცესკოს მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, ამომრჩეველთა „სიების გამოთხოვის უფლება საარჩევნო ადმინისტრაციიდან აქვთ საარჩევნო სუბიექტებს და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს“; მათ სიები „კანონმდებლობის დაცვით გადაეცემათ“. ცესკო მოუწოდებს საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა მხარეს, „არ შეიყვანონ საზოგადოება შეცდომაში ამ საკითხთან მიმართებაში“.

XS
SM
MD
LG