პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ნიკა გვარამია ალტერნატიული კონსილიუმის შექმნის ინიციატივით გამოდის და შესაბამისი თხოვნით ცენტრ „ემპათიასა“ და მის ხელმძღვანელს მარიამ ჯიშკარიანს მიმართავს.
მისი თქმით, არ ენდობიან იმ კონსილიუმს, სადაც მონაწილეობას იღებს იუსტიციის მინისტრი და ჯანდაცვის მინისტის მოადგილე და მათთვის სრულიად გაუგებარია, რას ემსახურება არსებული კონსილიუმის ფორმატი, როდესაც მის რეკომენდაციას პენიტენციური დაწესებულება არ ითვალისწინებს.
ამის შესახებ ნიკა გვარამიამ რუსთავის #12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან განაცხადა მედიასთან საუბარში, მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.
„მიხეილ სააკაშვილი ღრმა პატივისცემას და სრულ ნდობას გამოხატავს სამედიცინო კონსილიუმში შემავალი ექიმების მიმართ, თუმცა ჩვენ განვიხილავთ ალტერნატიული პლატფორმით კონსილიუმს და მივმართავ პირდაპირი ეთერიდან ცენტრ „ემპათიას“ და ქალბატონ მარიამ ჯიშკარიანს, იმას ვისაც ვენდობით ჩვენც და ენდობა საზოგადოება, გააკეთოს ალტერნატიული კონსილიუმის ორგანიზება, საკუთარი ორგანიზაციის ეგიდით, და თუ სურთ იმ ექიმებს მონაწილეობის მიღება, ვინც ამ კონსილიუმშიც არის, დიდი სიამოვნებით მივესალმებით მათ ყოფნასაც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი კონსილიუმის ჯგუფში. ჩვენ არ ვენდობით იმ კონსილიუმს, სადაც მონაწილეობას იღებს იუსტიციის მინისტრი და სხვათა შორის გაურკვეველია, რატომ იღებს, რა კვალიფიკაცია აქვს მას ამისი. სადაც მონაწილეობას იღებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე. ამ ადამიანებს აქვთ უკვე მიღებული გადაწყვეტილება წინასწარ, ამას არც მალავენ და, შესაბამისად, სრულიად გაუგებარია, რას ემსახურება კონსილიუმის ფორმატში განხილვები, როდესაც არც ერთ რეკომენდაციას პენიტენციური დაწესებულება არ ითვალისწინებს“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
მისი თქმით, თუ ალტერანტიულ კონსილიუმს შეეზღუდება მუშაობის საშუალება, როგორც უფლებადარღვევა, ეს აისახება სარჩელში, რომელსაც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში წარსადგენად ამზადებენ მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველები.
რადიო თავისუფლებას ცენტრ "ემპათიის" ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა განუცხადა, რომ მისი ცენტრისთვის, რომელიც წამებისა და ძალდობის მსხვერპლთა რეაბილიტაციას ემსახურება, მისაღებია წინადადება, ჩაერთოს მიხეილ სააკაშვილის როგორც უფლებრივი, ასევე ჯანმრთელობის საკითხების შესწავლაში.
„ცენტრი „ემპათია“ შეისწვალის მასალებს და არსებული ინფორმაციის მიხედვით ჩამოაყალიბებს მულტიდისციპლინურ საექსპერტო ჯგუფს იმის მიხედვით, როგორადაც შეფასდება უფლებრივი და ჯანმრთელობის მდგომარეობა“, - ამბობს მარიამ ჯიშკარიანი.
მას მიაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილი, მისი ამჟამინდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, უნდა გადაიყვანონ სამოქალაქო სამედიცინო ჰოსპიტალში.
პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ნიკა გვარამიას განცხადებით, სააკაშვილი ჯანმრთელობის არც ერთ მდგომარეობაში არ განიხილავს გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან არსებულ #18 სამკურნალო დაწესებულებაში მის გადაყვანას.
რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბრიდან შიმშილობს. ადვოკატები ექსპრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას მოითხოვენ, იუსტიციის სამინისტრო კი აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში, ჰოსპიტალიზაცია მოხდება გლდანში, პენიტენციური სისტემის საავადმყოფოში. სააკაშვილი ამ დაწესებულებაში გადაყვანაზე უარს ამბობს. მისი ადვოკატები იუსტიციის სამინისტროს ადანაშაულებენ კონსილიუმის რეკომენდაციების შეუსრულებლობაში, რასაც უარყოფს მინისტრი რატი ბრეგაძე. მისი განცხადებით, კონსილიუმის დასკვნაში, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციას ეხება, საუბარია მულტიპროფილიან კლინიკაზე, რაც ავტომატურად სამოქალაქო კლინიკას არ ნიშნავს.
კონსილიუმის ყოფილი წევრის, კარდიოლოგ ზურაბ ფაღავას ინფორმაციით, კონსილიუმი შეთანხმებული იყო, რომ საჭიროების შემთხვევაში, სააკაშვილი უნდა გადაიყვანონ მრავალპროფილიან, მაღალი კვალიფიკაციის, ე.წ. C კატეგორიის დაწესებულებაში.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს და რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. 2018 წელს, სააკაშვილი საქართველოში დაუსწრებლად გაასამართლეს სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების გამო მსჯავრდებულთა შეწყალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი ორივე საქმეზე დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. მას 6 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი. სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის კიდევ რამდენიმე საქმე, მათ შორის 2007 წლის ნოემბერში, ოპოზიციის აქციის ძალის გამოყენებით დაშლის და ტელეკომპანია "იმედში" სპეცრაზმის შეჭრის ფაქტებზე. მიხეილ სააკაშვილი ყველას საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.
20 ოქტომბერს, საქართველოს პროკურატურამ სააკაშვილს წაუყენა კიდევ ერთი ბრალი - სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა. გამოძიების ინფორმაციით, სექტემბრის ბოლოს, მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში ფარულად დაბრუნდა რძის პროდუქტებით დატვირთული ტრაილერით, რომელიც გემით ჩამოვიდა უკრაინის ჩერნომორსკის პორტიდან ფოთის ნავსადგურში. მძიმე დანაშაულის დაფარვის და საზღვრის უკანონოდ კვეთაში დახმარების მუხლებით ბრალდებულია ტრაილერის მფლობელი, ელგუჯა ცომაია. 1 ოქტომბერს, პოლიციამ სააკაშვილი თბილისში, ცომაიას ბინაში დააკავა. ამავე საქმეზე, დანაშაულის დაფარვის მუხლით ბრალდებულია კიდევ 3 პირი.