Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„დროა” მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციას მოითხოვს


პარტია „დროა“ საპატიმროში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ ჰოსპიტალიზებას მოითხოვს სამოქალაქო, მესამე კლასის კლინიკაში. ვინაიდან, მათი განცხადებით, მდგომარეობა შესაძლოა ნებისმიერ დროს უკიდურესად დამძიმდეს.

პარტია საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმართავს, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ბერკეტები, პატიმრის, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უფლების დასაცავად.

„ქართულმა ოცნებამ”, ნაცვლად პატიმრის ჯანმრთელობაზე ზრუნვისა, ბინძური, ცილისმწამებლური და ცინიკური განცხადებები გააკეთა სახალხო დამცველის მისამართით და გამორიცხა სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის შესაძლებლობა.

ხელისუფლება იტყუება, როდესაც ამბობს, რომ პატიმრების სამკურნალოდ მხოლოდ ციხის საავადმყოფო განიხილება. 2020 წელს 585 პატიმარი გადაიყვანეს სამოქალაქო ჰოსპიტალში, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ სახეზეა “ქართული ოცნების” პირადი ანგარიშწორება და პოლიტიკურად მოტივირებული დევნა. მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა არ არის მისი პრივილეგია, არამედ პირიქით - მისი ციხის საავადმყოფოში გადაყვანა იქნება პირადი შურისძიება“, - ნათქვამია „დროას“ განცხადებაში.

მასში ასევე ვკითხულობთ, რომ საჭიროა პოლიტიკური ანგარიშსწორების დასრულება, მიუხედავად პოლიტიკური სიმპათიებისა და განწყობებისა.

„უარი ვთქვათ ერთმანეთის განადგურებასა და ზიზღის პოლიტიკაზე, რასაც “ქართული ოცნება” გვთავაზობს. მიუხედავად მიხეილ სააკაშვილის მიმართ დამოკიდებულებისა, თითოეული ადამიანი იმსახურებს ჯანმრთელობის, სიცოცხლის უფლების დაცვასა და უფლებას, წარდგეს სამართლიანი მართლმსაჯულების წინაშე.

ხელისუფლებას აქვს პირდაპირი ვალდებულება, უზრუნველყოს სააკაშვილის ჯანმრთელობა და პირადი უსაფრთხოება. ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობაზე, სიცოცხლესა და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება საქართველოს ხელისუფლებას“, - წერია „დროას“ განცხადებაში.

მანამდე საქართველოს მესამე პრეზიდენტის პოსპიტალიზაციის მოთხოვნით განცხადება გაავრცელა პარტია „ლელომ“.

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ზუგდიდში მედიასთან საუბრისას ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილს სასიცოცხლო რისკი არ შეექმნება არასათანადო სამედიცინო დახმარების გაწევის გამო. ის ირწმუნება, რომ ციხის "საავადმყოფო მისთვის საჭირო ყველა პირობას აკმაყოფილებს" და ამის მიუხედავად, ავალებს რეგულირების სააგენტოს, შეისწავლოს პენიტენტიური დაწესებულების ის კლინიკა, სადაც სასჯელაღსრულების სისტემა აპირებს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში.

მიხეილ სააკაშვილი, რომელიც 1 ოქტომბრის შემდეგ შიმშილობს, უარს აცხადებს გლდანის ციხის ტერიტორიაზე არსებულ კლინიკაში მკურნალობის მიღებაზე, მისი უფლებადამცველები და ექიმი კი ყოველდღიურად აფრთხილებენ მთავრობას, რომ მდგომარეობა მძიმდება და სააკაშვილი მრავალპროფილიან კლინიკაში საჭიროებს განთავსებას.

რადიო თავისუფლებასთან საუბარში სამედიცინო კონსილიუმის ყოფილი წევრი, ექიმი ზურაბ ფაღავა, ამბობს, რომ კონსილიუმი შეთანხმებული იყო, რომ საჭიროების შემთხვევაში სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია უნდა განხორციელებდეს "მრავალპროფილურ, მაღალი კვალიფიკაციის ე.წ. C კატეგორიის დაწესებულებაში". ზურაბ ფაღავამ სამედიცინო კონსილიუმის ჯგუფი ჯანმრთელობის მდგომარეობის არგუმენტით დატოვა.

მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეში მსჯავრდებულთა შეწყალების საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება.

XS
SM
MD
LG