სუდანის შეიარაღებულმა ძალებმა დაშალეს მმართველი საბჭო, კონტროლი დაამყარეს მთავრობაზე, რომელშიც მანამდე სამოქალაქო პირები შედიოდნენ და პრემიერთან ერთად დააკავეს სხვა სამოქალაქო ლიდერები.
სამხედრო მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა, აბდელ ფათაჰ ბურღანმა, რამდენიმე საათში გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა.
"რევოლუცია ხალხის რევოლუციაა! არა სამხედრო გადატრიალებას!"
სახელმწიფო ტელევიზიამ 25 ოქტომბრის დილა პატრიოტული სიმღერების გადაცემით დაიწყო. პროფკავშირულმა გაერთიანებამ, Association of Professionals-მა, ტვიტერით მოუწოდა ხალხს, „სახელმწიფო გადატრიალებას“ „მძაფრი წინააღმდეგობა“ გაუწიონ. ფეისბუკით გავრცელდა ექიმების, ინჟინრებისა და იურისტების ერთობლივი განცხადება, სადაც წერია, რომ „რევოლუცია ხალხის რევოლუციაა“, რომ „ძალაუფლება და კეთილდღეობა ეკუთვნის ხალხს. არა სამხედრო გადატრიალებას".
ხართუმში დემონსტრანტები ქუჩებში გავიდნენ, მათაც გადაკეტეს ქუჩები, ქალაქის ცაზე ჩანდა შავი კვამლი - წვავდნენ საბურავებს.
გარდამავალი მთავრობა, სამხედრო-სამოქალაქო „სუვერენული საბჭო“, რომელიც სუდანს მართავდა, და რომელსაც 2022 წლის არჩევნებამდე უნდა ეარსება, იმყოფებოდა მდგომარეობაში, რომელსაც პრემიერმა ჰამდოკმა „ურთულესი და ყველაზე საშინელი“ კრიზისი უწოდა, 2019 წელს, მრავალწლიანი მმართველის, ომარ ალ-ბაშირის დამხობის შემდეგ.
რა უძღოდა წინ "მცოცავ გადატრიალებას"?
ორი დღით ადრე, 23 ოქტომბერს, სამოქალაქო მთავრობის მომხრეები აფრთხილებდნენ საზოგადოებას „მცოცავი გადატრიალების“ საფრთხის შესახებ. პრემიერმა, ჩანს, ვერ გაბედა გარდამავალი მთავრობის ბედი განესაზღვრა, და ამ გაფრთხილებას „არაზუსტი“ უწოდა.
„მცოცავი გადატრიალება“, თუ აშკარა უკმაყოფილება, ორივე - საზოგადოების სამოქალაქო ნაწილისა და სამხედროთა მხრიდან, სუდანში, განსაკუთრებით ქვეყნის აღმოსავლეთში, კვირების განმავლობაში გრძელდებოდა.
მეორე თვეა დემონსტრანტები ხელს უშლიან პორტ სუდანის საზღვაო ნავსადგურის სავაჭრო ოპერაციებს. გარდამავალი მთავრობის მიმდევრები ადანაშაულებენ ყოფილი დიქტატორის, ალ-ბაშირის მომხრეებს, რომ ხართუმში მათი ორგანიზებით გაიმართა საპროტესტო გამოსვლები.
საპროტესტო გამოსვლები გასულ კვირაში დაიწყო, როცა ათეულათასობით სუდანელი გავიდა ქუჩაში და სამოქალაქო მოსახლეობისთვის ძალაუფლების სრული გადაცემა მოითხოვა. აფრიკის ამ ერთ-ერთი ყველაზე დიდი, უპირატესად არაბულენოვანი, მაჰმადიანური სახელმწიფოს, მოქალაქეთა მეორე ნაწილი „სამხედრო მმართველობის“ აღდგენას მოითხოვდა.
მთავრობამ სექტემბრის ბოლოს გამოაცხადა, რომ ყოფილი ავტორიტარი მმართველის, ალ-ბაშირის მომხრეთა მიერ ორგანიზებული გადატრიალების მცდელობა ჩაშალა.
შემდეგ ვითარება გამწვავდა. დემონსტრანტები ითხოვდნენ მთავრობიდან სამხედროების გაყვანას და დემოკრატიულ რეფორმებს.
გენერალ-ლეიტენანტმა, აბდელ ფათაჰ ალ-ბუღანმა, რომელსაც ეკავა გაერთიანებული სამხედრო-სამოქალაქო საბჭოს თავმჯდომარის პოსტიც, 25 ოქტომბერს გამოაცხადა, რომ ახალი მთავრობა ქვეყნის მართვას შეუდგა და ასე იქნება 2023 წლის ივლისამდე, როცა გაიმართება არჩევნები.
გენერალ-ლეიტენანტმა, აბდელ ფათაჰ ალ-ბუღანმა, 25 ოქტომბერს გამოაცხადა, რომ ახალი მთავრობა ქვეყნის მართვას შეუდგა და ასე იქნება 2023 წლის ივლისამდე, როცა გაიმართება არჩევნები.
სუდანის მყიფე, ავტორიტარული მმართველობიდან დემოკრატიულ მმართველობაზე გარდამავალ პერიოდს, საფრთხე შეექმნა.
The New York Times-ი თვლის, რომ პოლიტიკური განუსაზღვრელობა სუდანში კორონავირუსის პანდემიის და ეკონომიკის სულ უფრო არამყარი მდგომარეობის გამო კიდევ უფრო გამწვავდა - მაღალია უმუშევრობა, იზრდება სურსათზე ფასები. გამოცემა იტყობინება, რომ წელს აშშ-მა სუდანს გამოუყო ჰუმანიტარულ დახმარებად 377 მილიონი დოლარი, რის შედეგადაც ამ სახელმწიფოს უდიდეს დონორი გახდა. მართალია, აშშ-მა მოსთხოვა მმართველ საბჭოს და შეიარაღებულ ძალებს, მისდიონ დემოკრატიაზე გადასვლის გეგმას და პატივის სცენ დემონსტრანტების უფლებებს, ვაშინგტონმა არ დაუწესა სუდანს კონკრეტული სახელმძღვანელო პრინციპები, რომელთა დაცვა აუცილებელი იქნებოდა ამ დახმარების მისაღებად, წერს გამოცემა.
საერთაშორისო რეაქციები
ვაშინგტონმა არ დაუწესა სუდანს კონკრეტული სახელმძღვანელო პრინციპები, რომელთა დაცვა აუცილებელი იქნებოდა ამ დახმარების მისაღებად.
25 ოქტომბერს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განცხადებით დაგმო სუდანში გადატრიალების მცდელობა, და აღნიშნა, რომ ეს საფრთხეს უქმნის სუდანისთვის აშშ-ის დახმარების გადაცემას. აშშ-ის საელჩომ ხართუმში დაგმო გადატრიალება. ამავე დროს ევროკავშირმა „უკიდურესი შეშფოთება„ გამოხატა სუდანის მოვლენების გამო.
გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა დაგმო გადატრიალება სუდანში და მოითხოვა პრემიერის დაუყოვნებლივ გათავისუფლება.
სუდანში სამხედროთა მიერ პრემიერის და სხვა მინისტრების დაპატიმრების წინ, ორი დღით ადრე, ხართუმში იყო ჩასული აშშ-ის საგანგებო წარმომადგენელი აფრიკის რქის - სომალის ნახევარკუნძულის, სუდანის მეზობელ რეგიონში, ჯეფრი ფელტმანი, რომელიც შეხვდა პრემიერ ჰამდოკს და მასპინძლებს დაუდასტურა ბაიდენის ადმინისტრაციის მხარდაჭერა სამოქალაქო დემოკრატიაზე გადასვლის საქმეში.
25 ოქტომბერს ფელტმანმა გამოხატა აშშ-ის „ღრმა შეშფოთება“ სამხედრო გადატრიალების შესახებ ცნობების გამო. ფელტმანმა დასძინა, რომ „ყოველგვარი ცვლილება გარდამავალ მთავრობაში ძალის გამოყენებით საფრთხეს უქმნის აშშ-ის მხრიდან დახმარებას“.
„ხალხი უფრო ძლიერია, უკან დახევა შეუძლებელია“
გენერალი ალ-ბუღანი ამბობს, რომ სამხედროები იძულებული იყვნენ ძალაუფლება ხელში აეღოთ პოლიტიკურ დაჯგუფებებს შორის გაუთავებელი დაპირისპირების გამო.
სუდანს 30 წელიწადი მართავდა ომარ ალ-ბაშირი, რომელიც, თვითონ ხელისუფლებაში ასევე სამხედრო გადატრიალების გზით მოსული, 2019 წელს დაამხეს ხანგძლივი საპროტესტო გამოსვლების და სამხედრო გადატრიალების შედეგად.
სწორედ მაშინ მოხდა შეთანხმება სამხედრო და სამოქალაქო ოპოზიციურ შორის, რომ შეექმნათ ერთობლივი გარდამავალი მთავრობა, რომელსაც უნდა გაეკვალა გზა 2022 წლის არჩევნებისკენ.
ვაშინგტონში მოქმედმა კვლევითმა ცენტრმა, „ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტმა“, 2019 წელს, მაშინ, როცა სუდანმა დემოკრატიისკენ აიღო გეზი, გამოაქვეყნა სტატია სუდანის შესახებ. მისმა ერთ-ერთმა ავტორმა, ჯორჯიო კაფიერომ 25 ოქტომბერს კიდევ ერთხელ გაავრცელა
ეს სტატია, როგორც კვლავ აქტუალური. „სუდანელი სამხედროები კვლავ მთავარ როლს თამაშობენ მიმდინარე დრამაში და არ აძლევენ ხალხს შესაძლებლობას, მიუახლოვდნენ რეალურ დემოკრატიულ მიღწევებს“.
სუდანელი სამხედროები კვლავ მთავარ როლს თამაშობენ მიმდინარე დრამაში და არ აძლევენ ხალხს შესაძლებლობას, მიუახლოვდნენ რეალურ დემოკრატიულ მიღწევებს.
„საპროტესტო გამოსვლების მონაწილეებს წარსულში დიქტატორის ჩამოგდებისთვის სამხედროების დახმარება ესაჭიროებოდათ. სამხედროები კი ამ დროს იყენებდნენ შექმნილ ვაკუუმს, რათა თავიანი ძალაუფლება განემტკიცებინათ“, - წერდნენ სტატიის ავტორები, ჯორჯიო კაფიერი და ხალიდ ალ-ჯაბერი და ერთ-ერთ მიზეზად, რატომ არ სურთ სუდანელ სამხედროებს სამოქალაქო ძალებისთვის ძალაუფლების გადაცემა, ასახელებდნენ კორუფციის და სხვა დარღვევების გამო პასუხისგებაში მიცემის საფრთხეს.
„ხუნტის ძირითადი ფიგურები შიშობენ, რომ მოელით სასამართლო და გამოძიება წარსული დანაშაულების გამო, რომლებიც უკავშირდება სახელმწიფო სახსრების მიტაცებას და ადამიანის უფლებების დარღვევებს“, განმარტავდნენ ამერიკელი ანალიტიკოსები 2019 წელს.
ხუნტის ძირითადი ფიგურები შიშობენ, რომ მოელით სასამართლო და გამოძიება წარსული დანაშაულების გამო.
2021 წლის 25 ოქტომბერს ხართუმის ქუჩებში გასული, დემოკრატიის მომხრე დემონსტრანტები გაიძახოდნენ: „ხალხი უფრო ძლიერია, უკან დახევა შეუძლებელია“ და მიანიშნებდნენ ალ-ბაშირის მმართველობაზე,
რომელიც ასევე სამხედრო გადატრიალების გზით მოვიდა ხელისუფლებაში 1989 წელს.
სუდანის დედაქალაქში ოფისები და დაწესებულებები დახურულია, საზოგადოებას სამოქალაქო დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდეს პროფკავშირებთან ერთად სხვა პროდემოკრატიულმა გაერთიანებებმა. საპროტესტო გამოსვლებს შეუერთდნენ ქალები ფერადი თავსაფრებით, დემონსტრანტები სუდანის დროშებს აფრიალებდნენ და თითებით გამარჯვების ნიშანს უჩვენებდნენ ერთმანეთს.