Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელმწიფო უწყებები კვლავ ამტკიცებენ, რომ ციხის კლინიკაში სააკაშვილს სრულფასოვნად უმკურნალებენ


იუსტიციის სამინისტრო პრეს რელიზს ავრცელებს, სადაც წერია, რომ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილესთან, თამარ გაბუნიასთან ერთად მოინახულა გლდანის ციხის ჰოსპიტალი იმის შესამოწმებლად, რამდენად მართებული იქნება პრეზიდენტ სააკაშვილის იქ გადაყვანა ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების შემდეგ.

"როგორც ექიმები გვეუბნებიან, დაწესებულების ინფრასტრუქტურა არის სრულიად გამართული პაციენტის მისაღებად. საჭიროების შემთხვევაში გამოვთქვამთ მზადყოფნას, რომ კონსილიუმის წევრებს მიეცეთ, ასევე, დაწესებულების დათვალიერების შესაძლებლობა“, – ამბობს იუსტიციის მინისტრი მე-18 სამკურნალო დაწესებულების სტუმრობის შემდეგ.

როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, №18 (სამკურნალო) დაწესებულების კლინიკას აქვს სრული აღჭურვილობა, რათა მან აწარმოოს უსაფრთხო სერვისი როგორც გადაუდებელი დახმარების, ისე ინტენსიური თერაპიის და რეანიმაციის მიმართულებით.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია კი თვლის, რომ გლდანის ციხის ჰოსპიტალში არსებული რეანიმაციული განყოფილება, რომელიც ორ პაციენტისთვის არის განკუთვნილი, სრულიად გამართულია პაციენტის მისაღებად.

„ეს რეანიმაციული განყოფილება, რომელიც ორ ადგილზეა გათვალისწინებული, აღჭურვილია უახლესი აპარატურით, მათ შორის, ხელოვნური სუნთქვის აპარატით, დეფიბრილატორით, კარდიომონიტორით, ინფუზიის აპარატით, რაც აუცილებელია ელექტროლიტური დისბალანსის შემთხვევაში სითხეების და ელექტროლიტების გადასხმისა და მონიტორინგისთვის. ამდენად, აქ არის ყველა ტექნოლოგიური პირობა, რათა უსაფრთხოდ განხორციელდეს ინტენსიური თერაპია, პაციენტზე დაკვირვება; ასევე, პერსონალი, რომელიც მობილიზებულია კონკრეტულად ამ განყოფილებაში სამუშაოდ, არის ძალზედ გამოცდილი, უდიდესი კვალიფიკაციის. ამდენად, ვფიქრობთ, რომ ხარისხი, რაც იქნება – ამ შემთხვევაში სამედიცინო სერვისის, არის სრულიად შესაფერისი ნებისმიერ სტანდარტთან, რომელიც მისაღებია როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე საერთაშორისო დონეზე. ამდენად, ვფიქრობთ, რომ ეს განყოფილება სრულად გამართულია, რომ პაციენტი მიიღოს და უმკურნალოს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ ციხის კლინიკის დათვალიერების შემდეგ.

იუსტიციის მინისტრისა და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილესთან ერთად #18 სამკურნალო დაწესებულებას სტუმრობდნენ სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი ნიკა ცხვარაშვილი და სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორი ზაალ კაპანაძეც.

გლდანის ციხის კლინიკაში სტუმრობისა და იუსტიციის სამინისტროს მიერ შესაბამისი ინფორმაციის გავრცელების ფონია მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების მოთხოვნა, გადაიყვანონ მოშიმშილე მესამე პრეზიდენტი მრავალპროფილიან სამოქალაქო კლინიკაში და სახალხო დამცველის განცხადება იმის შესახებ, რომ გლდანის ციხის კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოება ვერ იქნება სათანადოდ დაცული და ის ვერ მიიღებს იმ სამედიცინო დახმარებას, რომელიც მისი სიცოცხლის გადარჩენისთვის არის საჭირო.

სახალხო დამცველი N18 დაწესებულებაში სამედიცინო პერსონალის ნაკლებობასა და რიგი სამედიცინო სერვისების არარსებობაზე 2020 წლის ანგარიშშიც წერდა.

XS
SM
MD
LG