Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ექიმის თქმით, სააკაშვილს ციხეში პრაქტიკულად საველე პირობებში ჩაუტარდა გადასხმა


ნიკოლოზ ყიფშიძე
ნიკოლოზ ყიფშიძე

რამდენიმე წუთის წინ დატოვა რუსთავის #12 პენიტენციური დაწესებულება საქართველოს მესამე პრეზიდენტის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ და მედიასთან ილაპარაკა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

ექიმის თქმით, საჭირო გახდა მიხეილ სააკაშვილისთვის გადასხმის გაკეთება. „დღეს ჩატარდა სისხლის ანალიზი. მისი ერთი პარამეტრი არ იყო კარგი, მე ეს უკვე ვიცოდი. ამიტომ, გავუკეთე გადასხმა, - თქვა ნიკოლოზ ყიფშიძემ და განაგრძო, - მინდა გითხრათ ერთი რამ, რომ ეს პროცედურა ჩატარდა პრაქტიკულად საველე პირობებში. ციხეში სამედიცინო ოთახი არ არის ამისთვის განსაზღვრული“. ყიფშიძის თქმით, მას დახმარება გაუწია ციხეში მყოფმა რეანომობილის ბრიგადამ.

როგორც ექიმი ამბობს, ამჟამად სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია. „დღეს უკვე კრიზისი გადავიარეთ“, - აღნიშნავს ყიფშიძე. მისი თქმით, ხვალ ისევ შეიძლება განმეორდეს მსგავსი კრიზისი.

ექიმი უკმაყოფილოა იმით, რომ სააკაშვილს მხოლოდ ციხის საავადმყოფოში გადაყვანას სთავაზობენ. „მე, როდესაც ვიყავი რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი, ჩემთან ავადმყოფები მოჰყავდათ ციხის საავადმყოფოდან. ახლა ლოგიკას ვერ ვხედავ, აქედან გადავიყვანოთ ციხის საავადმყოფოში?!“ - თქვა მან.

ნიკოლოზ ყიფშიძის ინფორმაციით, 23 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილთან შევლენ კონსილიუმის წევრები.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებაში დაკავების დღიდან, 1 ოქტომბრიდან შიმშილობს.

მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეში მსჯავრდებულთა შეწყალების საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება.

XS
SM
MD
LG