Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პენიტენციურმა სამსახურმა განმარტა, როგორც მოახერხა სააკაშვილმა მოქალაქეებთან მისალმება


მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი

რუსთავის #12 პენიტენციური დაწესებულებიდან პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირველი ფოტოს გავრცელების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს სპეციალური პენიტენციური სამსახური. მისი მტკიცებით, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს საკანი არ შეუცვლია და იმყოფება იმ საკანში, სადაც თავდაპირველად მოთავსდა.

ცნობაში აღწერილია, როგორ მოახერხა სააკაშვილმა მოქალაქეებთან მისალმება.

„დაწესებულების დებულების თანახმად, მიხეილ სააკაშვილს დღეს შხაპის მიღება უწევდა და შესაბამისი მოთხოვნის შემდეგ დაწესებულების მოსამსახურეებმა საშხაპე ოთახში გაიყვანეს.

საშხაპე ოთახში დაწესებულების მოსამსახურეებს შესვლა კანონით ეკრძალებათ და ისინი პატიმარს ოთახის გარეთ, დერეფანში ელოდებოდნენ. მიხეილ სააკაშვილმა სწორედ ამ გარემოებით ისარგებლა და დაწესებულების გარეთ შეკრებილებს გადაძახილით მიმართა, რითაც დაარღვია დაწესებულების შინაგანაწესი", - ვკითხულობთ განცხადებაში.

პენიტენციური სამსახური კონკრეტულ ნორმასაც ასახელებს: „№12 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 1 მაისის №526 ბრძანების 79-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, ხმაური ან სხვაგვარი ქმედება, რომელიც არღვევს წესრიგს და ხელს უშლის დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას, მიიჩნევა დისციპლინურ დარღვევად, არღვევს დაწესებულების დებულებას, ზიანს აყენებს წესრიგსა და უსაფრთხოებას".

განცხადების თანახმად, „დაწესებულების მოსამსახურეებმა მიხეილ სააკაშვილის უკანონო ქმედება მყისიერად აღკვეთეს და კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი რეაგირება მოახდინეს".

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა მასთან შეხვედრის შემდეგ დაასახელა ადგილი, საიდანაც სააკაშვილი მიესალმა ციხესთან მყოფ მოქალაქეებს.

„მიხეილ სააკაშვილი აღმოჩნდა ტექნიკური პროცედურებისთვის გზის ნაპირას მდებარე ოთახში, სადაც მან გაიგო, რომ გარეთ მიმდინარეობდა აქცია და, შესაბამისად, ვერაფერმა დააბრკოლა მისი სურვილი, რომ დაემყარებინა კომუნიკაცია ამ ხალხთან, ვიზუალური კომუნიკაცია ამ შემთხვევაში“, - თქვა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

სააკაშვილის მისალმების შესახებ ილაპარაკა მასთან შეხვედრის შემდეგ თემურ ჯანაშიამ, ექსპრეზიდენტის დაცვის ყოფილმა უფროსმა და პარლამენტის წევრმა.

„მეც მაინტერესებდა, როგორ მოახერხა ფანჯარასთან მისვლა. მითხრა, რომ მოახერხა. მას უნდოდა გადმოეცა გზავნილი, რომ უყვარს საქართველო და უყვარს ქართველი ხალხი. სავარაუდოდ, თავისი საკანი არ იყო. იყო სხვა დანიშნულების საკანი“, - თქვა ჯანაშიამ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებაში დაკავების დღიდან, 1 ოქტომბრიდან შიმშილობს.

მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება.

XS
SM
MD
LG