ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო საჩივრები საქმეებზე: „ბეკოევა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ და „შავლოხოვა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლომ განჩინებები დღეს გამოაქვეყნა.
დაუშვებლად ცნობილი საჩივრები საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეიტანეს ცხინვალის რეგიონში მცხოვრებმა პირებმა. ისინი ამტკიცებდნენ, რომ მათი უფლებები ქართულმა მხარემ დაარღვია.
იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლომ სრულად გაიზიარა საქართველოს არგუმენტები, რომ ომის დროს ცხინვალის რეგიონი აქტიურად იბომბებოდა რუსეთის მხრიდან, საქართველოს შეიარაღებული ძალები არ ახორციელებდა კონტროლს ცხინვალის რეგიონსა და მიმდებარე ტერიტორიაზე და, შესაბამისად, შეუძლებელია რაიმე დარღვევა შეერაცხოს საქართველოს.
იუსტიციის მინისტრის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლომ გაიზიარა ქართული მხარის არგუმენტებიც, რომ საჩივრები იყო აშკარად დაუსაბუთებელი, რადგან ვერ იქნა წარმოდგენილი მინიმალური სტანდარტის მტკიცებულებები.
რატი ბრეგაძის განცხადებით, სახელმწიფოს ინტერესების დასაცავად, 2019-2020 წლებში საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ გენერალურ პროკურატურასთან, თავდაცვის სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად მოიძია და ევროპულ სასამართლოში წარადგინა ასობით მტკიცებულება, შესაბამის სამართლებრივ არგუმენტაციასთან ერთად, რითაც დასტურდებოდა, რომ 2008 წელს საქართველოს არ დაურღვევია საერთაშორისო სამართლის ნორმები.
"აგვისტოს ომის საქმეზე 2021 წლის 21 იანვრის ისტორიულ გადაწყვეტილებასთან ერთად, სადაც სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა რუსეთის მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლის დარღვევა და დაადასტურა, რომ ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი ოკუპირებულია რუსეთის მიერ, დღევანდელი განჩინებები წარმოადგენს საერთაშორისო სასამართლოში საქართველოს კიდევ ერთ ძალიან დიდ წარმატებას", - განაცხადა რატი ბრეგაძემ იუსტიციის სამინისტროში დღეს, 21 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე. ბრეგაძის შეფასებით, სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელი განჩინებებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოს მთავრობამ საერთაშორისო სასამართლოში წარმატებით დაიცვა სახელმწიფოს და ქართული ჯარის ინტერესები.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, 2008-2009 წლებში, რუსეთის კოორდინაციით, ევროპულ სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ შეიტანეს 3300-ზე მეტი საჩივარი, თუმცა, საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებისა და სამართლებრივი პოზიციების საფუძველზე 2800-მდე საჩივარი უკვე ამოირიცხა, როგორც აშკარად დაუსაბუთებელი.