Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს მინისტრები იმსჯელებენ რუსეთის საფრთხის შეკავების "მთავარ გეგმაზე"


ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები 21 ოქტომბერს იმსჯელებენ ე.წ. მთავარ გეგმაზე, რომელიც მიმართულია ალიანსის დაცვისკენ რუსეთისგან მომდინარე ნებისმიერი პოტენციური საფრთხისგან, იმ ფონზე, რაც კავშირები დაიძაბა ალიანსში კრემლის წარმომადგენლებისთვის აკრედიტაციის ჩამორთმევის შედეგად.

საკუთრივ ეს უთანხმოება არ შედის ბრიუსელში დანიშნული ორდღიანი შეხვედრის დღის წესრიგში, თუმცა 30 მოკავშირე ქვეყნის მინისტრები იმსჯელებენ სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის, შეკავების და თავდაცვის საერთო სტრატეგიაზე, ახალ ტექნოლოგიებში ინვესტიციების ჩადებაზე, და ავღანეთში მიღებული გამოცდილების გააზრებასა თუ შეფასებაზე.

როგორც ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, მინისტრები განიხილავენ კოლექტიური თავდაცვის გაძლიერებას და წევრი ქვეყნების ტერიტორიების დაცვის საკითხს. "მოკავშირეები მეტ ინვესტიციებს ახორციელებენ, მოკავშირეებს შემოაქვთ უფრო დახვეწილი შესაძლებლობები და, რაც ასევე მნიშვნელოვანია, ჩვენ ვაძლიერებთ მუშაობას ახალ სფეროებშიც, მათ შორის კიბერ-, ჰიბრიდულ და ასევე კოსმოსის სფეროებში", - თქვა მან 20 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე და დასძინა: "ეს ყველაფერი ჩვენი უსაფრთხოებისთვის არის მნიშვნელოვანი. ეს განსხვავდება იმ საფრთხეებისა და გამოწვევებისგან, რომელთა წინაშეც ცივი ომის პერიოდში ვიდექით".

ევროატლანტიკურ სივრცეში შეკავების და თავდაცვის კონცეფცია, რომელსაც "მთავარი გეგმის" სახელით იცნობენ, კონფიდენციალურია, თუმცა სააგენტო როიტერსი ავრცელებს ანონიმურად დატოვებული ოფიციალური პირების და ნატოს დიპლომატების სიტყვებს, რომ ის სცდება უკვე არსებულ, რეგიონულ თავდაცვის გეგმებს და მიზნად ისახავს მზადებას ბალტიის ზღვისა და შავი ზღვის რეგიონებზე შესაძლო ერთობლივი თავდასხმისთვის. ახალი გეგმის საჭიროებას იწვევს ის გარემოება, რომ რუსეთი ავითარებს იარაღის მაღალტექნოლოგიურ სისტემებს და იარაღს და სამხედრო კონტინგენტს განათავსებს ნატოს წევრი ქვეყნების საზღვრების სიახლოვეს, - ამბობენ ოფიციალური პირები.

რუსეთი უარყოფს მტრული მიზნების ქონას და ამბობს, რომ ევროპის სტაბილურობას ნატო უქმნის საფრთხეს, ამგვარი მზადების გზით.

XS
SM
MD
LG