საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოყვანის საქმეზე კიდევ ერთი პირი, ტრაილერის მძღოლი გიორგი ნარიმანიძე დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, დაკავებულია 1989 წელს დაბადებული მოქალაქე. მასაც, ისევე როგორც მანამდე დაკავებულ სამ პირს, გამოძიება "მძიმე დანაშაულის დაფარვას" ედავება. მასაც 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
მეოთხე დაკავებულის შესახებ სხვა ინფორმაცია უცნობია.
ამ საქმეზე ამ დრომდე დაკავებული იყო სამი ადამიანი. კერძოდ:
- მამა-შვილი ზურაბ და შალვა წოწორიები, ფოთის პორტის რიგითი მუშები. გამოძიების მტკიცებით, 2021 წლის 29 სექტემბერს, მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის შემდგომ, „ბრალდებულებმა საკუთარი ავტომანქანით უზრუნველყვეს მისი ტრანსპორტირება და დანიშნულების ადგილას - სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში მიიყვანეს“.
- ელგუჯა ცომაია, რომელიც სატვირთოს მძღოლია. მას გამოძიება ედავება დანაშაულის დაფარვას, თუმცა მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ ის დაეხმარა სააკაშვილს ტრანსპორტირებაში. მის ბრალს ამ ეტაპზე, მოტივად უდევს არა მიხეილ სააკაშვილის სატვირთო ავტომობილით ტრანსპორტირება, არამედ საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის საკუთარი ბინის დათმობა.
შსს საქართველოს საზღვრის უკანონო გადაკვეთის, ორგანიზებული ჯგუფის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანისა და მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვის მუხლებით აგრძელებს გამოძიებას. ამ საქმეზე დანაშაული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 344-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 375-ე მუხლის მე-2 ნაწილით არის გათვალისწინებული.
საქართველოში დაბრუნებული სააკაშვილი პოლიციამ 1 ოქტომბერს დააკავა. როგორც ადვოკატები ამბობენ, ის ამ დროიდან შიმშილობს და მისი მდგომარეობა მძიმდება. ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ამბობენ, რომ სააკაშვილი არ შიმშილობს.
მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება.