Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქუთაისის მერობის კანდიდატი „მთავარ არხს“ სასამართლოში უჩივის


ქუთაისის მერობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ იოსებ ხახალეიშვილი სასამართლოში უჩივის ტელეკომპანია „მთავარ არხს“, მის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას და ჟურნალისტ ეკა გაგუას.

ქუთაისში დღეს გამართულ ბრიფინგზე მმართველი პარტიის მერობის კანდიდატმა სარჩელის საფუძვლად დაასახელა „მთავარი არხის“ ეთერში გასული სიუჟეტი, რომელშიც სუს-ის აგენტად იყო მოხსენიებული. ხახალეიშვილმა ამას ტყუილი და ცილისწამება უწოდა:

„სარჩელი შემაქვს პატივისა და ღირსების შემლახავი ინფორმაციის გავრცელებისთვის. ვიბრძოლებ ყველა დონის სასამართლო ინსტანციაში, რომ საქართველოში საბოლოოდ დასრულდეს წარსულის ეს ერთხელ უკვე უარყოფილი ტრადიცია - ცილისმწამებლური მითების შეთხზვა განსხვავებული პოლიტიკური გემოვნებისთვის".

იოსებ ხახალეიშვილი მოითხოვს, რომ „მთავარმა არხმა“ გავრცელებული ინფორმაცია საჯაროდ უარყოს და მორალური ზიანის ასანაზღაურებლად მოპასუხეებს დაეკსიროთ საერთო ჯამში, 55 555 ლარის გადახდა. როგორც ხახალეიშვილი ამბობს, სასამართლო დავის მოგების შემთხვევაში, თანხა გადაირიცხება საქველმოქმედო ფონდ „ქუთაისში“.

"მთავარი არხი" მის საწინააღმდეგო სარჩელს ჯერჯერობით არ გამოხმაურებია.

30 ოქტომბერს ქუთაისში მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება „ქართული ოცნების“ კანდიდატ იოსებ ხახალეიშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ ხატია დეკანოიძის მონაწილეობით. 2 ოქტომბერს, პირველ ტურში ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო გასამარჯვებლად საჭირო, ხმების 50%-ზე მეტი.

XS
SM
MD
LG