Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი კობახიძე: 18 წელია ამ ქვეყანას ხელს უშლიან "ნაციონალები"


პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ სრული მობილიზაცია სჭირდებათ 30 ოქტომბერს, ოცივე მუნიციპალიტეტში არჩევნების მეორე ტურში გასამარჯვებლად. ამის შესახებ კობახიძემ ჟურნალისტებს უთხრა ბათუმში, „ქართული ოცნების“ წევრებსა და მხარდამჭერებთან დღევანდელი შეხვედრის შემდეგ.

ტელეკომპანიების, „ფორმულას“ და „TV პირველის“ კორესპონდენტების შეკითხვებს, გაქრა თუ არა რადარებიდან „ნაციონალური მოძრაობა“ და რატომ ვერ დაასრულეს „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც ამას „ქართული ოცნება“ აცხადებდა, ირაკლი კობახიძემ უპასუხა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ საბოლოოდ დასრულებისთვის საჭიროა 30 ოქტომბერს ამომრჩევლის სრული მობილიზაცია.

„ჩვენ უკვე მოვიგეთ 64-დან 44 მუნიციპალიტეტში არჩევნები, 20-ში დაგვრჩა მოსაგები. როგორც კი მოვიგებთ და დასრულდება არჩევნების მეორე ტურიც, ვიღებთ რა მოცემულობას? - რომ მოვიგეთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები სრულად, ასევე, მოგებული გვექნება ეს მათ მიერ გამოცხადებული ე.წ. რეფერენდუმი - ეს მეორე, მათი ბელადი არის ციხეში - ეს მესამე. შესაბამისად, ყველანაირი წინაპირობა იქმნება იმისათვის, რომ შემდეგი სამი წლის განმავლობაში ქვეყანა სრულიად მშვიდად განვითარდეს. ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის განვითარება, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება და ამას სჭირდება სიმშვიდე, მშვიდობა, სტაბილურობა“.

ჟურნალისტების შეკითხვას, 9 წლის განმავლობაში „ქართულ ოცნებას“ ქვეყნის განვითარებაში ხელს „ნაციონალური მოძაობა“ უშლის? - ირაკლი კობახიძემ უპასუხა: „არა, 18 წელია ამ ქვეყანას უშლიან ხელს ნაციონალები“. როგორც პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ამბობს, „ნაციონალური მოძრაობის“ დამთავრება არის „ძალიან მნიშვნელოვანი თემა ქართული დემოკრატიისთვის“.

კობახიძის განცხადებითვე, „ნაციონალური მოძრაობა“ დღემდე ინარჩუნებდა საკუთარ თავს და ამის საშუალებას აძლევდა სხვადასხვა ფაქტორი, მათ შორის ის, რომ „სააკაშვილი წარმართავდა პროცესებს თავისი მოპარული ფულით კიევიდან“. ირაკლი კობახიძის თანახმად, მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ დღეს მიხეილ სააკაშვილი ციხეშია:

„და მეორე იყო ყოველ წელს პოლარიზებული არჩევნები. როგორც კი რაღაცა პროცესები მიდიოდა სწორი მიმართულებით, წამოყოფდა ხოლმე არჩევნების წყალობით, ისევ თავს ნაცმოძრაობა. ეხლა მათი ბელადი ციხეშია, სამი წელი არ იქნება არჩევნები. შესაბამისად, ეხლა ჩვენ გვაქვს უნიკალური შანსი, რომ საბოლოოდ დავამთავროთ ნაცმოძრაობა. ამისათვის საჭიროა 30 ოქტომბერს სრული მობილიზაცია ოცივე მუნიციპალიტეტში იმისათვის, რომ საბოლოოდ მოვიპოვოთ გამარჯვება და ეს გახდება საწინდარი იმისათვის, რომ სრულად განეიტრალდეს ეს პოლიტიკური ძალა, რომელიც მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებს ქართულ პოლიტიკაში”.

რაც შეეხება იმას, რომ ზოგიერთი მუნიციპალიტეტის საკრებულოში "ქართულმა ოცნებამ" ვერ მოიპოვა გადაწყვეტილებების ერთპიროვნულად მიღებისთვის საჭირო უმრავლესობა, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საბოლოო ჯამში, მოახერხებენ ყველა საკრებულოში სტაბილური უმრავლესობის შექმნას. ჟურნალისტების შეკითხვას, უნდა ელოდოს, თუ არა მაგალითად, ბათუმი ვადამდელ არჩევნებს, რადგან ქალაქის საკრებულოში სამი სხვადასხვა ოპოზიციური პარტიიდან არჩეული წევრების საერთო რაოდენობა "ქართული ოცნების" წევრთა რაოდენობაზე მეტია, ამან კი შესაძლოა, პრობლემა შექმნას ადგილობრივი ბიუჯეტის მიღებისას, კობახიძემ უპასუხა, რომ ითანამშრომლებენ საკრებულოს ცალკეულ წევრებთან: "და აქედან გამომდინარე, არა გვგონია, რომ რაიმე პრობლემა შეიქმნას ბათუმის საკრებულოში".

"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ცალკეული წევრები არ დააკონკრეტა და მხოლოდ ის თქვა, რომ საზოგადოება ამას მოგვიანებით გაიგებს. ბათუმის საკრებულოში "ქართული ოცნების" და "ნაციონალური მოძრაობის" გარდა, წევრები ეყოლებათ პარტიებს "გახარია-საქართველოსთვის" და "ლელოს".

2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების შედეგებით, საქართველოს მასშტაბით, პროპორციულ ნაწილში „ქართულ ოცნებას“ ხმა მისცა 46%-ზე მეტმა, ხოლო „ნაციონალურ მოძრაობას“ 30%-ზე მეტმა. ამასთან, ზოგიერთი მუნიციპალიტეტის საკრებულოში უმრავლესობის მოპოვება ვერ შეძლო რომელიმე ერთმა პარტიამ. ასეთ საკრებულოებში გადაწყვეტილებების მიღება დამოკიდებული იქნება პარტიის "გახარია-საქართველოსთვის" წევრების ხმებზე. ეს პარტია თვითმმართველობის არჩევნების პროპორციულ ნაწილში მიღებული ხმებით, თითქმის 8%-ით მესამე ადგილზე გავიდა.

30 ოქტომბერს, 64-დან 20 მუნიციპალიტეტში ჩატარდება მერის არჩევნების მეორე ტური. მუნიციპალიტეტების უმრავლესობაში, მათ შორის ხუთივე თვითმმართველ ქალაქში - თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ფოთსა და რუსთავში მერის არჩევნების მეორე ტურში გავიდნენ „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები.

XS
SM
MD
LG