Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დამნაშავე, თუ პოლიტპატიმარი - ვინ არის მიხეილ სააკაშვილი?


ნელსონ მანდელა, ანდრეი სახაროვი, ვაცლავ ჰაველი, ალექსეი ნავალნი… მიხეილ სააკაშვილი? არის თუ არა საქართველოს მესამე პრეზიდენტი პოლიტპატიმარი? პოლიტიკური ელფერის მიუხედავადაც, უფლებადამცველებს უჭირთ, გადაჭრით თქვან კი, ან არა.

თუმცა, ასეთი მხოლოდ სააკაშვილის შემთხვევა როდია - ხელისუფლებები და უფლებადამცველები ნახევარ საუკუნეზე მეტია ვერ თანხმდებიან იმაზე, თუ ვინ არის „პოლიტპატიმარი”.

“დავიწყებული პატიმრები”

1960 წლის 19 ნოემბრის დილა ლონდონელი იურისტისთვის, პიტერ ბენსონისთვის თითქოს არაფრით იყო გამორჩეული - მეტროთი მგზავრობისას გაზეთს კითხულობდა. მოულოდნელად, მისი ყურადღება მიიპყრო პატარა ნარკვევმა - პორტუგალიაში ანტონიო სალაზარის ხელისუფლებას ორი სტუდენტი დაეპატიმრებინა. დიქტატორს არ მოეწონა, რომ ახალგაზრდებმა რესტორანში „თავისუფლების სადღეგრძელო” დალიეს.

რამდენიმე თვეში ბენსონი London Observer-ში გამოაქვეყნებს სტატიას - „დავიწყებული პატიმრები” და მკითხველს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში გასამართლებული დისიდენტების შესახებ უამბობს. ყველას, ვინც დაპატიმრებულია საკუთარი შეხედულებებისთვის, იგი „სინდისის პატიმარს” უწოდებს.

დღეს „პოლიტიკური პატიმარი” და „სინდისის პატიმარი” თითქმის ერთი და იგივეა. ერთ-ერთი მთავარი განსხვავება ისაა, რომ თუკი იძალადეთ, ან სხვას მოუწოდეთ ძალადობისკენ, „სინდისის პატიმრის” სტატუსს ვერ მოიპოვებთ.

61 წლის წინ ბენსონის სტატიამ მხოლოდ ტერმინების შექმნას არ ჩაუყარა საფუძველი. მისი ძალისხმევით მალევე შეიქმნა საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია, Amnesty International-ი, რომლის მიზანია „გაათავისუფლონ ისინი, ვინც უსამართლოდაა დაპატიმრებული მშვიდობიანი გამოხატვისა და ხელისუფლებების კრიტიკისთვის”. ორგანიზაციის პირველი თავმჯდომარე პიტერ ბენსონი გახდა.

ქართულ ციხეებში მოხვედრილებს შორის, რაც ხელისუფლება შეიცვალა, არც PACE-ს, არც „ამნესტის“ და არც სხვა საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს პოლიტპატიმრად ჯერ არავინ მოუხსენებიათ. იმისდა მიუხედავად, რომ ევროპელ და ამერიკელ დიპლომატებს არაერთხელ უთქვამთ - საქართველოში არიან პოლიტიკური აქტივობების გამო დაკავებული და გასამართლებული პატიმრები (იგულისხმებოდნენ გიგი უგულავა, გიორგი რურუა, ნიკა მელია).

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ იურისტის, გურამ იმნაძის თქმით, ქართველი მსჯავრდებულები „ვერ აკმაყოფილებენ” „ამნესტის” კრიტერიუმებს. ორგანიზაციის შეფასებით, პოლიტპატიმრები ძირითადად არიან „სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკური დისიდენტები, რომელთაც ცალსახად დანაშაული არ ჩაუდენიათ. ან მათი დანაშაული უბრალოდ იყო პასუხი სამართალდამცავების ან სახელმწიფოს უკანონო ქმედებაზე”, - განმარტავს იგი.

ნაკლოვანი კრიტერიუმები

უფლებადამცველები კვლავ აცხადებენ, რომ საჭიროა შეთანხმება ერთიან საერთაშორისო სტანდარტზე. ისევე, როგორც არსებობს საყოველთაო შეთანხმება ადამიანის უფლებების შეესახებ. 2021 წლისთვის, „ამნესტი“ „სინდისის პატიმრად” 170-ზე მეტ ადამიანს აღიარებს. მათგან 33-ს რუსეთში, 21-ს საუდის არაბეთში, 10-ს ბელარუსში, 9-ს კი აზერბაიჯანში.

უკრაინელ უფლებადამცველს, ვლადიმირ იავორსკის მიაჩნია, რომ სინამდვილეში მსოფლიოში დღეს გაცილებით მეტი პოლიტპატიმარია. იავორსკი 2002-2014 წლებში უკრაინის ჰელსინკის კავშირის თავმჯდომარე იყო, სადაც 27 ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაციაა გაერთიანებული. 2013 წელს მან იმუშავა პოლიტპატიმრად აღიარების საერთო კრიტერიუმების სახელმძღვანელოზე, პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის.

იავორსკი ირწმუნება, რომ პოლიტპატიმრად აღიარების კრიტერიუმები დასახვეწია. მთლიანი კონტექსტის განხილვას ხშირად ბევრი დრო მიაქვს. სასამართლო სულ მიკერძოებული რომ იყოს, საქმის პოლიტიკური მოტივის დამტკიცება მაინც (ყოველთვის) ვერ ხერხდება.

„ადამიანის პოლიტიკურ პატიმრად აღიარება პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტია. ამის გათვალისწინებით, საერთაშორისო ინსტიტუტებს, მაგალითად, ევროსაბჭოს, აქვთ ძალიან ვიწრო გაგება იმისა, თუ ვის ეწოდება “პოლიტიკური პატიმარი“, - ეუბნება ვლადიმირ იავორსკი რადიო თავისუფლებას, - ბუნდოვანება და გაურკვევლობა რეჟიმებს საქმეს უმარტივებს. დაკავებულ ადამიანს არ უნდა უწევდეს იმის მტკიცება, რომ პოლიტპატიმარია. პირიქით - სახელმწიფო უნდა იყოს ვალდებული, დაამტკიცოს საპირისპირო”, - ამბობს იგი.

საქართველოს ხელისუფლება ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობას უარყოფს. სამაგიეროდ 2012 წლის 5 დეკემბერს პარლამენტმა პოლიტპატიმრად ცნო „ნაციონალური მოძრაობის” პირობებში გასამართლებული 190, ხოლო პოლიტდევნილად - 25 ადამიანი. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ წინა ხელისუფლების გადაცდომებზე არაერთხელ მიუთითა, მაგრამ პოლიტპატიმარი იურიდიული ტერმინი არაა, ამიტომ ამ გადაწყვეტილებამ ბევრი გააკვირვა.

„პოლიტპატიმარი უფრო პოლიტიკური სტატუსია და 2012-ში პარლამენტის გადაწყვეტილებაც იყო პოლიტიკური აქტი”, - ამბობს გურამ იმნაძე.

“სინდისის პატიმრები”

მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სამხრეთ აფრიკის ყოფილი პრეზიდენტი ნელსონ მანდელა იყო. იგი 1962 წელს, დისიდენტობის გამო დააკავეს და ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. სასამართლო მას გაფიცვების მოწყობასა და საბუთების გარეშე მოგზაურობას ედავებოდა. მალევე „ამნესტიმ” მანდელას „სინდისის პატიმრის” სტატუსი მიანიჭა, მაგრამ ორ წელიწადში ჩამოართვა - მას შემდეგ, რაც აპარტეიდის მომწყობმა ხელისუფლებამ იგი სამხედრო გადატრიალების ორგანიზებაში ამხილა.

პიტერ ბენსონმა მაშინ განაცხადა: „ჩვენ ვაღიარებთ… რომ იქ, სადაც ხელისუფლებები აბუჩად იგდებენ კანონის უზენაესობას და შეუვალნი არიან მშვიდობიანი შეხედულებების მიმართ, მათ... ვისაც ადამიანის უფლებებზე უარი ეთქვათ, შეიძლება იგრძნონ, რომ თავისუფლებისკენ ერთადერთი გზა რჩებათ - ძალადობა”. თუმცა იქვე დაამატა, რომ მათთვის „სინდისის პატიმარი ვერ იქნება ის, ვინც ძალადობას მიმართავს, ან სხვებს მოუხმობს ძალადობისკენ”.

2021 წლის თებერვალში ორგანიზაციამ ეს წოდება (მინიჭებიდან რამდენიმე დღეში) ჩამოართვა რუს ოპოზიციონერს, ალექსეი ნავალნის, რომელიც 17 იანვარს, სამშობლოში დაბრუნებისთანავე დააკავეს. „ამნესტის” განმარტებით, ამ გადაწყვეტილების მოტივი გახდა მისი ძველი განცხადებები, რომელმაც „სიძულვილის ადვოკატირებას შეუწყო ხელი”.

თუმცა, საქმის გადახედვის შემდეგ, 2021 წლის 7 მაისს, ორგანიზაციამ ნავალნის „სინდისის პატიმრის” წოდება დაუბრუნა.

„რუსეთის ხელისუფლებამ და მისმა მხარდამჭერებმა გამოიყენეს ეს შიდა გადაწყვეტილება… ნავალნის უფლებების კიდევ უფრო დასარღვევად, - ეწერა „ამნესტის” განცხადებაში, - შედეგად, „ამნესტიმ“ გადახედა თავის მიდგომას სინდისის პატიმრის სტატუსის მინიჭების თაობაზე. პირველი ნაბიჯი გახდა ის, რომ ორგანიზაციამ გადაწყვიტა, აღარ გაუუქმოს სტატუსი ადამიანის მიერ მხოლოდ წარსულში ჩადენილ ქმედებებზე დაყრდნობით”.

თან დამნაშავე, თან პოლიტიკური პატიმარი?

არის თუ არა მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარი? გურამ იმნაძეს არ აქვს ცალსახა პასუხი. მისი თქმით, ერთი მხრივ, სისტემური დანაშაულები „ნაციონალური მოძრაობის” დროს (მაგალითად, წამება და არაადამიანური მოპყრობა) საკმარისი საბაბია იმისთვის, რომ მართლმსაჯულებას ჰქონდეს კითხვები წინა ხელისუფლებასთან... თუმცა, მეორე მხრივ, იგი არც სასამართლოს ენდობა. დარწმუნებულია - მოსამართლეები კვლავ პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებენ. შესაბამისად, არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტის და სხვა ყოფილი თანამდებობის პირების დაკავების მიზანია არა მართლმსაჯულება, არამედ პოლიტიკური ანგარიშსწორება.

თანაც „ყოფილი პრეზიდენტის საქმეზე საუბრობენ არა პროკურორები, სამართალდამცავი ორგანოები ან მოსამართლეები, არამედ პოლიტიკოსები, ხელისუფლების წარმომადგენლები, საუბრობენ არა ისე, რომ სამართლებრივ ტერმინოლოგიაში შედიან, არამედ ისევ პოლიტიკური შეფასებებით”, - ამბობს გურამ იმნაძე.

„სააკაშვილი ან უნდა დაგვეჭირა, ან წასულიყო პოლიტიკიდან. ეს კაცი პოლიტიკიდან არ მიდის, ბოდიშს არ იხდის, არ ითხოვს შეწყალებას. მადლობა მიშას, რომ ჩამოვიდა თავისი ფეხით და თავისი ნებით საქართველოში“, - თქვა 3 ოქტომბერს ირაკლი ღარიბაშვილმა. პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კი, მესამე პრეზიდენტის დაკავება შეაფასა როგორც „იმ საქმის დაგვირგვინება, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა 10 წლის წინ დაიწყო”.

„ხელისუფლების წარმომადგენლები ადამიანს თუ აკავებენ, და შემდეგ ამ დაკავებით ამაყობენ, ეს უკვე სერიოზულ ეჭვებს აჩენს”, - ამბობს ვლადიმირ იავორსკი.

მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს დააკავეს. იგი 6-წლიან სასჯელს იხდის დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის საქმეებზე დაუსწრებლად გამოტანილი განაჩენით. პირველ შემთხვევაში იგი სასამართლოს სამივე ინსტანციამ გაამტყუნა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ეს საქმე განხილვაში მიიღო.

ვლადიმირ იავორსკის თქმით, მის გადაწყვეტილებაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. თუკი ევროსასამართლო დაინახავს ხარვეზებს ქართულ მართლმსაჯულებაში და გადაწყვეტს, რომ სააკაშვილის უფლებები დაირღვა, მაშინ ხელისუფლების განცხადებების გათვალისწინებით, საქმის პოლიტიკურ მოტივზე შეიძლება უკვე საერთაშორისო ორგანიზაციებიც ალაპარაკდნენ.

***

მესამე პრეზიდენტს ასევე ბრალად ედება 7 ნოემბერს მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევა, „ტელეიმედში” შეჭრის სანქცირება და ბადრი პატარკაციშვილის ქონების უკანონოდ დაუფლება. ქართული მართლმსაჯულება მას ასევე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი თითქმის 9 მილიონი ლარის გაფლანგვაშიც ადანაშაულებს. დაკავებისთანავე, მიხეილ სააკაშვილმა უვადო შიმშილობა გამოაცხადა.

  • 16x9 Image

    სანდრო გვინდაძე

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2021 წლიდან. მუშაობს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების და მიგრაციის თემაზე. ასევე აშუქებს გარემოსდაცვით საკითხებს.

XS
SM
MD
LG