რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეხვდა მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი. როგორც ის აღწერს, შეხვედრის ოთახში მათ მინა ჰყოფდა. ეპისკოპოსის თქმით, მათ დრო არ ეყოთ საერთო-სახალხო შერიგების საკითხზე საუბრისთვის.
„შუშა გვყოფდა ერთმანეთისგან და ფაქტობრივად ისე სწრაფად გადის დრო იქ, რომ ამ თემებზეც ვერ მოვასწარით საუბარი“, - აღნიშნა მან.
როგორც ეპარქიის ხელმძღვანელი ამბობს, მან მოიკითხა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა.
„ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, რომ ვკითხე, არ მიპასუხა. ვუთხარი და ვურჩიე, რომ ხომ არ არის უკვე იმის დრო, რომ მის შიმშილობაში შეიტანოს რაღაც კორექტივები, მის კვებასთან დაკავშირებით და მან უარი განაცხადა და თქვა, რომ გააგრძელებს შიმშილობას. პირდაპირ გეტყვით, რაღაც ფერი არ მომეწონა. გასაგებია, ამდენი ხანია ის შიმშილობს“, - ამბობს ის.
მელქისედეკს მიაჩნია, რომ სააკაშვილთან უნდა შევიდეს მკურნალი ექიმი. „მე მინდა ვთხოვო ყველას, ვისაც ხელეწიფება, რომ მისი მკურნალი ექიმი შევიდეს, ძალიან კარგი იქნება“.
ეპისკოპოსი აცხადებს, რომ სააკაშვილი მადლობას უხდის საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან მისი ჯანმრთელობით და საერთოდ მისი მდგომარეობით. „ის მადლობელია გუშინდელი დღის აქციასთან დაკავშირებით“, - დაამატა მან.
14 ოქტომბერს, თბილისში, თავისუფლების მოედანზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა.
მიხეილ სააკაშვილი მეცამეტე დღეა შიმშილობს რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებაში. ის 1 ოქტომბერს დააკავეს.
მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია. მას სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება.