პარლამენტის წევრი ანა წითლიძე, რომელიც სამეგრელოდან თბილისში მიმავალი კოლონის ერთ-ერთ ავტომანქანაში იმყოფება, იუწყება, რომ სამტრედიასთან მათ საპროტესტო აქცია მოუწყვეს „ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა და თბილისში მიმავალ აქციის მონაწილეებს შეურაცხყოფას აყენებენ.
მისი ინფორმაციით, სამტრედიაში დაახლოებით 40 ადამიანია შეკრებილი, რომლებსაც ხელში ცოცხები უჭირავთ. ანა წითლიძის თქმით, მათ შორის არიან ზუგდიდის საკრებულოს წევრები თაზო ფაცაცია, ედიტა კოდუა და ზაზა პროკოპენკო.
„იქნება 40 ადამიანი, აქვთ ცოცხები. იგინებიან. აგინებენ ჩვენს "მარშუტკებს" და პოლიცია ისე დგას”, - ამბობს ანა წითლიძე.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით დაგეგმილ აქციაში მონაწილეობის მისაღებად „ერთიანი ნაციონალური” მოძრაობის წევრები და მხარდამჭერები სამეგრელოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან თბილისის მიმართულებით ავტომობილებით დაახლოებით 1 საათის წინ დაიძრნენ.
14 ოქტომბერს თბილისში, თავისუფლების მოედანზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ოპოზიციის ნაწილი და ამ მოთხოვნის მხარდამჭერი ადამიანები შეიკრიბებიან. აქციის ორგანიზატორი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელიაა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი პირველ ოქტომბერს, თბილისში დააკავეს. დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე, მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუკზე დაწერა, რომ ის საქართველოშია და მალევე ამის დასადასტურებლად ვიდეოებიც გამოაქვეყნა.
პირველ ოქტომბერს, დღის პირველ ნახევარში, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო, ისე ხელისუფლების წარმომადგენლები დაჟინებით იმეორებდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილს არ გადმოუკვეთავს საქართველოს საზღვარი და არ დაუტოვებია უკრაინის ტერიტორია.
საღამოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო ბრიფინგზე კი ცნობილი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილი თბილისში დააკავეს.
მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება.
რაც შეეხება საქმეებს, რომლებშიც მიხეილ სააკაშვილი არის ბრალდებული, პროკურატურის განცხადებით, ეს არის „ტელეიმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი - 8 მილიონ ლარზე მეტის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტები. ამ საქმეებზე მიმდინარეობს განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში.
მიხეილ სააკაშვილი მეცამეტე დღეა შიმშილობს რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებაში.