მამაკაცს ბრალი ედებოდა ჩხუბისას თავისი მეზობლის დაბრმავებაში. მსგავს საქმეებში ასეთი განაჩენი იშვიათია, რადგან დაზარალებული, ჩვეულებრივ, კომპენსაციას თანხმდება, მაგრამ ამ შემთხვევაში, დაზარალებულმა მოითხოვა პირდაპირი გაგებით „თვალი თვალის წილ“.
სასამართლოს იშვიათი დადგენილების საფუძველზე, ირანელ კაცს - რომელმაც თავისი მეზობელი 2018 წელს, ჩხუბისას, დააბრმავა - დაბრმავება მიესაჯა ისლამური კანონის - „თვალი თვალის წილ“ - საფუძველზე.
დაბრმავების განაჩენი იშვიათად გამოტანილა ირანში, სადაც ეს ისლამური კანონი 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ აღადგინეს.
ბევრ შემთხვევაში, მსხვერპლი არ ითხოვს ასე დასჯას და დამნაშავეს ფინანსურ კომპენსაციაზე, ან ე.წ. სისხლის ფულზე უთანხმდება.
მაგრამ 40 წლის თეირანელმა კაცმა, რომელიც მისმა მეზობელმა დანით დააბრმავა, სამაგიეროს მიზღვის კანონის აღსრულება პირდაპირი გაგებით მოითხოვა.
ისლამური კანონი მისდევს ცნებას "თვალი თვალის წილ". გადამწყვეტი სიტყვა დაზარალებულს ან მის ოჯახს ეკუთვნის და მათ შეუძლიათ შეაჩერონ სასჯელი.
ისლამური კანონის მიხედვით, ფიზიკური სასჯელის გამოყენება, რომელიც მოიცავს გაროზგვას, ამპუტაციებს და დაბრმავებას, დავის საგანია ირანში, სადაც ბევრი ადამიანი აკრიტიკებს მსგავს ზომებს, როგორც არაჰუმანურს და სასტიკს.
უფლებადამცველი ჯგუფები აცხადებენ, რომ მსგავსი სასჯელი არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს და მსჯავრდებულთა მიმართ წამებასა და სასტიკ მოპყრობას უტოლდება.
"ბევრი ტანჯვა გამოვიარე"
დაბრმავების შესახებ ეს დადგენილება თეირანში ირანული მედიის მიერ გავრცელდა 9 ოქტომბერს. უცნობია, თვითონ სასამართლომ როდის მიიღო გადაწყვეტილება.
დამნაშავემ, რომლის ვინაობაც არ სახელდება, განაცხადა, რომ როცა მეზობელს დანით დაესხა თავს, მისი დაბრმავების განზრახვა არ ჰქონია.
მაგრამ დაზარალებულმა თქვა, რომ ის არ იყო მზად შენდობისთვის და ფინანსურ კომპენსაციას არ დათანხმდებოდა.
„მე ბევრი ტანჯვა გამოვიარე ამ ოთხი წლის განმავლობაში და არ ვაპირებ პატიებას“, - მამაკაცის ეს სიტყვები ირანის ყოველდღიურმა სამთავრობო გამოცემამ გაავრცელა.
კანონი სამაგიეროს მიზღვის შესახებ საშუალებას აძლევს დაზარალებულსა და მის ოჯახს, მკვლელობის ან სხეულის ფიზიკური დაზიანების სანაცვლოდ, სამაგიეროს მიგება მოითხოვონ. სასჯელი ასეთ შემთხვევებში დანაშაულის თანაზომიერი უნდა იყოს.
ირანის კანონის მიხედვით, ბრალდებულს 20 დღე აქვს თავისი განაჩენის გასაჩივრებისთვის.
"სრული სისასტიკე"
წარსულში დაზარალებულები თანხმდებოდნენ თავიანთი თავდამსხმელების შეწყალებაზე კომპენსაციის სანაცვლოდ. ბრალდებულ თავდამსხმელს დამატებით საპატიმრო სასჯელი ემუქრებოდა.
2011 წლის საქმეში, რომელმაც მედიის ფართო ყურადღება მიიპყრო, სასამართლომ განკარგა, თვალებში მჟავა შეესხათ მამაკაცისთვის, რომელმაც ქალი დააბრმავა და მძიმედ დაასახიჩრა.
განაჩენი არ აღსრულებულა, რადგან დაზარალებულმა, ამენეჰ ბაჰრამიმ, რომელიც თავიდან მხარს უჭერდა სასჯელს და სურვილი გამოთქვა, თავად აღესრულებინა ის, შეუნდო თავის თავდამსხმელს. სანაცვლოდ, მან კომპენსაცია მოითხოვა სამედიცინო ხარჯების დასაფარად.
„ყურანი გაძლევს სამაგიეროს მიზღვის უფლებას, - უთხრა ბაჰრამიმ რადიო თავისუფლების ირანულ სამსახურ „ფარდას“, - მაგრამ იგივე ყურანი ასევე მოგიწოდებს შენდობისკენ, რადგან პატიება არის ერთ-ერთი უმაღლესი მორალური ნორმა“.
ითვლება, რომ ირანში დაბრმავების მხოლოდ ორი განაჩენი გამოიტანეს 1979 წლის შემდეგ.
ყოველდღიური გამოცემის, Hamshahri-ის თანახმად, რომელსაც The Guardian-ი ეყრდნობა, 2015 წლის მარტში, კაცს, რომელიც ბრალდებული იყო მეორე კაცის დაბრმავებაში მჟავას თვალებში შესხმით, ექიმებმა მარცხენა თვალი ამოუღეს.
გამოცემის თანახმად, მამაკაცმა ამ პროცედურისას გონება დაკარგა.
აქტივისტები თვლიან, რომ ექიმების იძულება - აღასრულონ მსგავსი სასჯელი - არღვევს სამედიცინო ეთიკურ კოდექსს.
წარსულში, ირანის ოფიციალური პირები აღიარებდნენ, რომ ძნელი იყო ისეთი მედიკოსების მოძებნა, რომლებიც მზად იქნებოდნენ აღესრულებინათ მსგავსი სასჯელი.
Amnesty International-მა საქვეყნოდ გააკრიტიკა ეს სასჯელი და განაცხადა, რომ მან გამოააშკარავა „ირანის სასამართლო სისტემის სრული სისასტიკე, რაც ხაზს უსვამს ირანის ხელისუფლების მიერ ელემენტარული ადამიანურობის შოკისმომგვრელ უგულებელყოფას“.
„სამაგიეროს გადახდის შემცველი სასტიკი და არაადამიანური სასჯელის აღსრულება სამართალი არ არის“, აცხადებს უფლებადამცველი ჯგუფი.
2016 წლის ნოემბერში, კიდევ ერთ კაცს - რომელიც ოთხი წლის გოგონას დაესხა თავს კირით, პოტენციურად მომწამლავი ნივთიერებით, და თვალის ჩინი დააკარგვინა მას, - ორივე თვალი დაუბრმავეს.
ირანის მედიის მიხედვით, განაჩენი სისრულეში სასამართლოს ოფიციალური წარმომადგენლისა და „შესაბამისი სპეციალისტების“ თანდასწრებით მოიყვანეს.