საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ სპეციალური ჯგუფი შექმნა, რომელიც საჭიროების შემთხვევაში მზად არის, პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა განიხილოს. ინფორმაცია ამის შესახებ მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ გააჟღერა.
"დღეს გვქონდა შეხვედრა ფართო პროფილის ექსპერტებთან, მათ შორის ნერვოლოგიური, ჰემატოლოგიური, ენდოკრინოლოგიური და კარდიოლოგიური მიმართულებებით. საჭიროების შემთხვევაში და პენიტენციური დაწესებულების ჯანდაცვის მიმართულების, ასევე, თავად მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნის შესაბამისად, ჯანდაცვის სამინისტროს შეუძლია უზრუნველყოს კონსილიუმის ფარგლებში ექსპერტების მობილიზება, ჯგუფური შესწავლა, ბუნებრივია პაციენტის უფლებების და ყველა საკანონმდებლო ჩარჩოს დაცვით", - თქვა თამარ გაბუნიამ.
საჭიროების შემთხვევაში კონსილიუმის წევრები იქნებიან:
- ზურაბ ფაღავა - ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტი კარდიოლოგიის დარგში;
- დავით მეტრეველი - ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტი ენდოკრინოლოგიის დარგში;
- ალექსანდრე ცისკარიძე - ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტი ნევროლოგიის დარგში;
- ნინო შარაშენიძე - ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტი ჰემატოლოგია/ტრანსფუზიოლოგიის დარგში;
- ნიკოლოზ ყიფშიძე - მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი.
როგორც ადვოკატები ამბობენ, სააკაშვილი დაპატიმრების შემდეგ, 1 ოქტომბრიდან შიმშილობს, რის გამოც მისი მდგომარეობა რთულდება.
სააკაშვილის მდგომარეობის შესასწავლად იუსტიციის სამინისტრომ ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს სთხოვა, გამოეყოთ ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფი.
მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულია ორ საქმეზე, ორზე კი ბრალდებულია. ყოფილი პრეზიდენტი დაკავებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს და პროტესტის ნიშნად შიმშილობს.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს და რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს. 1 ოქტომბერს დილიდან, "ქართული ოცნების" ლიდერები და შსს აცხადებდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილს არ დაუტოვებია უკრაინის ტერიტორია და საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს, საღამოს კი, პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე გამოაცხადა, რომ სააკაშვილი დაკავებულია. მოგვიანებით, "ქართული ოცნების" წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ შსს საგანგებოდ არ ავრცელებდა რეალურ ინფორმაციას, რათა ხელი არ შეშლოდა მიხეილ სააკაშვილის დაკავების ოპერაციას.
სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით 10 ოქტომბერს, ტელეკომპანია "მთავარი არხის" ეთერში მისმა პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა, რომ მესამე პრეზიდენტის ჯამრთელობის მდგომარეობა სულ უფრო მძიმდება. ამ საკითხს მეორე დღეს, 11 ოქტომბერს გამოეხმაურა სააკაშვილის ადვოკატი ნიკა გვარამია და თქვა, რომ მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და "სიკვდილს არ აპირებს".